სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Eduard Jishkariani, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, (1; 2) ამჯერად რუკის ფოტოს აქვეყნებს შემდეგი აღწერით: „ეხლა გამომიგზავნა ერთმა ჩემმა მეგობარმა ფოტო ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონიდან, სადაც აშშ და სხვა ქვეყნების საელჩოებია განთავსებული, ერთერთი ბარიდან, სადაც მაგიდებზე გადასაფარებლის სახით ეს რუქებია განდავსებული.
დავაკვირდი რუქას და....
ყბა იმხელაზე ჩამომივარდა, ჯერკიდევ ვერ ავკეცე...
თურმე, ჩვენ უკრაინელ "მეგობრებს" არა მარტო რუსეთის დაპყრობა ჰქონიათ გეგმაში, არამედ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანიც თავისი ტერიტორიის ნაწილად მიაჩნიათ?!
ერთი ჰიტლერს აწუხებდა მსგავსი იდეები და რით დაასრულა, ვიცით...“
ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტის (Reverse image search) გამოყენებით აღმოვაჩინეთ, რომ რუკა ნამდვილი არ არის და იგი სამაგიდო თამაშის „Risk” ნაწილია.
სამაგიდო თამაშის სახელად „Risk” თავდაპირველი ვერსია ფრანგმა კინორეჟისორმა ალბერ ლამორისმა 1957 წელს შექმნა. თამაშს დღემდე ამერიკული კომპანია “Hasbro” აწარმოებს, რომელიც საზოგადოებას კლასიკურთან ერთად სხვადასხვა თემატურ ვერსიასაც სთავაზობს, (მაგალითად, „ვარსკვლავური ომები“, „ბეჭდების მბრძანებელი“ და სხვა).
„Risk“-ის კლასიკური ვერსიის სათამაშო დაფაზე თითოეული ტერიტორია რეალურ გეოგრაფიულ ან პოლიტიკურ რეგიონს წარმოადგენს. „ქვეყნების“ საზღვრები შედგენილია იმ რეგიონების ტერიტორიულ მდებარეობასთან მიმსგავსებით, რაც თამაშს რეალიზმის ელემენტს მატებს. ტერიტორიების უმეტესობა ქვეყნების ან სახელმწიფოების ერთობლიობას წარმოადგენს. თამაშის რუკაზე ზოგიერთი ქვეყნის სახელწოდება და საზღვრები რეალურია, მაგალითად, არგენტინა, ზოგიერთის მდებარეობა კი საერთოდ არ ემთხვევა რეალურს. უკრაინის შემთხვევაში, თამაშის რუკაზე არსებული უკრაინის კუთვნილებად მონიშნული ტერიტორიის ნაწილი რეალურადაც უკრაინის შემადგენლობაშია, თუმცა ავღანეთის მდებარეობა თამაშის რუკასა და ნამდვილ რუკაზე სრულიად განსხვავებულია.
თამაშს რამდენიმე ვერსია აქვს, რის გამოც რუკები ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა იმაში, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოსურათი და თამაშის რუკა იდენტურია, კონკრეტული დეტალები გვარწმუნებენ (იხ. ფოტო).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამაშს რამდენიმე განსხვავებული ვერსია აქვს. 1959 წლის, 1980-იან და 1990-იან წლებში გამოსულ რუკებში ევროპის ტერიტორიის ნაწილი უკრაინის სახელითაა წარმოდგენილი, ხოლო 2008 წლიდან, მაშინ როცა თამაშის განახლებული ვერსია გამოვიდა, ევროპის ეს ნაწილი უკვე რუსეთის სახელითაა წარმოდგენილი.
ამგვარად, მტკიცება, რომლის მიხედვითაც, რუკა უკრაინელების გეგმას ასახავს და ისინი ევროპის გარკვეულ ტერიტორიებს, მათ შორის, საქართველოსაც, საკუთარ ნაწილად მოიაზრებენ, ყალბია.
--------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.