Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), მორიგ ყალბ მტკიცებას ავრცელებს. პოსტს თან ერთვის ვიდეოც, რომელიც, მტკიცების თანახმად, ევროპარლამენტარის მიერ სასესიო დარბაზში უცნობი ნივთიერების (პოსტის ავტორი სავარაუდოდ კოკაინის მოხმარებაზე მიანიშნებს) მოხმარებას ასახავს. იდენტური ვიდეო 26 მარტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დმიტრი პოლიანსკიმ გააზიარა. პოლიანსკი წერს: „ზელენსკი უნდა იყოს ევროპარლამენტარი მას შემდეგ, რაც ის [პოლიტიკურად] გაკოტრდება უკრაინაში. მას არც კი მოუწევს არაფრის სწავლა!“.

სინამდვილეში, გავრცელებულ ვიდეოში არა ევროპარლამენტარი, არამედ ყოფილი ბუნდესტაგის წევრი იენს მაიერი ჩანს, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ის ექსტრემისტული ფრთის "Der Flügel"-ის წევრი იყო. არტიას მაიერი 2013 წელს, დაარსებისთანავე შეუერთდა. გერმანიაში AfD მოსკოვთან დაახლოებულ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევა: 2022 წელს ულტრამემარჯვენე პარტიის წევრები აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავიდნენ. ზოგიერთი მედიის ცნობით, აღნიშნული ვიზიტი კრემლის მიერ იყო დაფინანსებული. აღსანიშნავია ისიც, რომ პარტია ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. წარსულში AfD მხარს უჭერდა Nord Stream 2-ის გახსნასაც. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ევროსკეპტიციზმს უჭერს მხარს და იზიარებს რუსეთის პრეზიდენტის მიზნებს. AfD და კრემლი ასევე იზიარებენ ანტიამერიკულ პოზიციას.

გარდა იმისა, რომ კადრებში არა ევროპარლამენტარი, არამედ AfD-ის იენს მაიერი ჩანს, აღსანიშნავია ისიც, რომ პიროვნება, სავარაუდოდ, უკვამლო შესაყნოს თამბაქოს მოიხმარს და არა კოკაინს. ამასთან, იენს მაიერი ევროპარლამენტის წევრი არასდროს ყოფილა.

ამდენად, მტკიცება, რომ გავრცელებული ვიდეო ევროპარლამენტარის მიერ კოკაინის მოხმარებას ასახავს, ყალბია.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია