სოციალურ ქსელში Facebook-ის მომხმარებელი ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან დაკავშირებით პოსტს აზიარებს. „ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შინაური პირუტყვისთვის უნდა ჩართოს ფაიზერის და მოდერნას მიერ წარმოებული mRNA ვაქცინა ვითომ SARS-CoV-2 საწინააღმდეგოდ“,- წერია პოსტში. რეალურად, აშშ-ში მსგავსი სახის გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ქვეყანაში ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ ლიცენზირებული ცხოველური ვაქცინა, რომელიც იგივე mRNA მიდგომას იყენებს, როგორც ადამიანის COVID-19 ვაქცინები, არ არსებობს.
Facebook-ის მომხმარებელი პოსტს კომენტარების სახით ურთავს SGT Report-ის სტატიას სახელწოდებით: „შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) უნდა შეწყვიტოს „არ იკითხო, არ თქვა“ პოლიტიკა ვაქცინების შესახებ პირუტყვში, აცხადებს დამკვირვებელი ჯგუფი“. აღსანიშნავია, რომ SGT Report კონსპირაციის-ფსევდომეცნიერების კატეგორიის წყაროს წარმოადგენს, რომელიც გადაუმოწმებელი ინფორმაციას, მტკიცებულებების გარეშე, ხშირად აქვეყნებს.
აღნიშნული თემა ამერიკულმა მედია საშუალებებმა AP news, USA Today გადაამოწმეს.
„არ არსებობს არანაირი მოთხოვნა ან მანდატი, რომ მწარმოებლებმა თავიანთი პირუტყვი რაიმე დაავადების წინააღმდეგ აცრან“, განუცხადა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სპიკერმა მარისა პერიმ AP news. ექსპერტები მედიას განუმარტავენ, რომ ამჟამად აშშ-ში ლიცენზირებული ცხოველური ვაქცინა, რომელიც ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ იგივე mRNA მიდგომას იყენებს, როგორც ადამიანის COVID-19 ვაქცინები, არ არსებობს. mRNA ვაქცინა პირუტყვზე გამოსაყენებლად დამტკიცებული არ არის და ამ ტიპის ვაქცინა გამოსაყენებლად კომერციულადაც კი არ არის ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მეცხოველეობის ეროვნულმა ასოციაციამ (NCBA) მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში mRNA ვაქცინების გამოყენების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა:
„ამჟამად აშშ-ში არ არსებობს mRNA ვაქცინები, რომლებიც ლიცენზირებულია პირუტყვში გამოსაყენებლად. ფერმერები და მესაქონლეები პირუტყვს მრავალი დაავადების სამკურნალოდ და პრევენციისთვის უტარებენ აცრას, მაგრამ ამჟამად არცერთი ეს ვაქცინა არ შეიცავს mRNA ტექნოლოგიას“,- წერია განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ mRNA ვაქცინები ლიცენზირებულია ღორებისთვის, კატებისთვის და ძაღლებისთვის, ამ ვაქცინებს აქვთ „მრავალი ბიოლოგიური განსხვავება ადამიანებში გამოყენებულ COVID-19 mRNA ვაქცინასთან შედარებით“, განუცხადა USA Today-ს მარისა პერიმ, USDA-ს სპიკერმა.
მიუხედავად აქამდე ცხოველებში გამოყენებული ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტურობისა, პერიმ აღნიშნა, რომ არ არსებობს ე.წ. მანდატი, რომელიც ფერმერებს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას მოსთხოვს: „ეს არის პირადი და საქმიანი გადაწყვეტილება, რომელიც მწარმოებლებს ეკუთვნის და ასე დარჩება“.
ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა, შინაური პირუტყვისთვის ფაიზერის და მოდერნას მიერ წარმოებული mRNA ვაქცინებით აცრაზე მიიღო გადაწყვეტილება, მცდარია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.