სოციალურ ქსელში Irakli Zakareishvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1; 2; 3), გერმანული ჟურნალის „Titanic”-ის გარეკანის ფოტოს ავრცელებს. გარეკანზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კარიკატურაა გამოსახული. გარეკანი ჰელოუინის თემატიკას ეხება, წარწერა კი ამგვარად ითარგმნება: „ამჯერად კანფეტები ყველას არ ეყოფა“. სინამდვილეში, აღნიშნული გარეკანი გაყალბებულია.

„Titanic” გერმანული სატირული ჟურნალია, რომელიც თვეში ერთხელ გამოდის. გაყალბებულ გარეკანზე დატანილი ინფორმაციის თანახმად, სწორედ ესაა ოქტომბრის თვის ნომერი და იგი რიგით მეთერთმეტეა.

სინამდვილეში, თუ ინფორმაციას ჟურნალის ოფიციალურ გვერდზე გადავამოწმებთ, აღმოვაჩენთ, რომ ოქტომბრის ნომერი უკვე გამოსულია და იგი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება (იხილეთ ფოტო). ამასთან იგი არა მე-11, არამედ მე-10 ნომერია.

საგულისხმოა, რომ „ფაქტ-მეტრს“ჟურნალ “Titanic”-ის სახელით გავრცელებული გაყალბებული გარეკანი აქამდეც გადაუმოწმებია.

ამგვარად, ინფორმაცია, თითქოს ჟურნალი „Titanic”-ის გარეკანზე ვოლოდიმირ ზელენსკის კარიკატურაა დაბეჭდილი, ყალბია.

------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.