სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანეთში მშობლებს ეკრძალებათ, სკოლის დამთავრებამდე ბავშვებს მათ სქესზე მიუთითონ. „ბრიტანელებს კი მისალოცად აქვთ საქმე. ამიერიდან მშობელს არაა აქვს უფლება ბავშვს სკოლის დამთავრებამდე მიუთითოს, და იდეოლოგიურად ჩაუნერგოს, რომ ის ან ბიჭია ან გოგო. ბავშვი თვითონ გადაწყვეტს ინგლისში ვინაა საერთოდ და რას წარმოადგენს. ისე კი არა როგორც ჩვენთან დედას რომ დედა ჰქვია და მამას მამა. ფუ რა სიბნელეა. არა არა რა ევროკავშირი ვინ შეგვიშვებს , ჩვენ ღრუზინ პრავასლავნიკებს, მანდ. რამდენი გვიკლია კიდევ“.
რეალურად, ბრიტანეთში განათლების დეპარტამენტის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო (guidance) გამოქვეყნდა, რომელიც, პირიქით, გენდერული იდენტობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებში მშობლების როლის გაზრდას ითვალისწინებს.
2023 წლის 19 დეკემბერს ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო „Gender Questioning Children. Non-statutory guidance for schools and colleges in England“, რომელიც სკოლებსა და კოლეჯებს პრაქტიკულ რჩევებს აწვდის იმ მოსწავლეებთან დაკავშირებით, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ თავიანთ გენდერს. განათლების დეპარტამენტის მიხედვით, სახელმძღვანელოს სავალდებულო ხასიათი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო სამუშაო ვერსიაა და სანამ 12-კვირიანი კონსულტაციის პერიოდს არ გაივლის, 2024 წლის გაზაფხულის ბოლომდე, არ ამოქმედდება.
სახელმძღვანელოს თანახმად, მასზე მუშაობის აუცილებლობა განაპირობა იმ ბავშვების რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მათ გენდერულ იდენტობას. ამავდროულად, მოსწავლეების მოთხოვნები „სოციალური ტრანზიციასთან“ (Social Transition) დაკავშირებით, რომელიც, სახელმძღვანელოს მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს მოთხოვნას ცალკეული ნაცვალსახელების გამოყენებასთან, უნიფორმის შეცვლასთან და სხვ., დაკავშირებით, გაიზარდა.
სახელმძღვანელო ცხადყოფს, რომ სკოლები და კოლეჯები ბავშვებს „სოციალური ტრანზიციის“ ყველა მოთხოვნას არ უნდა დათანხმდნენ. იმ ბავშვებთან მიმართებით, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აქცევენ თავიანთ გენდერს, სკოლებმა და კოლეჯებმა სოციალური ტრანზიციის მოქმედებები პროაქტიულად არ უნდა წამოიწყონ. მოქმედების დასაწყებად ბავშვის თხოვნასთან ერთად, რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, მათ შორის, პროცესში მშობლების ჩართვა. როდესაც სკოლა განიხილავს მოთხოვნას, მათ უნდა გამოიჩინონ ძალიან ფრთხილი მიდგომა, მათ შორის გამოყონ ლოდინის პერიოდები და გადაწყვეტილების მიღებამდე მაქსიმალურად ჩართონ პროცესში ბავშვის მშობლები: „მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის მშობლების შეხედულებებს დიდი წონა ჰქონდეს და სათანადოდ იყოს გათვალისწინებული“
აღნიშნულ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, ბრიტანეთში ქალთა და თანასწორობის მინისტრმა კემი ბადენოჩმა ისაუბრა: „ის [სახელმძღვანელო] ცხადყოფს, რომ სკოლებს არ უნდა უწევდეთ მიიღონ ბავშვის „სოციალური ტრანზიციის“ მოთხოვნა და მასწავლებლები და მოსწავლეებიც არ უნდა იყვნენ წნეხის ქვეშ, გამოიყენონ განსხვავებული ნაცვალსახელები (...) ჩვენთვის ასევე ნათელია, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირება და ჩართულობა იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც გავლენას ახდენს მათი შვილების ცხოვრებაზე.
სახელმძღვანელო ასევე უთითებს, რომ ბავშვებმა უნდა მოითხოვონ, ისარგებლონ იმ საპირფარეშოებით, საშხაპეებითა და გასახდელი ოთახებით, რომლებიც განკუთვნილია მათი ბიოლოგიური სქესისთვის. ასევე, სკოლებმა უნდა უზრუნველყონ კონკურენტული სპორტის სახეობაში მონაწილეობის მიღება გახადონ სამართლიანი, რაც ნიშნავს, რომ სახეობაში არსებობდეს გოგოებისა და ბიჭებისთვის ცალკე კატეგორიები.
„ყველა სპორტისთვის, სადაც სქესთა შორის ფიზიკური განსხვავებები საფრთხეს უქმნის ბავშვების უსაფრთხოებას, სკოლამ და კოლეჯმა უნდა მიიღონ მკაფიო წესები, რომლებიც ვალდებულებად აქცევს სპორტის რომელიმე სახეობაში ცალკეული სქესის მონაწილეობის მიღებას. გამონაკლისი არ დაიშვება“ (..) იმ სპორტისთვისაც კი, სადაც უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება ორივე სქესის მონაწილეობით, სკოლებმა და კოლეჯებმა უნდა უზრუნველყონ სპორტის სამართლიანობა, კონკურენტუნარიანი სპორტისთვის“.
სახელმძღვანელო ასევე ადასტურებს, რომ ერთსქესიან სკოლებს (single-sex school) შეუძლიათ უარი თქვან საპირისპირო სქესის მოსწავლეების მიღებაზე, მიუხედავად იმისა, ბავშვი მის გენდერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუ - არა.
ამდენად, მტკიცება, რომ ბრიტანეთში ამიერიდან მშობელს არა აქვს უფლება ბავშვს სკოლის დამთავრებამდე მიუთითოს, რომ ის ბიჭია, თუ - გოგო, მცდარია. ახალი სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, პირიქით, გენდერული იდენტობის საკითხებზე სკოლებს მოუწოდებს, ამ პროცესში მშობლების ჩართვა უზრუნველყონ.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.