სოციალურ ქსელში ანგარიში Levan Tavdishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), რომის პაპის გაყალბებულ განცხადებას აქვეყნებს. პოსტის მტკიცებით, რომის პაპმა მრევლს მოუწოდა არ შეეშინდეს „ჩიპიზაციის“, თუკი ის იქნება შემოღებული, რამდენადაც ყველაფერი ხალხის ჯანმრთელობისთვის კეთდება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იერარქმა ასევე დადო პირობა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, თავად ჩაიდგამს კანქვეშ მოწყობილობას და აიძულებს ამის გაკეთებას ყველა კათოლიკე ეპისკოპოსს. რეალურად, აღნიშნული განცხადება რომის პაპს არ გაუკეთებია და Facebook-ანგარიშის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია 2020 წლის 28 აპრილს გამოქვეყნებულ გროტესკულ ტექსტს ეფუძნება.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) დადებითად შეაფასეს პაპის სიტყვები და ვატიკანში გარკვეული რაოდენობის თანამედროვე ჩიპების გაგზავნის პირობა დადეს. პოსტის მტკიცებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შესანიშნავი სიტყვები წარმოითქმება ესოდენ სულიერი და გავლენიანი ადამიანის მიერ. ეს დაეხმარება საზოგადოებას დაძაბულობის შემცირებაში და აარიდებს ზედმეტ საუბრებს ,,ჩიპიზაციის" მავნებლობის შესახებ." არც ერთ საძიებო სისტემაში, არც სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე, რომის პაპის, WHO-ის და ტედროს ადანომ გებრეისუსის მსგავსი განცხადებები არ იძებნება.
ამავდროულად, Facebook-ანგარიში ინფორმაციის გავრცელებისას ისეთ ვებგვერდზე განთავსებულ სტატიას ეყრდნობა, რომლის მთავარი გაფრთხილების მიხედვითაც, საიტზე განთავსებული ყველა ტექსტი გროტესკული პაროდიაა და რეალურ სიახლეს არ წარმოადგენს.
ამგვარად, მტკიცება, რომ რომის პაპმა მრევლს მოუწოდა, „ჩიპიზაციის“ არ შეეშინდეს, ყალბია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.