ილია დარჩიაშვილი: საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში [რომლებიც სასამართლო სისტემას აფასებს] მოწინავე ადგილებს იკავებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ილია დარჩიაშვილის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: არაერთი რეიტინგის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, დღესაც ლიდერია და ეს შედეგი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებს უნდა დავუკავშიროთ. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ წლებში საქართველოს შეფასებები უარესდება და ქვეყნის პოზიციებს მოწინავეს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ამაზე მეტყველებს როგორც ილია დარჩიაშვილის მიერ განცხადებაში მაგალითად მოყვანილი, ისე სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების რეიტინგები, რომლებიც სტატიაშია განხილული. შესაბამისად, თვალშისაცემი რეგრესის უგულებელყოფით, იმაზე მითითება, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და, ზოგადად, რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს, მანიპულირებაა, მით უფრო, ქართველი მოსამართლეების დასანქცირების კონტექსტში. თვითონ ის ფაქტიც, რომ აშშ-მა ქართველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ილია დარჩიაშვილის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მანიპულირება.
ანალიზი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 6 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შესახებ განაცხადა. წერილში დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ „სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა“.
ამავე წერილში საგარეო საქმეთა მინისტრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემების აღმოფხვრაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემა ქმედითი გახდა და დღეს ის უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა.
„ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს“, - ვკითხულობთ წერილში.
„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებიც სასამართლო სისტემას აფასებს, მოწინავე ადგილებს ნამდვილად იკავებს, თუ - არა.
კანონის უზენაესობის ინდექსი
„კანონის უზენაესობის ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (WJP) ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგში ქვეყნები 8 ძირითადი კრიტერიუმისა და 44 ქვეკრიტერიუმის მიხედვით ფასდება. ესენია: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების აღსრულება, სამოქალაქო სამართალი და სისხლის სამართალი. რეიტინგი ქვეყნებს სკალაზე 0-დან 1 ქულამდე აფასებს, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია.
„კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველომ 2022 წელს 0.60 ქულა დაიმსახურა და მსოფლიო რეიტინგში, 140 ქვეყანას შორის, 49-ე ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება 0.01- ით ქულით გაუარესდა, ხოლო პოზიცია რეიტინგში - არ შეცვლილა. 2022 წლის შეფასებით, საქართველო ევროკავშირის, მხოლოდ 2 ქვეყანას, ბულგარეთსა და უნგრეთს უსწრებს. თუმცა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში საქართველო ლიდერია.
ცხრილი 1: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით 2014-2022 წლებში
წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი
რაც შეეხება წინა წლების მონაცემებს, როგორც ცხრილიდან ჩანს, 2014 წლის შემდეგ, საქართველოს საუკეთესო შეფასება 2015-2016 წლებში ჰქონდა. მას შემდეგ საქართველოს შეფასებები თანდათან მცირდება. ამასთან, რეიტინგში ქვეყნის პოზიცია 2015 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა. აღნიშნულის მიზეზი, გარდა შეფასების გაუარესებისა, ისიცაა, რომ ყოველწლიურად რეიტინგში შესაფასებელი ქვეყნების რაოდენობა იმატებს.
კორუფციის აღქმის ინდექსი
კიდევ ერთი საერთაშორისო რეიტინგი, რომელიც ილია დარჩიაშვილმა განცხადებაში ახსენა, „კორუფციის აღქმის“ ინდექსია. საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „კორუფციის აღქმის ინდექსს“ ყოველწლიურად აქვეყნებს. ინდექსი 180 ქვეყანას მოიცავს. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული, სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.
2022 წლის რეიტინგში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველოს რეიტინგში 100-დან 56 ქულა აქვს მინიჭებული და, 180 ქვეყანას შორის, იტალიისა და სლოვენიის გვერდით, 41-ე ადგილს იკავებს. 2021 წელს საქართველო 55 ქულით 45-ე ადგილს იკავებდა.
ცხრილი 2: „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2012-2022 წლებში
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს საუკეთესო შეფასება 2018 წელს ჰქონდა, ყველაზე ცუდი კი 2013 წელს.
2022 წლის რეიტინგის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს. ამასთან, საქართველო ევროპის საუკეთესო მონაცემების მქონე ქვეყნების ოცეულში შედის და მე-17 პოზიციაზეა ჩეხეთთან, იტალიასთან და სლოვენიასთან ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ 9 ქვეყანას უსწრებს.
