სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფოტოანაბეჭდს ავრცელებს, სადაც ირაკლი კობახიძის შემდეგი ყალბი ციტატაა წარმოდგენილი: .„ოცნების მხარდამჭერებს მოვუწოდებ „ფრეიმად“ დააყენეთ პალესტინის დროშა, სოლიდარობის ნიშნად“. ფოტოანაბეჭდზე, მეტი დამაჯერებლობისთვის, ჩანს ახალი ამბების სააგენტოს „News.on.ge" ლოგოც. რეალურად, ირაკლი კობახიძის ციტატა ყალბია, მას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. გადამოწმების შემდეგ ასევე დგინდება, რომ ახალი ამბების სააგენტოს „News.on.ge“ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.
გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, არც სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება.
აღნიშნულ თემაზე „ფაქტ-მეტრი“ ონლაინ გამოცემა News.on.ge-ს დაუკავშირდა. ონლაინ გამოცემამ დაადასტურა, რომ ირაკლი კობახიძის ციტატა მათ არ გამოუქვეყნებიათ. ასევე აღნიშნეს, რომ ფოტოანაბეჭდში News.on.ge -ის გავრცელებული კონტენტი (მათ შორის მენიუ, სათაურის ფონტი და მისი ფერი) განსხვავებულია. მაგალითისთვის, იხილეთ გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ბოლო სტატია:
ამდენად, მტკიცება, რომ ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს პროფილის ჩარჩოდ პალესტინის დროშის დაყენებისკენ მოუწოდებს, ყალბია. ამავდროულად, ფოტოანაბეჭდზე ახალი ამბების სააგენტოს ლოგო განზრახ არის ჩასმული. რეალურად, მსგავსი ინფორმაცია კომპანიის მიერ არ გავრცელებულა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.