2011 წელს სტრასბურგის სასამართლოში წარმოებაში იყო 3000-ზე მეტი საქმე, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყნის პროგრესის მაჩვენებელია

ირაკლი ღარიბაშვილი: 2011 წელს სტრასბურგის სასამართლოში წარმოებაში იყო 3000-ზე მეტი საქმე, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყნის პროგრესის მაჩვენებელია

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე:

2011 წლის ბოლოს საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველი საქმეების რაოდენობა 3000-ს მართლაც აღემატება. თუმცა, ეს რიცხვი სასამართლოს მიერ წინა წლებში განუხილველ საქმეებსაც მოიცავს, რომელთა უმრავლესობა (1700-ზე მეტი) 2008 წელს რუსეთის მიზანმიმართული კამპანიის შედეგად, საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი სტრატეგიული საჩივრებია.

საქმეთა წარმოების სტატისტიკაზე გავლენა რუსეთის მიზანმიმართული კამპანიის გარდა, თავად ევროპულ სასამართლოსა თუეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესებმა, მაგალითად, სასამართლოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის მის გადატვირთულობაზე პასუხად რიგი რეფორმების გატარებამ იქონია, რამაც გადატვირთულობასთან მიმართებით არსებული გამოწვევები შეამცირა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, პრემიერის მიერ გაჟღერებული საანგარიშო პერიოდების შედარების გზით, სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის პროგრესის შესახებ დასკვნების გამოტანა, შეუძლებელია. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მეთოდოლოგია, რომელიც ზემოთ დასახელებულ სფეროებში ქვეყნის პროგრესის საილუსტრაციოდ მიმდინარე წლის მონაცემებს 12 წლის წინანდელ მონაცემებს შეადარებს, კონტექსტს მიღმა არ ტოვებდეს თავად ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში ასახული ტენდენციებს. შესაბამისად, ,,ფაქტ-მეტრი’’ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.

ანალიზი:

ხელისუფლების წარმომადგენლები ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით ქვეყნის პროგრესის ,,საილუსტრაციოდ’’ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს სისტემატურად იყენებენ.

აღნიშნულ საკითხზე ,,ფაქტ-მეტრმა’’ სხვადასხვა დროს არაერთი სტატია მოამზადა. ვრცლად იხ. ბმული 1, ბმული 2 .

2023 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ზემოაღნიშნული სტატისტიკა დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყნის პროგრესის ,,მკაფიო ინდიკატორად’’ დაასახელა. მისი თქმით, „ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. შედარებისთვის, 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო 3000-ზე მეტი საქმე და 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მონაცემებთან შედარებით“.

,,ფაქტ-მეტრმა’’ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გადაამოწმა.

ზემოაღნიშნულ განცხადებაში პრემიერი ზედმიწევნით იმეორებს 2023 წლის 22 ივნისს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე იყო, ხოლო 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი განიხილება“.

როგორც ვხედავთ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბექა ძამაშვილის განცხადებებში შესადარებელ მონაცემებად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წლების მიხედვით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა კი არ განიხილება, არამედ, შედარებული მონაცემები საანგარიშო პერიოდის ბოლოს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმეების რაოდენობას ასახავს.

ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ,,ფაქტ-მეტრმა’’ მხოლოდ 2011 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს მიმდინარე საქმეების რაოდენობა მოიკვლია და დაადგინა, რომ ეს რიცხვი მართლაც 3045-ის ტოლია (იხ.ცხრილი 1). 2023 წლის იანვრის მდგომარეობის ამსახველი მონაცემების მოპოვების მიზნით კი, იუსტიციის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მოწოდების შემთხვევაში, სტატიაში 2023 წლის მონაცემი დაზუსტდება.

ცხრილი N1 -საანგარიშო პერიოდის ბოლოს საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს დანაყოფების წინაშე განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეთა რაოდენობა (მიმდინარე საქმეები) (2007-2021 წლები).

წყარო: Gnomon Wise

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დანამდვილებით არ ვიცით რამდენი საქმე იყო 2023 წლის იანვრის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხაში, ეს ხელს არ გვიშლის შევაფასოთ პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის ვალიდურობა.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ 2011 წლის ბოლოს საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველი საქმეების ნუსხაში წინა წლებში სასამართლოს მიერ განუხილველი საქმეებიც იყრის თავს, რომელთა უმრავლესობა 2008 წელს რუსეთის მიზანმიმართული კამპანიის შედეგად საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრებია.

