გიორგი ამილახვარი: [მართლმსაჯულების სისტემას] ხელშესახები შედეგები აქვს
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, გიორგი ამილახვრის განცხადება არის მანიპულირება.
ანალიზი:
2023 წლის 24 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა „დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის“ დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
მისი თქმით, სტრასბურგში მიმართვიანობის რიცხვი და საერთაშორისო კვლევები ადასტურებენ, რომ მართლმსაჯულების სისტემას წინა ხელისუფლებასთან შედარებით ხელშესახები შედეგები აქვს - „თუ ჩვენ ბოლო 10 წელს გავაანალიზებთ და წინა ხელისუფლების მართლმსაჯულების სისტემის შედეგებს და დღევანდელს შევადარებთ, მათ შორის, დამოუკიდებლობის ხარისხს, სტრასბურგში მიმართვიანობის რიცხვს, მოქალაქეთა სანდოობის კუთხით გაკეთებულ კვლევებს, საერთაშორისო კვლევებს - ეს არის ის შედეგები, რაც დღეს ხელშესახებია“.
,,ფაქტ-მეტრმა’’ გიორგი ამილახვრის განცხადება გადაამოწმა.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იყო. წინა ხელისუფლების პერიოდში არაერთმა გახმაურებულმა საქმემ გამოაჩინა, რომ კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ფაქტობრივად არ არსებობდა.
2012 წლის არჩევნებისთვის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარდაპირებას წარმოადგენდა. მმართველობის სხვადასხვა ეტაპზე გატარებულმა რეფორმებმა სასამართლო სისტემის მომწესრიგებელი ჩარჩო ფორმალურად გააუმჯობესა, თუმცა ხარისხიანი, დამოუკიდებელი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი მართლმსაჯულების სისტემის ფორმირება მაინც ვერ მოხერხდა.
არაერთი რეიტინგის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, დღესაც ლიდერია, თუმცა უკანასკნელ წლებში საქართველოს შეფასებები უარესდება.
მაგალითად, ,,კანონის უზენაესობის ინდექსის’’ მიხედვით, (რომელიც ქვეყნებს ისეთი კრიტერიუმების მიხედვით აფასებს, როგორიცაა ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა და სხვ.) 2014 წლის შემდეგ, საქართველოს საუკეთესო შეფასება 2015-2016 წლებში ჰქონდა. მას შემდეგ საქართველოს შეფასებები თანდათან უარესდება.
ამ ტენდენციას იზიარებს სხვა ისეთი საერთაშორისო რეიტინგები, როგორიცაა ადამიანის თავისუფლების ინდექსი, მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები და სხვ. შესაბამისად, პოლიტიკოსი შედეგების მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მმართველობის პერიოდთან შედარებით იმ თვალშისაცემ რეგრესს უგულებელყოფს, რომელიც ქართული მართლმსაჯულების სისტემამ მათივე მმართველობის პერიოდში განიცადა.
უფრო ვრცლად რეიტინგების შესახებ იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.
ხელისუფლების ხელშესახები შედეგების საილუსტრაციოდ გიორგი ამილახვარი საერთაშორისო რეიტინგებთან ერთად სტრასბურგში მიმართვიანობის რიცხვსაც იყენებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებს სისტემატური ხასიათი აქვთ და მას ხელისუფლების წარმომადგენლებიქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ მოქალაქეების ნდობის ხარისხის საზომად ხშირად იყენებენ.
რეალურად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია ვალიდური არაა, ვინაიდან ის წლების განმავლობაში მომხდარ იმ მნიშვნელოვან მოვლენებს არ ითვალისწინებს, რომელთაც მოცემულ სტატისტიკაზე გავლენა ჰქონდა და, შესაბამისად, ამგვარი შედარება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მის მიმართ ნდობის ხარისხზე დასკვნების გასაკეთებლად არ გამოდგება.
მაგალითად, სტატისტიკაზე გავლენის მქონე სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, საანგარიშო პერიოდების მიხედვით არსებული მონაცემების შედარებით, კონტექსტს მიღმა რჩება რუსეთის მიერ 2008 წელს მართული კამპანიის გავლენა სტატისტიკურ მონაცემებზე, რომლის შედეგადაც 2008 წელს რუსეთის სახელმწიფოს ორგანიზებითსამაჩაბლოში საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ 3 300-მდე ინდივიდუალური საჩივარი წარედგინა. კონტექსტის მიღმა რჩება ის ფაქტორიც, რომ 2014 წლიდან საჩივრის შეტანისპროცესი გართულდა.
შესაბამისად, სტატისტიკაზე გავლენის მქონე ფაქტორების კონტექსტის მიღმა დატოვება იმ მიზნით, რომ სასამართლოს სისტემაში დღეს არსებული გამოწვევების უგულებელყოფა მოხდეს, მანიპულაციურია, ხოლო სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობის კლებასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის პირდაპირპროპორციული კავშირისდანახვა - არაგონივრულია.
ვრცლად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ გიორგი ამილახვრის მიერ მოყვანილი არგუმენტები მართლმსაჯულების სისტემის რეალური მდგომარეობის წარმოსაჩენად საკმარისი არ არის. პოლიტიკოსი ბოლო 10 წლის შედეგებს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მმართველობის პერიოდს ადარებს, რითაც თავად ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში ამა თუ იმ სტატისტიკაში ასახულ მნიშვნელოვან რეგრესს კონტექსტს მიღმა ტოვებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ მის ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტითმანიპულირება.