2023 წლის 5 ოქტომბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარიდაუჭირა. ბიუროს გადაწყვეტილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.

კანონპროექტის მიღების მიზეზად, ინიციატორებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2023 წლის 18 სექტემბერს გავრცელებული ოფიციალური განცხადება დაასახელეს. ეს განცხადება საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში „დაგეგმილ“ დესტაბილიზაციის გეგმას აღწერს, რომელიც ე.წ. „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სახელმწიფო ორგანოთა შენობების ბლოკირებას და სხვა დესტრუქციულ ქმედებებს ითვალისწინებს (,,სახელმწიფო გადატრიალების’’ გამოუძიებელ საქმეებზე ვრცლად იხილეთ ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია).

კანონპროექტის მიღების მიზნის გათვალისწინებით, ნათელია, რომ კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე სათანადო რეაგირების ერთ-ერთ გონივრულ საშუალებად „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებების წრის გაფართოებას მიიჩნევენ. უფრო რომ დავაზუსტოთ, კანონპროექტის ავტორებს ზემოთ აღწერილი საფრთხეების თავიდან არიდების გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად შეკრების ან მანიფესტაციის განურჩევლად ყველა მონაწილისათვის გარკვეულ პირობებში დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვა ესახებათ.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით,კანონპროექტის მიღება გაზრდის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვისა და საპოლიციო თვითნებობის რისკებს,აგრეთვე, არსებითად დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში“. ამ მოსაზრებას იზიარებს საიას თავმჯდომარე ნინო ქურდოვანიძე და დამატებით აღნიშნავს, რომ „ცვლილებებით შეიძლება საფრთხე შეექმნას მათ შორის იმას, თუ რა შეფასებას მიიღებს საქართველო 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით და წლის ბოლოს მიიღებს, თუ - არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“.

,,ფაქტ-მეტრი’’ კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს მიმოიხილავს.

1.ფართოვდება შეკრების ანმანიფესტაციისმონაწილეებზე გავრცელებული ამკრძალავი ღონისძიებების წრე

პირველი ცვლილება „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს ეხება. კანონის ამ ნაწილში ჩამოთვლილია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებზე გავრცელებული ამკრძალავი ღონისძიებები. მოქმედი რედაქციის მიხედვით, შეკრების ანმანიფესტაციისმონაწილეებს ეკრძალებათ:

ა) იქონიონცეცხლსასროლიიარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიურინივთიერებაან ცივი იარაღი;

ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

გ)იქონიონ ცრემლმდენი,ნერვულ-პარალიტიკური მოქმედებისან/და მომწამვლელი ნივთიერება;

დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;

ე) განზრახშექმნანდაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის, მათ შორის,დაარღვიონამ კანონის 11​1მუხლის მოთხოვნები.

კანონპროექტის თანახმად კი, შეკრების ანმანიფესტაციისმონაწილეებზე გავრცელებული ამკრძალავი ღონისძიებების წრე ფართოვდება და შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დამატებით აეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;

ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;

გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;

დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

2.ცვლილება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში

ცვლილება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტსაც ეხება. მოქმედი რედაქციის მიხედვით, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ორგანიზატორი (კანონის მე-3 მუხლის მიხედვით აქციისორგანიზების ხელმძღვანელობისთვის გამოყოფილი პირი) გარკვეული პირობების დადგომის შემთხვევაში (ეხება აქციის მონაწილეების მიერ ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნას) ვალდებულია მოუწოდოსშეკრებისანმანიფესტაციისმონაწილეებსდა მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის სავალი ნაწილი ან/დააღდგეს ტრანსპორტისმოძრაობა.

ცვლილებებით მუხლის მოქმედ რედაქციას ბოლო აბზაცი ემატება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზატორს დამატებითი ვალდებულებები აქციაზე განთავსებულ დროებით კონსტრუქციებთან მიმართებითაც დაეკისრება - ,,აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი’’, წერია კანონპროექტში.

3. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით

კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი სამართალდამცავ ორგანოებს ორგანიზატორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად, ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომების გამოყენების შესაძლებლობით აღჭურავს.

ცვლილებების მიხედვით, სამართალდამცავ ორგანოებს ამგვარი უფლებამოსილება იმ შემთხვევაშიც ექნებათ, თუ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე არ განახორციელებს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟს გონივრულ ვადაში.

4.ცვლილებები შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

და ბოლოს, კანონპროექტით ცვლილებები შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლში - „შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა“:

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქციის მიხედვით, 15 დღემდე ვადით პატიმრობა მხოლოდ სასამართლოს შესასვლელის ბლოკირების, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთოსასამართლოშიჩატარების შემთხვევაშია გათვალისწინებული, ცვლილებებით კი, ადმინისტრაციული პატიმრობა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნებისმიერი ნორმის დარღვევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ნებისმიერი სახდელის გამოყენების შემთხვევაში, იქნება ეს დაჯარიმება თუ ადმინისტრაციული პატიმრობა, გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ სხვა სამართალდარღვევების შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სახელმწიფო ორგანოებს უფლებამოსილებას ანიჭებს თავად განსაზღვროს დაეკისრება, თუ - არა პირს საგნის კონფისკაცია (მაგალითად, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით,იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ) ცვლილებები შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევასთან მიმართებით ამგვარ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

ნათელია, რომ ცვლილებებით გათვალისწინებული დებულებები, ძირითადად, ფართო და განუსაზღვრელია. განსაკუთრებით პრობლემურია, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნაწილები, რომლებიც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობას იმ შემთხვევაში უკრძალავს თუ ის: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;

დებულებათა ამგვარი ფორმულირება ხელისუფლებას უტოვებს ბერკეტს დროებითი კონსტრუქციიდან მომდინარე საფრთხეები თუ ხელის შემშლელი ფაქტორები ყოველ ჯერზე, თვითნებურად შეაფასოს, მაშინ როდესაც, კანონმდებელს მოეთხოვება ,,რაც შეიძლება კონკრეტულად და ცხადად მოახდინოს ნებისმიერი უფლების შეზღუდვის რეგლამენტაცია...რათა არ დარჩეს ადამიანის უფლებების დამრღვევი განმარტების შესაძლებლობა.“[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ,,აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე და არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით. [2]

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ კანონპროექტზე გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ცვლილებებით გათვალისწინებული აკრძალვების პრაქტიკაში რეალიზება შესაძლოა დროებითი კონსტრუქციების განთავსების ბლანკეტურ აკრძალვას გაუტოლდეს. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, ,,საქართველოს კანონმდებლობაში უკვე არსებული გარანტიები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფომ, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში, პროპორციულად განახორციელოს უფლებაში ჩარევა ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებისთვის თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის განხორციელებას’’. შესაბამისად, შესაძლებელია კანონპროექტის პრაქტიკაში რეალიზებით მისი ის ფარული მოტივები გამოაშკარავდეს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სახელმწიფოს ინტერესების დაცვასთან თუ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარების რეალიზებასთან, არამედ პირიქით, საჯარო ინტერესების დაცვას კერძო ინტერესთა არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე ესწრაფვიან, რაც პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში უფლების შეზღუდვის მოქმედ სტანდარტებთან.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციასა თუ სამოქალაქო სექტორში არაერთ ლეგიტიმურ კითხვას აჩენს. მათ შორის, სადავოა, საერთოდ რამდენად პასუხობს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები იმ პრობლემას, რომლის გადაჭრასაც იგი მიზნად ისახავს, რატომ დასჭირდა კანონმდებელს ამკრძალავ ღონისძიებათა წრის გაფართოება იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მომდინარე საფრთხეებზე რეაგირება არსებული გარანტიების პირობებში ისედაც შესაძლებელია, ცვლილებებით გათვალისწინებული ზოგიერთი ტერმინის ბუნდოვანება ხომ არ აჩენს სახელმწიფო ორგანოების თვითნებობის რისკებს და საბოლოოდ, სამოქალაქო უფლებების არაცხადი მიზნებით შეზღუდვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე როგორ აისახება.