2008 წელს, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივრის შეტანის შემდეგ, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვლადიკავკაზში მოღვაწე ადვოკატების ხელით საქართველოს წინააღმდეგ 3 300-მდე ინდივიდუალური საჩივარი წარადგინა, რომელთა გავლენა სტატისტიკურ მონაცემებზე მხოლოდ 2022 წელს დასრულდა [1] (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი N2 -წლების მიხედვით ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა (2000-2018 წლები)

წყარო: Gnomon Wise

ცხრილი 3: ევროპული სასამართლოს დანაყოფებისთვის გადაცემული საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საჩივრები

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზემოთ წარდგენილი საჩივრების ნაწილი, კერძოდ, 5 კომუნიცირებული საქმე და 1549 საჩივარი სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა სიიდან 2010 წელს ამოიღეს იმ მიზეზით, რომ სასამართლოს არაერთი მცდელობის მიუხედავად, საჩივრის ავტორებთან პროცედურულად გათვალისწინებული კომუნიკაციის დამყარება ვერ მოხერხდა.[2]გამოდის, რომ მხოლოდ რუსეთის მიზანმიმართული კამპანიის მიზეზით, 2011 წლის სტატისტიკაზე გავლენა სულ მცირე 1700-მა საჩივარმა იქონია (საჩივრები, რომლებიც 2011 წლის მდგომარეობით ჯერ კიდევ არ არის ამორიცხული განსახილველი საქმეების ნუსხიდან).

აღსანიშნავია, რომ ამ კამპანიამ სტატისტიკურ მონაცემებზე გავლენა თავად ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდშიც იქონია, რადგან სტრასბურგის სასამართლომ ამ ტიპის საჩივრები განსახილველ საქმეთა სიიდან საბოლოოდ 2022 წლის 24 მარტის განჩინებით ამორიცხა, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ,,2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები ამოიწურა და ამ საკითხის ირგვლივ არსებული ყველა დავა დასრულდა“. [3]

დასკვნა

სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის პროგრესის შესახებ დასკვნების გამოსატანად მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების შედარება იმ შემთხვევაშია ვალიდური, თუ სტატისტიკური მონაცემები ერთმანეთთან შედარებადია. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროსასამართლოს სტატისტიკაზე უამრავმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა და, საბოლოო ჯამში, სურათი ისე შეიცვალა, რომ სხვადასხვა საანგარიშო პერიოდის ერთმანეთთან შედარება შეუძლებელი გახდა. ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს ორ ისეთ პერიოდს ადარებს, როდესაც სტატისტიკა განსხვავებულად იწარმოებოდა და ამ სტატისტიკით აღრიცხული საქმეების რაოდენობა, წინა ხელისუფლების პირობებში, სხვა ბევრი გარემო ფაქტორის გამო, გადაჭარბებულად დიდი მოჩანდა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ მოცემული სტატისტიკის ამგვარი ინტერპრეტირება შესაძლებელია, მაშინ თავად პრემიერის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიით, ვიღებთ სურათს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ქვეყანაში უარესდება. აქედან გამომდინარე სახეზეა ორი ფაქტორი - პრემიერი იყენებს არავალიდურ შედარებას და ამ შედარებითაც კი, კონტექსტს მიღმა ტოვებს სტატისტიკის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესება გამოჩნდებოდა. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, პრემიერის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მცდარი.

რედაქტორის შენიშვნა: მოცემული სტატიის მიზანი არ არის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შედარება წინა და მოქმედი ხელისუფლებების პირობებში. აღნიშნულის შედარებისთვის სხვა, უფრო კომპლექსური ინდიკატორები უნდა გამოვიყენოთ (მაგალითად, საერთაშორისო რეიტინგები: „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“, „კანონის უზენაესობის ინდექსი“, „დემოკრატიის ინდექსი“ და ა.შ.). ეს ინდიკატორები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ადამიანის უფლებების მიმართულებით პროგრესი, ძირითადად, 2016-2017 წლამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც პოზიციები რეიტინგებისა და ქულების მიხედვით, გაუარესდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). მოცემულ სტატიაში მიმოხილულია ევროსასამართლოს საქმეების სტატისტიკაზე დაყრდნობით ადამიანის უფლებების საკითხზე დასკვნების გამოტანის ვალიდურობა. მართალია, ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პირველ წლებში სხვადასხვა მიმართულებით მართლაც გაუმჯობესდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რასაც არაერთი საერთაშორისო რეიტინგიც მოწმობს, თუმცა 2016-2017 წლების შემდეგ შეფასებები, უმეტესწილად, გაუარესდა, რაც რეიტინგებში პოზიციის გაუარესებით გამოიხატა.

შესაბამისად, იმ პირობებშიც, თუ კი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის საილუსტრაციოდ მეტად ვალიდურ მეთოდოლოგიას გამოიყენებდა, მაგალითად, ადამიანის უფლებების მდგომარეობის ამსახველ რეიტინგებს დაეყრდნობოდა, თუმცა ერთმანეთს 2011 და და 2023 წლის მონაცემებს შეადარებდა, კონტექსტის მიღმა დარჩებოდა ის უმნიშვნელოვანესი ტენდენცია, რომლის მიხედვითაც უკანასკნელ წლებში საქართველოს შეფასებები უარესდება. აქედან გამომდინარე, ,,ფაქტ-მეტრი’’ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.

[1] Gnomon Wise - ,,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში’’ გვ 54

[2] იქვე.

[3] იქვე. გვ. 55