სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი ზაქარეიშვილი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაციაც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2), ამჯერად ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ავრცელებს ყალბ ინფორმაციას. მტკიცების თანახმად (1,2), ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით თურქულმა ჟურნალმა „LeMan“-მა კარიკატურული გარეკანი გამოაქვეყნა, სადაც დამცინავად არიან წარმოჩენილი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის, Astoria Grande-ს ბათუმში შესვლას აპროტესტებდნენ. ჟურნალის გარეკანი შემდეგი სათაურით ვრცელდება: „ქართველი ანიმატორები ართმევენ თურქებს რუსი ტურისტების გართობის მონოპოლიას“.
იდენტური ფოტო რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სალავიოვმა მის ტელეგრამ არხზე გაავრცელა. აღნიშნული კარიკატურა სხვა რუსულენოვანი ანგარიშების მიერაც (1,2,3,4,5) ვირუსულად გავრცელდა.
სინამდვილეში, გავრცელებული გარეკანი თურქულ ჟურნალ „LeMan“-ს არ ეკუთვნის - ინფორმაციას ამის შესახებ თავად „LeMan“-ის ოფიციალურ Twitter-ის ანგარიშზე ვკითხულობთ, თურქული ჟურნალი Twitter-ზე გაყალბებულ გარეკანს აზიარებს და წერს, რომ რუსი პროპაგანდისტები „LeMan“-ის გაყალბებულ გარეკანს ავრცელებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაყალბებულ გარეკანზე გამოქვეყნების თარიღად 2023 წლის 2 აგვისტოა მითითებული, მაშინ როდესაც ის სოციალურ ქსელში პირველ აგვისტოს გავრცელდა. თურქულ ჟურნალ, „LeMan“-ს 2 აგვისტოს ახალი გამოცემის გარეკანი ჯერ არ გამოუქვეყნებია, ხოლო ბოლო, 26 ივლისის გამოცემის გარეკანი შემდეგნაირად გამოიყურება.
ამდენად, მტკიცება, თითქოს თურქული ჟურნალი „LeMan“-ი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კარიკატურულ გარეკანს აქვეყნებს, ყალბია და ის თურქულ ჟურნალს არ ეკუთვნის.