სოციალურ ქსელში Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3) ფოტოს აქვეყნებს, სადაც ცეცხლმოკიდებული შენობებია გამოსახული. ფოტოს თან ერთვის ფოტო ანაბეჭდი, რომელიც ავტორის რწმუნებით, ებრაელების მიერ პალესტინელების დაცინვას ასახავს, რომლებიც ღაზაში აფეთქებული საცხოვრებელი სახლის ფონზე ამბობენ - „თუ ღაზას მაცხოვრებლები ტერორისტები არ არიან, მაშინ ძალიან ცუდი ხალხი ყოფილა, რადგან თავის ღმერთს არ ყვარებია ეგენი - შველას შესთხოვენ და არ ეხმარებაო“. რეალურად, გამოქვეყნებული ფოტო 2021 წლის მაისში ისრაელსა და ჰამასს შორის გამართული საბრძოლო მოქმედებების დროს არის გადაღებული და 2023 წლის მოვლენებთან მცდარად არის დაკავშირებული. ასევე, მტკიცება, რომ ფოტოზე დართული წარწერა ისრაელის მოქალაქეებს ეკუთვნით, არ დასტურდება.
წლების განმავლობაში აღნიშნული ფოტო ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა დეზინფორმაციის სახით არაერთხელ გავრცელებულა. მას რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე მოვლენებსაც არასწორად უკავშირებდნენ. რეალურად, სურათი Agence France Presse-ის ფოტოგრაფს, მაჰმუდ ჰამსს ეკუთვნის და 2021 წლის 11 მაისს, ალ ჯაზირას ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში გვხვდება. ფოტოს თანდართულ წარწერაში ვკითხულობთ: „ისრაელის ძალები პალესტინის ტერიტორიას სამშაბათ დილამდე ბომბავდნენ, მიზანში ამოღებული იყო ხან იუნისი, ალ-ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკი და ალ-ზაიტუნის სამეზობლო".
ამგვარად, ფოტო ისრაელსა და ჰამას შორის 2021 წლის დაპირისპირებას ასახავს და მხარეებს შორის ამჟამად მიმდინარე ომთან კავშირი არ აქვს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.