სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფოტოს ავრცელებს და მწერალ ლაშა ბუღაძეს შემდეგ ციტატას მიაწერს: „რუსული შობით ევროპაში არავინ მიგვიღებს“. რეალურად, გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ლაშა ბუღაძეს აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია.

მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ გამოხმაურება მწერლის მიერ Facebook-გვერდზე 7 იანვარს შობის აღნიშვნასთან დაკავშირებულ პოსტს მოჰყვა: „გილოცავთ რუსულ შობას. ქრისტიანები შობას 25 დეკემბერს შევხვდით“.

ცნობისთვის, მსოფლიოში 15 მართლმადიდებელი ეკლესიაა აღიარებული, აქედან 11 შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, ხოლო 4 მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის რუსეთის, სერბეთის, საქართველოს და იერუსალიმის ეკლესიები (Greek Orthodox Church of Jerusalem) - 7 იანვარს. მიზეზად სახელდება იულიუსის კალენდარი, რომელსაც აღნიშნული მართლმადიდებელი ეკლესიები მიჰყვებიან. რაც შეეხება გრიგორიანულ კალენდარს, ის იულიუსის კალენდრის მოდიფიკაციას წარმოადგენს და 1582 წელს რომის პაპ გრიგოლ XIII-მ შემოიღო. იმავე წელს კალენდარი ამოქმედდა ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. ცვლილების მიხედვით, იულიუსის 1582 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ დადგა გრიგორიანული 1582 წლის 15 ოქტომბერი. განსხვავება იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდარს შორის ამჟამად 13 დღეა, ხოლო 2100 წლისთვის 14 გახდება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მაისში უკრაინაში მიიღეს ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება. მოგვიანებით, კერძოდ, 2023 წლის 28 ივლისს უკრაინაში მიღებული კანონის თანახმად, უკრაინა შობას 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს აღნიშნავს. კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მთავარი მიზანი „რუსული მემკვიდრეობის უკან მოტოვებაა“. ამავდროულად, ისტორიულად რუსეთთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, 7 იანვრის თარიღს ინარჩუნებს.

ლაშა ბუღაძის პოსტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა: „ფსევდოლიბერალი ნაციონალების ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა ქართულ შობას, რომელიც სამოქალაქო კალენდრით 7 იანვარს, იულიანური კალენდრით კი - 25 დეკემბერს, აღინიშნება, რუსული შობა უწოდა (..) ზემოხსენებულ მწერალს და სხვა ნაციონალ ფსევდოლიბერალებს მთელი სულითა და გულით ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ, ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ!“.

საპასუხოდ, მწერალმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის შობის 7 იანვარს აღნიშვნის პოლიტიკურ მნიშვნელობას და ამით რუსეთთან კავშირს: „იქ, სადაც რელიგიაა, ცხადია დავა აბსურდულიც კია - გნებავთ, იულიუს კეისრის კალენდრის მიხედვით (7 იანვარი) აღნიშნეთ შობა და გნებავთ, პაპ გრიგორიუსის (25 დეკემბერი), მაგრამ აბსურდული არაა საფრთხე, რომელიც რუსეთზე ბმულობას გულისხმობს... ამბროსი ხელაიას გადაწყვეტილება რუსეთისგან დისტანცირების ნაბიჯია... 25 დეკემბერი რუსეთისგან დაშორების და ევროპულ-ცივილიზაციურ დროსთან დაახლოების სიმბოლური აქტია!“

Facebook-ანგარიშის გავრცელებულ ციტატას რომ დავუბრუნდეთ, პოსტში მოცემულია ფოტო, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას გადაცემიდან „ფორმულა 12“ არის ამოჭრილი. სიუჟეტში მწერალი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე საუბრობდა. აღნიშნულ გადაცემაში ლაშა ბუღაძეს Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული განცხადება არ გაუკეთებია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.