მიუხედავად გასულ წელს რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესებისა, ორგანიზაცია, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ქვეყნის სტაგნაციაზე საუბრობს. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, საქართველო შეიყვანა 9 „საყურადღებო“ ქვეყნის სიაში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც რეგიონში ანტიკორუფციული ჩემპიონი იყო, ამჟამინდელი ხელისუფლება კლავს ყველანაირ იმპულსს ამ პრობლემასთან საბრძოლველად. „მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, - რომელსაც, როგორც საყოველთაოდ მიჩნეულია, აკონტროლებს საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, მიიტაცა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს დონეზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად დაუსჯელი რჩება“, - წერია საქართველოზე ორგანიზაციის შეფასებაში. იქვე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი საგანი, რის გამოც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, მაღალი დონის კორუფციის მიმართ უმოქმედობა იყო.
ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი
„ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „Heritage Foundation“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგი 4 კრიტერიუმისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, 12 სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. კერძოდ, საკუთრების უფლება, მართლმსაჯულების ეფექტურობა, მთავრობის კეთილსინდისიერება კანონის უზენაესობის კრიტერიუმშია გაერთიანებული. საგადასახადო ტვირთი, მთავრობის დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება მთავრობის ზომის კრიტერიუმშია გაერთიანებული. შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება მარეგულირებლის ეფექტურობაშია გაერთიანებული. ინვესტიციების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება და ფისკალური თავისუფლება ბაზრის ღიაობაში ერთიანდება. თითოეული ინდიკატორი 0-დან 100-მდე ქულით ფასდება, სადაც 100 საუკეთესო მაჩვენებელია.
2023 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო რეიტინგში 68.7 ქულით 35-ე ადგილს იკავებს და ევროპის რეგიონში 44 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა. კატეგორიაშია გასულ წელს, საქართველოს 71.8 ქულა ჰქონდა და რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის, როგორც შეფასება, ისე პოზიცია რეიტინგში, გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული 4 კრიტერიუმიდან, ყველაზე ცუდი შეფასებები საქართველოს კანონის უზენაესობის ნაწილში აქვს, კერძოდ, საკუთრების უფლებისა და მართლმსაჯულების კომპონენტებში. ამასთან, საქართველო „ზომიერად თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში ხვდება.
რაც შეეხება საქართველოს შეფასებების ტენდენციას 2012 წლის შემდეგ, როგორც ცხრილიდან ჩანს, ქვეყნის შეფასება პირველ ეტაპზე, უმეტესწილად, იმატებდა. მაქსიმალური შეფასება საქართველოს 2021 წელს ჰქონდა, რის შემდეგაც დაიწყო მკვეთრი კლება როგორც შეფასების თვალსაზრისით, ისე პოზიციურად. გასული 3 წლის განმავლობაში ქვეყანა რეიტინგში მე-12 დან 35-ე გადავიდა.
უშუალოდ მართლმსაჯულების კომპონენტში ქვეყანას მაქსიმალური შეფასება 2017 წელს ჰქონდა. მას შემდეგ, ჯერ კლების ტენდენცია დაფიქსირდა, 2020-2021 წლებში მოიმატა, 2022 წლიდან კი კვლავ რეგრესი განიცადა.
ცხრილი 3: „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით საქართველოს შეფასება 2012-2023 წლებში
წყარო: Heritage Foundation
ადამიანის თავისუფლების ინდექსი
„ადამიანის თავისუფლების ინდექსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. „ადამიანის თავისუფლების ინდექსი” ქვეყნებს 76 ინდიკატორზე დაყრდნობით 12 მიმართულებით (მათ შორის, კანონის უზენაესობის, საკუთრების უფლების და სამართლებრივი სისტემის მიხედვით) 10-ბალიანი ქულათა სისტემით აფასებს, სადაც 10 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია.
ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის თანახმად, საქართველოს ზოგადმა შეფასებამ იკლო და ქვეყანა 40-დან 43-ე პოზიციაზე გადავიდა. თუმცა, შეფასებამ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, 0.2 ქულით მოიმატა.
ცხრილი 4: „ადამიანის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2008-2020 წლებში
წყარო: ფრეიზერის ინსტიტუტი
როგორც ცხრილიდან ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის უზენაესობის კუთხით, საუკეთესო შეფასებები ქვეყანას 2014-2015 წლებში ჰქონდა. 2015 წლიდან შეფასებამ იკლო და 3 წლის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები
„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიო ბანკის მონაცემთა კვლევით ბაზას წარმოადგენს. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მმართველობას 6 ძირითადი კრიტერიუმით აფასებს. ესენია: კორუფციასთან ბრძოლა და მისი კონტროლი; კანონის უზენაესობა; რეგულირების ხარისხი; სახელმწიფოს ეფექტიანობა; პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივი გარემოს არსებობა; მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი. რეიტინგების შედგენისას მსოფლიო ბანკი 30-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, კვლევითი ცენტრის და ინსტიტუტის შეფასებებსა და ანგარიშებს ეყრდნობა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, მსოფლიო ბანკი ქვეყნების რეიტინგს თითოეული ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის მიხედვით ქმნის.
