სოციალურ ქსელში ანგარიში ანტი ლიბერალი მინისტრთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებულ პოსტი მოიცავს ფოტოსაც, რომელზეც შემდეგი წარწერაა: „ევროკავშირმა ოცნებას უბრძანა აკრძალონ ეროვნული იდეოლოგია ჩვენს ქვეყანაში, აკრძალონ მართლმადიდებლობა! მალე დაიწყება რეპრესიები ერის წინააღმდეგ! არ დანებდე! ჩვენ შევძლებთ ლიბერალიზმის დამარცხებას საქართველოში!“. რეალურად, საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს გამოქვეყნებული დასკვნა „მართლმადიდებლობის“ ან რომელიმე იდეოლოგიის დევნას არ შეიცავს, დოკუმენტში სიტყვები „მართლმადიდებლობა“ და „ეროვნული იდეოლოგია“ ნახსენები არ არის.
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული რეკომენდაცია კომისიამ ევროპული საბჭოსთვის გასცა, რომელმაც 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა დათქმით, რომ ქვეყანა 9 პირობას/ნაბიჯს შეასრულებს (9 დათქმასთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, ევროპულმა საბჭომ, იგივე მინისტრთა საბჭომ, 12 დეკემბერს გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის სახით საბჭო „ადასტურებს თავის სრულ და ცალსახა ერთგულებას დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივისადმი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მომავალი ევროკავშირშია“.
სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ვითარების მიმოხილვისას საბჭო ეხება საქართველოსაც და ხაზს უსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ: „საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გამოავლინოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი, განაგრძოს პროგრესი რეფორმებთან დაკავშირებით და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, მნიშვნელოვნად და შეუქცევადად, რათა წინ წავიდეს ევროკავშირის მომავალი წევრობის პროცესში. საბჭო დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ”.
სხვა საკითხებთან ერთად, საბჭო მოუწოდებს საქართველოს დაძლიოს პოლარიზაცია, რამაც შეიძლება პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმაოს. დასკვნაში ხაზგასმულია დეზინფორმაციისა და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაც, რაც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით.
პოსტში გავრცელებული მცდარი ინფორმაცია, სავარაუდოდ, დასკვნის 125-ე პუნქტს შეიძლება უკავშირდებოდეს. აღნიშნული პუნქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის აუცილებლობასა და მათ შორის, ლგბტ თემის წარმომადგენლების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობს:
„საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის - მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებისა და ლგბტ პირების დაცვა დაშინებისგან, ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან“.
ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გარანტირებულია:
• თანასწორობის უფლება (მუხლი 11)- „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.
• აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები (მუხლი 17)-„აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.“
• შეკრების უფლება (მუხლი 21)-„ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
ამდენად, მტკიცება, რომ საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნა მოიცავს „ბრძანებებს“ „ქართული ოცნებისადმი“, რომ მან ეროვნული იდეოლოგია და მართლმადიდებლობა აკრძალოს, მცდარია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.