19 ნოემბერს სოციალურ ქსელში ირაკლი ზაქარეიშვილმა, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ დაუწერია (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6), პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ესპანეთის მთავრობამ პალესტინა დე-ფაქტო და დე-იურე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო.

„ფაქტ-მეტრმა“ პალესტინასთან დაკავშირებით ესპანეთის მიდგომები და პალესტინის საერთაშორისო სტატუსი გადაამოწმა.

სინამდვილეში, ესპანეთი პალესტინას ოფიციალურად ამ დრომდე არ აღიარებს, თუმცა ესპანეთის ხელახლა არჩეულმა პრემიერმა პედრო სანჩეზმა 15 ნოემბერს მართლაც განაცხადა, რომ მისი მთავრობისთვის პალესტინის სახელმწიფოს აღიარება პრიორიტეტული მიმართულებაა. მან პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას პალესტინელი ხალხის სამართლიანი მოთხოვნა უწოდა და თქვა, რომ ამისთვის ეროვნულ და ევროპულ დონეზე იმუშავებს.

დამატებით, პედრო სანჩეზი ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროსთან ერთად 24 ნოემბერს ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის მდებარე რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ეწვია, სადაც ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პალესტინის სახელმწიფოს სრული აღიარების შესაძლებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების დრო საერთაშორისო საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ევროკავშირისთვის უკვე დამდგარია. თუმცა, მისივე განცხადებით, თუ ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ ამგვარი გადაწყვეტილება ერთობლივად ვერ იქნება მიღებული, ესპანეთი საკუთარი გადაწყვეტილებების მიხედვით იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთი შედის ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანათა რიცხვში, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოებრიობას ოფიციალურად არ აღიარებენ, თუმცა აქვთ დიპლომატიური წარმომადგენლობა აღმოსავლეთ იერუსალიმში ან რამალაში, დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინურ ქალაქში. ამასთანავე, პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების საკითხი ესპანეთისთვის ახალი თემა არაა. ჯერ კიდევ 2014 წელს ესპანეთის პარლამენტმა რეზოლუციაც მიიღო, რომელიც მთავრობას პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდებდა, თუმცა რეზოლუციას არასავალდებულო ხასიათი ჰქონდა.

ამდენად, მტკიცება, რომ ესპანეთმა პალესტინა დე ფაქტო და დე იურე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო, მცდარია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა 2023 წლის ნოემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პრიორიტეტულობის შესახებ ნამდვილად განაცხადა, თუმცა მადრიდის მიერ პალესტინის ოფიციალური აღიარება ჯერ არ მომხდარა.

პალესტინის ტერიტორიები სახელმწიფოდ აღიარების შესახებ კონსენსუსი საერთაშორისო მასშტაბითაც არ არსებობს. პალესტინური ტერიტორიები სახელმწიფოდ გაეროს 193 წევრიდან 139 ქვეყანას აქვს აღიარებული. პალესტინა თავად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2012 წლის 29 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით „არაწევრი სახელმწიფოს“ დამკვირვებლის სტატუსითაა წარმოდგენილი. მოვლენა, როცა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინის დამკვირვებლის სტატუსი წოდებიდან „ობიექტი/ერთეული“ (entity) „არაწევრ სახელმწიფოთი“ (non-member state) განაახლა, გაეროს მიერ პალესტინის დე-ფაქტო სახელმწიფოებრიობის აღიარებადაა მიჩნეული. თუმცა პალესტინა გაეროს წევრის სტატუსით ვერ სარგებლობს. თავად ორგანიზაციაში არსებული პროცედურის მიხედვით, გაეროში სახელმწიფოს წევრად მიღებას სხვა პროცედურებთან ერთად უშიშროების საბჭოს 15-დან 9 წევრის თანხმობა სჭირდება იმ დათქმით, რომ 5-დან არცერთი მუდმივი წევრი სახელმწიფოს მიერ გაეროს წევრობისთვის წარდგენილ აპლიკაციასთან მიმართებით ვეტოს არ გამოიყენებს. პალესტინის შემთხვევაში გაეროს უშიშროების 5 წევრიდან 3 - საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები, პალესტინურ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობას მანამდე არ დაუჭერენ მხარს, სანამ ისრაელთან არსებული კონფლიქტი მშვიდობიანად არ მოგვარდება.

რაც შეეხება ევროკავშირის პოლიტიკას, მისი 27 წევრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობას მხოლოდ 9 სახელმწიფო აღიარებს. შვედეთის გარდა ყველა მათგანმა პალესტინა კავშირში გაერთიანებამდე ცნო. ზოგადად, ევროკავშირი პალესტინასთან მიმართებით 2 სახელმწიფოს გამოსავალს ემხრობა, რაც ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების ერთდროულად არსებობას გულისხმობს.

-----------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.