[ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლობაში, ღია კარის სხდომის მოწვევა ვერ მოხერხდა

აკაკი გვიანიძე: პირველივე სხდომიდან, როდესაც ეს საკრებულო შეიკრიბა, ვითხოვდი ღია კარის სხდომის მოწვევას. ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო, რომელიც 2014 წელს ჩავწერეთ ამ რეგლამენტში... ამ ოთხი წლის განმავლობაში, ვერ მოხერხდა [ღია კარის სხდომის] მოწვევა. პირველად რომ მოვითხოვე, მომწერეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზი არაა გარემონტებული, ჩვენ სხვაგან ვიკრიბებით, როგორ ჩავატაროთო. იმის მერე, გარემონტდა ეს დარბაზი, მაგრამ არავის არ გაგვხსენებია ეს საკითხი.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი მიღებულია 2014 წლის 23 სექტემბერს. ამ დადგენილების მე-17 თავი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის წესებს განმარტავს. კერძოდ, 103-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა“) - ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც მოსმენამდე შვიდი დღით ადრე გამოიცემა. აკაკი გვიანიძემ აღნიშნულ საკითხზე ყურადღება 2023 წელსაც გაამახვილა. როგორც აღმოჩნდა, წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტით მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლება მუდმივად ირღვევა. ამ მოწვევის საკრებულოში, ღია კარის სხდომის მოწვევის შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარეს ბრძანება არ გამოუცია.
ამდენად, აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა აკაკი გვიანიძემ განაცხადა: „პირველივე სხდომიდან, როდესაც ეს საკრებულო შეიკრიბა, ვითხოვდი ღია კარის სხდომის მოწვევას. ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო, რომელიც 2014 წელს ჩავწერეთ ამ რეგლამენტში... ამ ოთხი წლის განმავლობაში, ვერ მოხერხდა [ღია კარის სხდომის] მოწვევა. პირველად რომ მოვითხოვე, მომწერეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზი არაა გარემონტებული, ჩვენ სხვაგან ვიკრიბებით, როგორ ჩავატაროთო. იმის მერე, გარემონტდა ეს დარბაზი, მაგრამ არავის არ გაგვხსენებია ეს საკითხი“.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი 2014 წლის სექტემბერში ამოქმედდა. ამ დოკუმენტის მე-17 თავი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის წესებს განმარტავს. კერძოდ, 103-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა“) ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც გამოიცემა მოსმენამდე შვიდი დღით ადრე. ამომრჩეველთა მოსმენას ესწრებიან საკრებულოს თანამდებობის პირები და წევრები, ასევე, მერი ან/და მერიის სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირები. „ღია კარის“ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა საკრებულოს აპარატს უნდა მიმართოს განცხადებით, სხდომამდე ორი დღით ადრე მაინც, აპარატმა განცხადებები უნდა დაარეგისტრიროს და გამომსვლელთა სია დაადგინოს, ხოლო სხდომაზე დასმული საკითხები აღრიცხოს და წარუდგინოს ბიუროს უახლოეს სხდომას. ბიურო გადაწყვეტს, ვის გადასცეს აღნიშნული საკითხები განსახილველად.

აკაკი გვიანიძემ „ღია კარის“ სხდომის მოწვევის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2023 წლის 30 ივნისს წერილობით მიმართა. დანართი 1 მისგან პასუხად მიიღო, რომ სხდომათა დარბაზში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, „ღია კარის სხდომის“ ჩატარება ვერ ხერხდება. დანართი 2 რამაზ ჯინჭარაძემ, რომელიც იმ დროს წარმომადგენლობით ორგანოს ხელმძღვანელობდა, გამოთქვა მზადყოფნა, რომ გვიანიძის მოთხოვნას სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განიხილავდა. იმავე წლის 6 ივლისს აკაკი გვიანიძემ რამაზ ჯინჭარაძეს კვლავ მისწერა და განმარტა, რომ დარბაზის რემონტის მომიზეზება ხელოვნური ბარიერია და სინამდვილეში, ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის კანონისმიერ ვალდებულებაზე უარის თქმა, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საკრებულო სხდომებს ალტერნატიულ სივრცეში მართავს და შესაძლებელია „ღია კარის სხდომაც“ შესაფერის დარბაზში გაიმართოს. დანართი 3 ამ მოთხოვნაზე გვიანიძეს, მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარისგან არგუმენტირებული პასუხი არ მიუღია. ფაქტ-მეტრმა ამის შესახებ სტატია 2024 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. იმავე წლის ოქტომბერში ჯინჭარაძე „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა. მან საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ისე დატოვა, რომ „ღია კარის“ სხდომა არ მოუწვევია.

„ფაქტ-მეტრმა“ საკრებულოს საქმიანობის ანგარიშები შეისწავლა. ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ღია კარის სხდომა“ 2018 წელს ჩატარდა. საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გზამკვლევის ერთ-ერთი თავი მოქალაქეებს სწორედ „ღია კარის“ სხდომაში ჩართულობის წესებს განუმარტავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ვერც მოწვევის საკრებულომ უზრუნველყო, რომ ამომრჩეველს რეგლამენტით მინიჭებული შესაძლებლობით ესარგებლა. ამასთან, საკრებულოს თავის ვებგვერდზე, 2023 წლის შემდეგ, წლიური ანგარიშებიც არ გაუახლებია.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რატომ არ იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე „ღია კარის“ სხდომებს. ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელს მივმართეთ და ვთხოვეთ, შესაბამის პირს ეპასუხა კითხვაზე, რატომ არ ტარდება „ღია კარის“ სხდომები. კომენტარი არავინ გააკეთა.

ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ ამ მოწვევის საკრებულოში ღია კარის სხდომა არ გამართულა. ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.