„კანონის უზენაესობის” ინდიკატორი ქვეყნებს საკუთრების უფლების დაცულობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის, პოლიციის სანდოობის, კრიმინოგენური ვითარებისა და ძალადობრივი გარემოს კრიტერიუმების მიხედვით აფასებს.
2021 წლის შეფასებაში საქართველომ 61.06 % მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით, 0.96 %-ით ნაკლებია. საყურადღებოა, რომ 2018 წლიდან საქართველოს შეფასება მუდმივად იკლებს.
გრაფიკი 1: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის“ ინდიკატორის მიხედვით 2012-21 წლებში
წყარო: მსოფლიო ბანკი
„კანონის უზენაესობის“ კუთხით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2014 და 2016 წლებში ჰქონდა. კანონის უზენაესობის ინდიკატორის მიხედვით, საქართველოს შეფასება ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შეფასებების საშუალო მაჩვენებელზე 5.23 ქულით ნაკლებია. „კანონის უზენაესობის“ ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის მხოლოდ 3 ქვეყანას, იტალიასა და ბულგარეთს უსწრებს.
Freedom House
გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, „Freedom House“ ქვეყნებს, თავისუფლების კუთხით, ყოველწლიურად აფასებს. „Freedom House - ის“ ყოველწლიური ანგარიშები წინა წლის მოვლენებს ასახავს. ორგანიზაცია ქვეყნის თავისუფლების დონეს ორი კატეგორიით - პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით, 100-ქულიანი სკალით აფასებს, სადაც 100 ქულა საუკეთესო შედეგია. შეფასებაში პოლიტიკურ უფლებებს 40, სამოქალაქო უფლებებს კი 60 ქულა ეთმობა.
2023 წლის მონაცემებით, საქართველო 100-დან 58 ქულით შეფასდა და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვში მოხვდა. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველომ 22, ხოლო სამოქალაქო უფლებების კუთხით 36 ქულა მიიღო. ქვეყანას 2022 წელსაც ანალოგიური შეფასებები ჰქონდა.
გრაფიკი 2: Freedom House -ის ყოველწლიური ანგარიშების მიხედვით, საქართველოს შეფასება 2014-2023 წლებში
წყარო: Freedom House
რაც შეეხება შეფასებების ტენდენციას, გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს საუკეთესო შეფასება 2017 წლის ანგარიშში ჰქონდა და მას შემდეგ, მუდმივ კლებას განიცდის [2].
უშუალოდ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, 2022 წლის[3] ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლოში მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ჩარევა სასამართლოებში რჩება არსებით პრობლემად, ისევე როგორც სასამართლო პროცესების გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა.
დასკვნა
საბოლოო ჯამში, ზემოთ განხილული რეიტინგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაზრდის კუთხით, ძირითადად, პოზიტიური ტენდენცია შეინიშნებოდა. თუმცა, 2016-2017 წლების შემდეგ სასამართლო ხელისუფლების შეფასებები, უმეტესწილად, უარესდება, რაც შეფასებების კლებასა და რეიტინგებში პოზიციის გაუარესებით გამოიხატება.
გარდა ციფრებში გამოხატული უკუსვლისა, ზოგიერთ ანგარიშში ქართული მართლმსაჯულების სისტემის მწვავე სიტყვიერ შეფასებებს ვხვდებით. ანგარიშებში საუბარია მმართველი პარტიის მიერ ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებასა და სასამართლო სისტემაში პროცესების გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე.
არაერთი რეიტინგის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, დღესაც ლიდერია, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებს უნდა დავუკავშიროთ. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ წლებში საქართველოს შეფასებები უარესდება და ქვეყნის პოზიციებს მოწინავეს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ამაზე მეტყველებს როგორც ილია დარჩიაშვილის მიერ განცხადებაში მაგალითად მოყვანილი, ისე სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების რეიტინგები, რომლებიც სტატიაშია განხილული. შესაბამისად, თვალშისაცემი რეგრესის უგულებელყოფით, იმაზე მითითება, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და, ზოგადად, რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს, მანიპულირებაა, მით უფრო, ქართველი მოსამართლეების დასანქცირების კონტექსტში. თვითონ ის ფაქტიც, რომ აშშ-მა ქართველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ილია დარჩიაშვილის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მანიპულირება.
[1] 2017 წლამდე მართლმსაჯულობის ეფექტურობა, როგორც ცალკე კომპონენტი, არ ფასდებოდა.
[2] 2014 წლამდე ორგანიზაცია ანგარიშებს განსხვავებული მეთოდოლოგიით ამზადებდა. შესაბამისად, მიმდინარე შეფასებების, უფრო ადრინდელი მონაცემებთან შედარება შეუძლებელია.
[3] 2023 წლის სრული ანგარიში ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა.