28 დეკემბერს სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ფეისბუკ პოსტი. პოსტის ავტორი შეშფოთებას გამოხატავს 6 წლამდე ბავშვების გეგმურ აცრასთან დაკავშირებით და ასახელებს 26-მდე ნივთიერებას, რომლებსაც, მისი თქმით, ბავშვები ვაქცინაციისას იღებენ.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინისა და აცრების შესახებ მსგავსი დეზინფორმაცია 2020 წელსაც გავრცელდა. აღნიშნულ ინფორმაციაზე სტატია ფრანგულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ AFP Fact Check-მაც მოამზადა.

რეალურად, პოსტში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მასში არასწორადაა მოცემული ზოგიერთი ნივთიერების ვაქცინაში გამოყენებული რაოდენობა, ანუ დოზირება. ასევე, პოსტში მოცემული მტკიცების საპირისპიროდ, სინამდვილეში, ჩამოთვლილი ნივთიერებები მომწამლავი, ფატალური ან კანცეროგენური არაა, იმ შემთხვევაში, თუ ის მცირე დოზით გამოიყენება.

ალუმინი და ალუმინის მარილები

პოსტის ავტორი შეშფოთებას გამოთქვამს „5,700 მკგ(მიკროგრამი) ალუმინის“ ვაქცინაში გამოყენების შესახებ, რომელსაც იგი „ნეიროტოქსინს“ უწოდებს.

ბევრი ვაქცინა შეიცავს ალუმინის მარილებს: ალუმინის ჰიდროქსიდს, ალუმინის ფოსფატსა და კალიუმის სულფატს. ალუმინის მარილები გამოიყენება ადიუვანტების სახით - ნივთიერებების, რომელიც ადამიანის იმუნურ რეაქციას აძლიერებს. [ადიუვანტი – ნივთიერებაა, რომელიც ზრდის ანტიგენის იმუნოგენობას, აძლიერებს ან ახანგრძლივებს სამკურნალო საშუალებების მოქმედებას; ზოგიერთი ადიუვანტი გამოიყენება ვაქცინების დასამზადებლად (ალუმინის ოქსიდის ჰიდრატი და ადრენომიმეტური საშუალებები და სხვა)].

ოქსფორდის უნივერსიტეტის „The Vaccine Knowledge“ პროექტის თანახმად, ალუმინი ყველაზე გავრცელებული ლითონია დედამიწის ქერქში და ადამიანები მას მუდმივად აწყდებიან. ის რეაგირებს სხვა ელემენტებთან და ქმნის ალუმინის მარილებს. მათი მცირე რაოდენობა ბუნებრივად გვხვდება თითქმის ყველანაირ საკვებსა და, მათ შორის, სასმელ წყალშიც, ასევე გვხვდება დედის რძეში. ალუმინის მარილები გამოიყენება, როგორც საკვები დანამატი (მაგალითად, პურსა და ნამცხვრებში). ბავშვები იბადებიან ალუმინის განსაზღვრული, დედისგან მიღებული, რაოდენობით.

კანადის ჯანდაცვის სახელმძღვანელოში - ,,ალუმინი სასმელ წყალში: ტექნიკური სახელმძღვანელო დოკუმენტი კონსულტაციისთვის’’- ნათქვამია, რომ ექვსი თვიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვი ოთხი დღის განმავლობაში იღებს 2 მილიგრამზე მეტ ალუმინს სასმელი წყლის, საკვებისა და ჰაერის ჩვეულებრივი მოხმარების გზით (მათ შორის ნიადაგიდანაც).

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროექტის თანახმად, კი: „ვაქცინაში არსებული ალუმინის რაოდენობა მცირეა - ალუმინის მარილების 2 მილიგრამზე ნაკლები და რეალური ალუმინის ერთ მილიგრამზე ნაკლებია გამოყენებული ვაქცინაში“.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ბევრ ვაქცინაში გამოიყენება ალუმინი. მაგალითად, ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის (TICOVAC), პნევმოკოკური (Prevnar 13, Prevnar 20, VAXNEUVANCE) დაავადებების, პაპილომავირუსისა და სხვა მრავალი დაავადების წინააღმდეგ მოქმედ ვაქცინაში გვხვდება ალუმინის ჰიდროქსიფოსფატის სულფატი, ალუმინის ჰიდროქსიდი, ალუმინის ფოსფატი და ალუმინის სულფატი.

კალიუმის ქლორიდი

პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ვაქცინირებული ბავშვი იღებს „116 მკგ(მიკროგრამი) კალიუმის ქლორიდს (გამოიყენება ლეტალური ინექციისთვის)“.

პროფესორმა ფრანსუა ჩასტმა (Francois Chast), საფრანგეთის ფარმაციის ეროვნული აკადემიის საპატიო პრეზიდენტმა, AFP-ს კალიუმის ქლორიდთან დაკავშირებით განუცხადა: „საშიში რაოდენობა იქნება 1-დან 2 გრამამდე; 116 მკგ(მიკროგრმი) არის 10 000-ჯერ ნაკლები, ვიდრე შესაძლო სასიკვდილო დოზა’’. პროფესორმა ჩასტმა ასევე განმარტა, რომ ლეტალური ინექციები შეჰყავთ ინტრავენურად. ვაქცინები კი არ კეთდება ვენაში.

“VARIVAX’’ არის ვაქცინა, რომელიც გამოიყენება აქტიური იმუნიზაციისთვის, კერძოდ, ვარიცელასგან პროფილაქტიკისთვის. ვაქცინა Varicella (Varivax) Frozen-ში გვხვდება კალიუმის ქლორიდი.

ჟელატინი

პოსტში ასევე ნახსენებია, რომ ბავშვი ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში იღებს „23,250 მკგ(მიკროგრამი) ჟელატინს (დაფქული ცხოველის გვამი)“.

ღორისგან მიღებული ჟელატინი გამოიყენება იმ ვაქცინებში, რომლებიც ცოცხალ ვირუსს შეიცავს. ჟელატინის მთავარი ფუნქციაა, რომ იმოქმედოს, როგორც სტაბილიზატორმა, რომელიც დაიცავს ვაქცინაში არსებულ ცოცხალ ვირუსს გარემო ტემპერატურისგან. ვაქცინაში შემავალი ჟელატინი სუფთაა და ჰიდროლიზირებულია (წყლით იშლება), ამიტომ იგი განსხვავდება საკვებში გამოყენებული ბუნებრივი ჟელატინისაგან. მისი ვაქცინაში გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.

ბრიტანეთში სეზონური გრიპების წინააღმდეგ არსებულ ვაქცინებში გვხვდება ჟელატინი.

სორბიტოლი

პოსტში ნათქვამია, რომ დაუშვებელია „32000 მკგ(მიკროგრამი) სორბიტოლის“ მიღება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის თანახმად, სორბიტოლი ბუნებრივად იწარმოება ადამიანის ორგანიზმში და ასევე გვხვდება ხილსა და კენკრაში. მას ჩვეულებრივ იყენებენ როგორც დამატკბობელს საკვებსა და სასმელში. ვაქცინაში გამოიყენება მცირე რაოდენობით, როგორც სტაბილიზატორი. სორბიტოლი ჩვეულებრივ უვნებელია, მაგრამ სორბიტოლზე ალერგიის მქონე ადამიანებმა ან ფრუქტოზას შეუწყნარებლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით დაავადებულებმა არ უნდა მიიღონ სორბიტოლის შემცველი ვაქცინები, მაგრამ პაციენტის ალერგიულობა ვაქცინაში გამოყენებული ნივთიერებების მიმართ წინასწარ მოწმდება.

ბრიტანეთში ჩუტყვავილას წინააღმდეგ არსებულ ვაქცინებში (Varilrix-სა და Varivax-ში) გვხვდება სორბიტოლი

პოლისორბატი 80

პოსტში ნათქვამია, რომ ბავშვი ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ იღებს 560 მკგ-ზე მეტ პოლისორბატ 80-ს (კანცეროგენი).

„ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტლის“ ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ პოლისორბატი 80 მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება, როგორც ემულგატორი, ნაყინის დნობის შესაფერხებლად. ნაყინის ტიპური პორცია (1/2 ჭიქა) შეიძლება შეიცავდეს დაახლოებით 170,000 მკგ(მიკროგრამი) პოლისორბატ 80-ს. მეორე მხრივ, პოლისორბატის რაოდენობა ვაქცინების თითოეულ დოზაში საშუალოდ 50 მკგა (მიკროგრამი). COVID-19-ის ვაქცინაში პოლისორბატი 80-ის რაოდენობა 160 მკგა (მიკროგრამია), რაც - ძალიან მცირეა. ამიტომ, ვაქცინები პოლისორბატი 80 არ შეიცავს იმ რაოდენობით, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.

CDC-ის თანახმად, პოლისორბატი 80 არის დამხმარე ნივთიერება, რომელიც გვხვდება გრიპის, B ჰეპატიტის, HPV-ისა და მენინგოკოკის ვაქცინაში.

ფორმალდეჰიდი

პოსტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს "801.6 მკგ (მიკროგრამი) ფორმალდეჰიდის (კანცეროგენი, ბალზამირების აგენტი)" ვაქცინაში გამოყენებას.

AFT Fact Check-ის სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პოსტში მოცემული დოზა სწორად წერია, ფორმალდეჰიდის მიერ სიცოცხლისთვის საშიში რისკების გამოწვევა არასწორადაა გადმოცემული.

„ბავშვები იღებენ ამ ნივთიერებას ბევრად უფრო მაღალი დოზით სხვა ბუნებრივი წყაროების საშუალებით“, - განუცხადა AFP-ს (ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას) დოქტორმა ნატაშა კროუფორტმა, ტორონტოს უნივერსიტეტის ვაქცინით - პრევენციებად დაავადებათა ცენტრის დირექტორმა.

ასევე არასწორია ვაქცინებში ფორმალდეჰიდის დოზის აღწერა, როგორც „ბალზამირების აგენტისა“. „სხეულის ბალზამირებისთვის საჭიროა დაახლოებით 6-10 ლიტრი ფორმალდეჰიდი - ფორმალდეჰიდის ეს დოზა საერთოდ არ მოდის თანხვედრაში ვაქცინაში გამოყენებულ მცირე რაოდენობასთან“, - აღნიშნა დოქტორმა კროუფორდმა.

ვაქცინაში ფორმალდეჰიდის რაოდენობა არ აღემატება 0,1 მილიგრამს. ფორმალდეჰიდი ეხმარება ადამიანის მეტაბოლიზმში და საჭიროა დნმ-ისა და ამინომჟავების სინთეზისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს ბუნებრივად წარმოებული ("ენდოგენური") ფორმალდეჰიდი სისხლში. შედარებისთვის მნიშვნელოვანია, ვთქვათ, რომ ერთ ცალ მსხალში 60-ჯერ მეტი ფორმალდეჰიდია, ვიდრე ერთ ვაქცინაში.

ბრიტანეთში სკოლამდელი ბავშვებისთვის განკუთვნილ ვაქცინაში (Repevax-სა და Infanrix IPV-ში) გვხვდება ფორმადელჰიდი.

ანტიბიოტიკები

პოსტში ასევე რამდენჯერმეა ნახსენები ანტიბიოტიკები. კანადის იმუნიზაციის სახელმძღვანელოს თანახმად, აღნიშნული ანტიბიოტიკები ვაქცინის წარმოების ეტაპზე გამოიყენება ვირუსული უჯრედის გამრავლებისას დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ისინი დამხმარე ნივთიერებების წარმოადგენენ, რომლებიც ბავშვის ორგანიზმში არ გროვდება და ძალიან სწრაფად გამოიდევნება. გარდა ამისა, ოქსფორდის უნივერსიტეტის თანახმად, ანტიბიოტიკები რომლებიც ხშირად ალერგიას იწვევენ (მაგალითად, პენიცილინები, ცეფალოსპორინები) ვაქცინებში არ გამოიყენება.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ვაქცინაში არსებული ინგრედიენტები ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.