არჩილ თალაკვაძე: ამ წლების განმავლობაში არავის არასდროს ჰქონია მშვიდობიანი აქციის ჩატარების და საკუთარი პროტესტის გამოხატვის პრობლემა
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის ტყუილი
შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვა მხოლოდ ამ უფლებების რეალიზებისთვის ხელის არ შეშლით არ შემოიფარგლება (სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება).
ნეგატიური ვალდებულების შესრულების გარდა, სახელმწიფოს პროცესების მშვიდობიანად წარმართვისთვის ყველა სათანადო ზომის მიღება ევალება (სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება). მათ შორისაა, საფრთხეების სათანადოდ შეფასება და უფლებით მოსარგებლე პირებთან კოორდინირებულად მუშაობა, ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ აქციის მსვლელობის შეფერხების აღკვეთა, აქციებზე გამოკვეთილი სამართალდარღვევების იდენტიფიცირება, ძალადობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების გამოაშკარავება და სხვ.
სამწუხაროდ, სახელმწიფო ბოლო პერიოდში საკუთარი პოზიტიური ვალდებულების შესრულების ნაწილში ხშირად უმოქმედო ან/და არაეფექტურია. ამას მოწმობს 2021-2023 წლის ივლისში განვითარებული მოვლენები, როდესაც სახელმწიფომ უმცირესობათა უფლებები ძალადობრივი ჯგუფებისგან ვერ დაიცვა. ამას გარდა, არაერთი უფლებადამცველი სამოქალაქო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრობლემები ნეგატიური ვალდებულების შესრულების ნაწილშიც იკვეთება და სახელმწიფო ხშირად დაუსაბუთებლად და თვითნებურად უშლის ხელს უფლებების რეალიზებას.
ეს ტენდენციები კარგად ჩანს ძირითადი უფლებების მიმართულებით ქვეყნის მდგომარეობის შემფასებელ არაერთ რეიტინგში, სადაც 2015-2016 წლების შემდეგ ქვეყნის პოზიციები გაუარესდა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ,,ფაქტ-მეტრი’’ პოლიტიკოსის მტკიცებას, რომ ამ წლების განმავლობაში მშვიდობიანი აქციის ჩატარების და საკუთარი პროტესტის გამოხატვის პრობლემა არავის არასდროს ჰქონია, აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
ანალიზი: 2023 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც შეკრება/მანიფესტაციაზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვას ითვალისწინებს, ვეტო დაადო.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ის ძირითადი არგუმენტები აისახა, რომლებზეც სამოქალაქო საზოგადოება კანონპროექტის ინიციირების ეტაპიდანვე მიუთითებდა (იხ. ბმული 1, ბმული 2). დოკუმენტის თანახმად, ცვლილებები სახელმწიფოს მიერ უფლებაში ჩარევის გადაჭარბებულ რისკს ქმნის და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას საფრთხის ქვეშ აყენებს.
2023 წლის 29 ოქტომბერს პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, არჩილ თალაკვაძე, გამოეხმაურა. მან პრეზიდენტის არგუმენტაციას ,,არასაკმარისი“ უწოდა და კანონპროექტის ლეგიტიმურ მიზანზე გაამახვილა ყურადღება. ,,ამ წლების განმავლობაში არავის არასდროს ჰქონია მშვიდობიანი აქციის ჩატარების და საკუთარი პროტესტის გამოხატვის პრობლემა, მაგრამ ჯგუფებს, რომელთაც უნდათ, რომ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას“,- განაცხადა პოლიტიკოსმა.
ამ სტატიაში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონშიდაგეგმილი ცვლილებების სამართლებრივი ანალიზი არ არის წარმოდგენილი. ამ საკითხზე ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
„ფაქტ-მეტრმა“ არჩილ თალაკვაძის განცხადების ის მტკიცება გადაამოწმა, რომლის მიხედვითაც, „ამ წლების განმავლობაში არავის არასდროს ჰქონია მშვიდობიანი აქციის ჩატარების და საკუთარი პროტესტის გამოხატვის პრობლემა“.
ზემოაღნიშნულ განცხადებაში არჩილ თალაკვაძე კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა (მუხლი 21) და გამოხატვის თავისუფლებაზე (მუხლი 17) აპელირებს. შეკრების უფლება ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც გამოხატვის რეალიზებას ემსახურება. [1] ამ უფლებათაგან თითოეულის დაცვას ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების წარმართვისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. [2] ბოლო პერიოდში, ხსენებული უფლებების კუთხით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ანგარიშსა თუ რეიტინგში აღიწერა:
,,კანონის უზენაესობის ინდექსი’’ – 2023 წელი
2023 წლის უახლესი რეიტინგი - ,,კანონის უზენაესობის ინდექსი’’ - საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი‘’ (WJP) გამოაქვეყნა.
კანონის უზენაესობის ინდექსი 0-დან 1-მდე მერყეობს, სადაც 0 ქულა სახელმწიფოში კანონის უზენაესობის კუთხით უკიდურესად უარყოფით მდგომარეობას აღნიშნავს, ხოლო 1 ქულა - იდეალურს („კანონის უზენაესობის ინდექსში“ საქართველოს ტენდენციების გასაცნობად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
აღნიშნული ინდექსი ქვეყნის მდგომარეობას რამდენიმე მიმართულებით აფასებს, ესენია :
1. ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, 2. კორუფციის არარსებობა, 3. მთავრობის ღიაობა, 4. ძირითადი/ფუნდამენტური უფლებები, 5. წესრიგი და უსაფრთხოება, 6. რეგულაციების აღსრულება, 7. სამოქალაქო სამართლებრივი მართლმსაჯულება, 8. სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულება.
ზემოაღნიშნული კომპონენტებიდან ჩვენთვის საინტერესო წლების განმავლობაში ძირითადი (ფუნდამენტური) უფლებების კომპონენტია, რადგან შეკრების და გამოხატვის უფლებები სწორედ ძირითადი უფლებების ნაწილია. ,,კანონის უზენაესობის ინდექსი’’ ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით რამდენიმე ქვეკომპონენტს გამოყოფს, მათ შორისაა, გამოხატვის თავისუფლება და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.
ფუნდამენტური უფლებების ნაწილში საქართველოს შეფასებები ქულის თვალსაზრისით 2015-2016 წლებთან შედარებით გაუარესდა („ფაქტ-მეტრი“ ქვეყნის პოზიციურ ცვლილებებს არ შეაფასებს, რადგან რეიტინგში შესაფასებელი ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა).
გრაფიკი 1: საქართველოს მაჩვენებლები „კანონის უზენაესობის ინდექსში“ ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით
ანალოგიური სურათია უშუალოდ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მიმართულებითაც. კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების ნაწილში საქართველო 2016 წელს 0,73 ქულით შეფასდა, ხოლო, 2023 წელს - 0,66 ქულით. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართულებით კი, საქართველომ 2016 წელს 0,77 ქულა მოიპოვა, ხოლო, 2023 წელს - 0,69 ქულა.
როგორც ვხედავთ, 2016 წელთან შედარებით ზემოხსენებული უფლებების მიმართულებით ქვეყნის ქულა გაუარესებულია, რაც სულ მცირე იმის მანიშნებელია, რომ დღეს ამ უფლებების რეალიზაციასთან მიმართებით უფრო მეტი პრობლემა არსებობს, ვიდრე 6-7 წლის წინ.
Amnesty International – 2023 წელი
მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ კიდევ ერთი საერთაშორისო ანგარიში უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა 2023 წლის 27 მარტს გამოაქვეყნა. Amnesty International-ის ანგარიში 2022 წლის მიხედვით, 156 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აანალიზებს.
ანგარიშში საქართველოსთან მიმართებით არსებული რიგი პრობლემების აღწერასთან ერთად, როგორებიცაა: შერჩევითი სამართალი, პოლიტიკური სარჩულით დევნა, სასამართლოსა და სხვა საზედამხედველო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შელახვა და სხვ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ „ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა“. ამ ნაწილში ნეგატიურად შეფასდა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან წარმოებული ცილისწამების საქმეები, რომლებსაც გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდა. [3]
Freedom House
გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, „Freedom House“ თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ყოველწლიურად აფასებს. „Freedom House - ის“ ყოველწლიური ანგარიშები წინა წლის მოვლენებს ასახავს. ორგანიზაცია ქვეყნის თავისუფლების დონეს ორი კატეგორიით - პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით, 100-ქულიანი სკალით აფასებს, სადაც 100 ქულა საუკეთესო შედეგია. შეფასებაში პოლიტიკურ უფლებებს 40, სამოქალაქო უფლებებს კი 60 ქულა ეთმობა.
2023 წლისმონაცემებით, საქართველო 100-დან 58 ქულით შეფასდა და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვში მოხვდა. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველომ 22, ხოლო სამოქალაქო უფლებების კუთხით 36 ქულა მიიღო. ქვეყანას 2022 წელსაც ანალოგიური შეფასებები ჰქონდა.
გრაფიკი 2:Freedom House -ის ყოველწლიური ანგარიშების მიხედვით, საქართველოს შეფასება 2014-2023 წლებში
ანგარიში მოკლედ აღწერს იმ ტენდენციებს, რომლებმაც უფლებების მიმართულებით მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. ანგარიშის თანახმად, მთავრობა ხშირად აგრესიულია კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და ზეწოლას ახდენს მედიასაშუალებებზე. კრიტიკულად შეფასდა კულტურის სამინისტროს მიერ გამოხატვის თავისუფლების აღკვეთის მცდელობებიც. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ შეკრების თავისუფლება ჯეროვნად არ არის დაცული, რადგან პოლიცია ხშირად დემონსტრაციებს გადაჭარბებული ძალით პასუხობს, პარალელურად კი, იშვიათად ახერხებს ლგბტ+ ჯგუფების შეკრების უფლების დაცვას. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ 2021 წლის ივლისში, ანტი ლგბტ+ ძალადობრივი მოძრაობას პოლიციამ მცირე წინააღმდეგობა გაუწია, შედეგად, მოძრაობის წარმომადგენლები შეიჭრნენ Tbilisi Pride-ის ოფისებში, გაანადგურეს ქონება და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.
ზემოთ წარმოდგენილი რეიტინგები მოწმობს, რომ ბოლო წლებში ძირითადი უფლებების მიმართულებით, თვალშისაცემი რეგრესი შეინიშნება. უარყოფითი ტენდენციის მიზეზებს „ფაქტ-მეტრი“ ადგილობრივი უფლებადამცველი სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობითაც მიმოიხილავს. [4]
აქტივიზმისა და შეკრების უფლების რეალიზების მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების 2022 წლის ანგარიშში აღიწერა. ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო ბოლო პერიოდში, არა მხოლოდ უმოქმედო ან/და არაეფექტურია საკუთარი პოზიტიური ვალდებულებების შესრულების ნაწილში, არამედ ხშირად დაუსაბუთებლად და თვითნებურად უშლის ხელს უფლებების რეალიზებას.
ანგარიშში 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ,,ღირსების მარშის’’ გარშემო განვითარებული მოვლენები „სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ძალადობის წახალისების, საზოგადოებრივი წესრიგის მოშლის და სახელმწიფოს ბაზისური ფუნქციების ვერგანხორციელების“ მაგალითად შეფასდა. ამ დღეს საპოლიციო უმოქმედობის შედეგად, არა მხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის უფლების რეალიზება გახადა შეუძლებელი, არამედ, ათეულობით ჟურნალისტისა და აქტივისტის ფიზიკურ ხელშეუხებლობას შეექმნა საფრთხე. [6]
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მშვიდობიანი დემონსტრაციების დაცვის წინაპირობა ხელისუფლების ორგანოების მიერ საკუთარი პროცედურული ვალდებულების შესრულება, ინციდენტთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის იდენტიფიცირება და მათზე სათანადო რეაგირებაა „ძალადობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების გამოაშკარავების აუცილებლობის ხაზგასმით“.სამწუხაროდ,2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული, რასაც წამახალისებელი ეფექტი ჰქონდა 2023 წლის 8 ივლისის მოვლენების ანალოგიურად განვითარებაზე და „პრაიდის კვირეულის“ კვლავ ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლაზე.
ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
უმცირესობათა აქციებში გამოყენებული ზომებისგან განსხვავებით, რომლებიც აქციის მონაწილეთა უფლებების რეალიზებისთვის, ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისია, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციებს ჭარბი/ინტენსიური საპოლიციო ძალების მობილიზებით პასუხობენ. ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში სამართალდამცავების მიერ იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას რეპრესიული სახე მიეცა. [7]
უფლებადამცველი ორგანიზაციის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, „2021 წლის მსგავსად, 2022 წელსაც გაგრძელდა სამართალდამცავთა მიერ ადმინისტრაციული წესით აქციის მონაწილეთა დაკავების პრაქტიკა, რომელიც ხელისუფლების საწინააღმდეგო კრიტიკის ჩასახშობად გამოიყენება“. ანგარიშში წარმოდგენილ არაერთ ქეისზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ მოქალაქეებს, ხშირად „სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან წვრილმანი ხულიგნობის ფართო განმარტების პირობებში აკავებენ და სხვა ქალაქების იზოლატორებში გადანაწილებით დაცვის უფლების ეფექტიანი რეალიზების შესაძლებლობას უზღუდავენ“. [8]
ანგარიშები მოწმობენ, რომ პრობლემები სასამართლო სისტემაშიც გრძელდება, სადაც სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლიანი სასამართლოს მინიმალურ სტანდარტებს უგულებელყოფს და აქტივისტებს ადმინისტრაციულ სახდელს სასამართლოში საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში უფარდებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა ზოგიერთი საქმის განხილვა კრიტიკულად მოკლე დროში (რამდენიმე წუთით) მიმდინარეობდა, რა დროსაც, დაკავებულთა სამართალდამრღვევად მიჩნევისა და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისთვის საკმარის მტკიცებულებად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შაბლონური ოქმი და პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები გამოიყენებოდა. [9]
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკები საკმაოდ კომპლექსურია და როგორც კანონმდებლობის, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების დაბალი ანგარიშვალდებულებისა და არაეფექტიანი სასამართლო კონტროლის დონეზე ვლინდება. [10] შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის მტკიცებას, რომ ამ წლების განმავლობაში მშვიდობიანი აქციის ჩატარების და საკუთარი პროტესტის გამოხატვის პრობლემა არავის არასდროს ჰქონია, აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
შენიშვნა: 10 ნოემბერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR)სახალხო დამცველის მიმართვისსაფუძველზე,„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონშიდაგეგმილი ცვლილებებისთაობაზესასწრაფო დასკვნამოამზადა. დასკვნის თანახმად, კანონპროექტით „გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები ფართოა და ნათლად განსაზღვრული არ არის, რამაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მისი თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს".
ბიბლიოგრაფია
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება
[2] საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი) გვ. 2.
[3] გამოყენებულია ,,სივილ ჯორჯიას’’ თარგმანი POL1056702023GEORGIAN.pdf (myspdn.com)
[4] სტატიაში გამოყენებულია კვლევები - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა(GDI), ადამიანის უფლებები საქართველოში, 2022 - https://gdi.ge/storage/files/doc/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98,%202022.pdf
აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა, ქართული პრაქტიკის ანალიზი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2022, https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf/%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90_1651735348.pdf
[6] აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა, ქართული პრაქტიკის ანალიზი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2022 გვ. 8.
[7] იქვე, გვ.10
[8] საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა(GDI), ადამიანის უფლებები საქართველოში, 2022, გვ. 15
[9] იქვე
[10] იხ. 6 გვ.26