სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ათობით მამაკაცია გამოსახული. ისინი ტანსაცმლის გარეშე, ხელებშეკრულნი სხედან. ფოტოსურათები სხვადასხვა მტკიცებით გავრცელდა, მათ შორის, როგორც Irakli Zakareishvili პოსტში წერს, ვიდეოში ამ ადამიანების დახვრეტამდე გავრცელებულ კადრებს ვხედავთ: „ღაზას ჩრდილოეთში, ბეით-ლახიაში მდებარე გაერო-ს სკოლიდან გამორეკილი ლტოლვილები დახვრეტის წინ - ებრაელებმა მშვიდობიანი ხალხი "ჰამასის" წევრებად გაასაღა!..

ვიდეოს მე-7 წამზე მიწაზე ზის სრული გაშიშვლების წინ ნახევრად შიშველი მსუქანი მამაკაცი ლურჯი უმკლავო მაისურით - ალ-ჯაზირას ჟურნალისტი!..“

ფოტო/ვიდეო მასალა, სავარაუდოდ, ბაით-ლაჰიაში, ღაზას ჩრდილოეთშია გადაღებული. სოციალურ ქსელში მასალის გავრცელების შემდეგ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ასობით ადამიანის დაკავება დაადასტურეს. მათი განცხადებით, ისრაელის არმიის ოპერაციის წარმატების გამო დაკავებულები თავად ჩაბარდნენ.

Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ისიც აღნიშნეს, რომ დაკავებულთა შორის ბევრი მოგვიანებით გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ დაპატიმრების პროცედურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეურაცხმყოფელი ფოტოები მის უწყებას არ გაუვრცელებია. 10 დეკემბერს, კვირა საღამოს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, ცახი ჰანეგბიმ განმარტა, რომ ეჭვმიტანილთა გაჩხრეკა საჭირო იყო, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ იარაღი ან ასაფეთქებელი საშუალებები არ ჰქონდათ. თუმცა, მისი თქმით, დაკავებულთა ფოტოების გავრცელება არ იყო საჭირო და აქვე გამოთქვა მოლოდინი, რომ ისრაელი მსგავსი სახის ფოტომასალის გავრცელებას შეწყვეტს.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ისრაელის მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ფოტოები ჰამასის მებრძოლებს ასახავდა, მოგვიანებით, საერთაშორისო მედიაში (BBC, Reuters, The Guardian) გაჩნდა ცნობები, რომ მასზე სამოქალაქო პირებიც იყვნენ ასახული.

The Guardian-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის იყო პალესტინელი ჟურნალისტი დიაა ალ-კაჰლუტი, al-Araby al-Jadeed-ის კორესპონდენტი. ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“, რომელიც პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, დაგმო აღნიშნული ქმედება და ისრაელის ხელისუფლებას ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამერიკული US Charity-ის თანამშრომელმა, ჰანი ალმადუჰინმა, რომელიც გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოსთვის (UNRWA) დახმარებას აგროვებს, ფოტოზე საკუთარი ძმა მაჰმუდი ამოიცნო.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელმაც უსაფრთხოების გამო ანონიმურად დარჩენა ისურვა, BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ IDF-ის სამხედროები ტერიტორიაზე შესვლისას მეგაფონით აფრთხილებდნენ მამაკაცებს, დაეტოვებინათ სახლები და გაეროს (პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო) სკოლები. მამაკაცის თქმით, IDF-მა ქალებს მოუწოდა, უახლოესი საავადმყოფოებისთვის მიემართათ, შემდეგ კი დახვრეტით დაემუქრა, თუ მამაკაცები სახლებს არ დატოვებდნენ. თვითმხილველის თქმით, მისი ნათესავებიდან შვიდი ადამიანი გაათავისუფლეს, თუმცა დარჩენილ სამ ადამიანზე მას ინფორმაცია არ აქვს.

Reuters-ის ცნობით, გავრცელებულ ფოტომასალას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც გამოეხმაურა: „ხაზგასმით აღვნიშნავთ ყველა დაკავებულის მიმართ ჰუმანური და ღირსეული მოპყრობის მნიშვნელობას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოტო/ვიდეო მასალაზე ნაჩვენები მამაკაცები დახვრიტეს, არცერთ სანდო მედიასაშუალებაში არ დასტურდება.

------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.