სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2; 3) მორიგ ყალბ ამბავს ავრცელებს. ამჯერად იგი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გამოგონილ ციტატას აქვეყნებს. გავრცელებული პოსტის მიხედვით, „იენს სტოლტენბერგმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების ტრანსლაციას ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის მტკიცებულება უწოდა და მოითხოვა, რომ პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, ფინეთს და შვედეთს შეეზღუდათ ასეთი საშინელი კადრების ყურება“.
ამასთან, პოსტს თან არ ახლავს წყარო, რომელიც მის ავთენტურობაში დაგვარწმუნებს. პოსტში და არც მის აღწერაში არაა დაზუსტებული, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნული განცხადება სად ან როდის გააკეთა. თუ პოსტის შინაარსის მიხედვით ვიმსჯელებთ, ნატოს გენერალურ მდივანს დასახელებული კომენტარი რუსეთში ჩატარებული საზღვაო ძალების მარშის შემდეგ უნდა გაეკეთებინა. აღნიშნული მარში რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 2023 წლის 30 ივლისს ჩატარდა.
საგულისხმოა, რომ ნატოს ოფიციალურ გვერდზე, სადაც სტოლტენბერგის ყოველი გამოსვლის ტრანსკრიპტია ატვირთული, მსგავსი განცხადება არ იძებნება, მეტიც, ბოლო ოფიციალური განცხადება 19 ივლისითაა დათარიღებული, რომელშიც ყურადღება ჩრდილოეთ კოსოვოში არსებულ სიტუაციაზე და ნატო-ს ჩართულობაზეა გამახვილებული. გარდა ამისა, მსგავსი კომენტარი, პოსტი ან განცხადება არც ნატოს გენერალური მდივნის Twitter-ისა და Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე იძებნება. ამავდროულად, არც ქართულ და არც უცხოურ ღია წყაროებში იენს სტოლტენბერგის იდენტური ან შინაარსობრივად მიმსგავსებული ციტატა არ იძებნება.
ამგვარად, განცხადება გამოგონილია, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ იგი იენს სტოლტენბერგს ეკუთვნის.
---------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.