სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ისრაელის დროშის დაწვის კადრები ჩანს. პოსტის ავტორი ვიდეოს აღწერაში უთითებს, რომ აღნიშნული პირები უკრაინელები არიან. რეალურად, აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებში 2019 წლიდან ცირკულირებს და მასზე მართლმადიდებელი ებრაელების მიერ ისრაელის დროშის დაწვაა აღბეჭდილი.
სინამდვილეში, აღნიშნულ ვიდეოს უკრაინასთან და მის მოქალაქეებთან საერთო არაფერი აქვს. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ვიდეო ინტერნეტში 2019 წლის ივლისიდან ქვეყნდება. მაგალითად, ერთ-ერთმა თურქულენოვანმა მედიამ, gaste24.com, 2019 წლის 4 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია რამდენიმე ებრაელის მიერ ისრაელის დროშის დაწვის ინციდენტის შესახებ, სათაურით „ებრაელებმა დაწვეს ისრაელის დროშა“. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს თან ახლავს აღწერა, სადაც ვკითხულობთ, რომ ისრაელში პოლიციელის მიერ ეთიოპიელი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო.
მსგავსი ინფორმაციას, თელავივში გამართულ საპროტესტო აქციაზე, ავრცელებს ონლაინ მედია საშუალება ahaber.com.tr. სტატიის სათაურში ვკითხულობთ, „ულტრა მართლმადიდებელმა ებრაელებმა დაწვეს ისრაელის დროშა“, სტატია ატვირთულია 2019 წლის 4 ივლისს.
ცნობისთვის, აღნიშნული მართლმადიდებელი ებრაელების ჯგუფი სიონიზმს ეწინააღმდეგება. მათ პროტესტის მსგავსი ფორმისთვის ადრეც მიუმართავთ, მაგალითად, 2017 წელს, იერუსალიმის მეა შეარიმის რაიონში, ქვეყნის 69-ე დამოუკიდებლობის დღეს, ისრაელის დროშადაწვეს.
ამდენად, მტკიცება, რომ ვიდეოში უკრაინელების მიერ ისრაელის დროშის დაწვა ჩანს, ყალბია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.