Facebook-ანგარიში ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platform სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, „სამეგრელოში, სენაკის სამშობიაროში პატარა "უკრაინა ტყებუჩავა'' დაიბადა. გოგონა 3.5000 გრამს იწონის და ჯანმრთელია. მშობლების განცხადებით, თუ უფალი მეორე ბავშვსაც აჩუქებს, აუცილებლად ვოლოდიმირს დაარქმევენ“, პოსტის ავტორი ასევე წერს, რომ ასევე „სოფელ ''ფოცხოში'' მაცხოვრებელმა წყვილმა ახალშობილს ''ბუჩა დაარქვა''.

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ მსგავსი შემთხვევა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება და მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ფეისბუქ პოსტშია მოცემული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტო, რომელიც პოსტს თან ერთვის, რუსულენოვანი ვებგვერდის A42.ru არქივიდანაა. ამ ფოტოთი იძებნება ამავე ვებგვერდის 2020 წლის სტატია.

ამავდროულად, Facebook-ანგარიში ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platform თავს პროდასავლურ პლატფორმად წარმოადგენს, თუმცა, რეალურად, ის დეზინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობაში აგრესიის მიზანმიმართულად გამოწვევას ცდილობს. მაგალითად, სწორედ აღნიშნულმა ვებ-გვერდმა გაავრცელა დეზინფორმაცია „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით, რომელიც თითქოს რუსთაველზე მსვლელობას გამართავდა (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ამდენად, მტკიცება, რომ სამეგრელოში ახალშობილს „უკრაინა“ ან „ბუჩა“ დაარქვეს, ყალბია. გვერდი, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს, ერთი შეხედვით, ანტირუსული და უკრაინის მხარდამჭერი გვერდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, სინამდვილეში, სწორედ ანტიუკრაინული განწყობების გაღვივებას ემსახურება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.