ნიკა მელია: ბოლო 3 წელიწადში, 25 000 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას. 2020-2022 წლებში საქართველოში 24,776-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
ნიკა მელია შობადობის „დრამატულ“ შემცირებაზე, რომელსაც მოსახლეობის ბუნებრივი კლება ლოგიკურად მოჰყვება, სწორად მიუთითებს. მის მიერ დასახელებული რიცხვიც სწორია, თუმცა დაბადებასა და გარდაცვალებას შორის ამგვარი დრამატული სხვაობა მხოლოდ შობადობის შემცირებას არ უკავშირდება. 2020-2021 წლებში ქვეყანაში სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა, რაც COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებს უკავშირდება. ამ უკანასკნელს ნიკა მელია განცხადებისას უგულებელყოფს. მიუხედავად ამისა, ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი კოვიდ პანდემიის შემდგომ პერიოდშიც შენარჩუნდა.
ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ ნიკა მელიას განცხადებას აფასებს ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
25 ივლისს, თოქ-შოუში „რეაქცია“, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა: „ბუნებრივი ზრდის მაჩვენებელი, შობადობა, დრამატულად მცირდება. არასოდეს ყოფილა ეს, რაც ახლა ხდება... ბოლო 3 წელიწადში, 25 000 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. არასოდეს არ ყოფილა ეს“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020-2022 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ყოველწლიურად უარყოფითი იყო. ამ პერიოდში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას 24,776-ით გადააჭარბა (იხილეთ გრაფიკი 1).
2008-2019 წლებში ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი დადებითი იყო, ანუ დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხოვნობას აჭარბებდა. თუმცა 2015 წლიდან ბუნებრივი მატების დადებითი კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდებოდა, რაც თავის მხრივ შობადობის შემცირებით იყო გამოწვეული. 2020-2021 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი განპირობებული იყო, როგორც შობადობის შემცირებით, ასევე სიკვდილიანობის ზრდით. 2020-2021 წლებში ქვეყანაში სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა, რაც COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებს უკავშირდება.
2022 წელს ქვეყანაში სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ აღემატებოდა (6 799 ერთეულით) შობადობის მაჩვენებელს, რაც ცალსახად შობადობის შემცირებით იყო განპირობებული.
გრაფიკი 1: ბუნებრივი მატების მაჩვენებლები, 2014-2022 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2022 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42,319 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.9%-ით ნაკლებია. 1994-2022 წლის მონაცემებით, შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ 2022 წელს დაფიქსირდა. 2015 წლიდან ქვეყანაში შობადობა (ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა), ასევე შობადობის კოეფიციენტი (1 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით) ყოველწლიურად მცირდება. (იხილეთ გრაფიკი 2).
გრაფიკი 2: შობადობის მაჩვენებლები, 2014-2022 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ამრიგად, გასული 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში შობადობა ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად მცირდება. შობადობის შემცირება ბუნებრივია იწვევს მოსახლეობის ბუნებრივი მატების კლებას. 2015-2019 წლებში ქვეყანაში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდებოდა, ხოლო 2020-2022 წლებში კი ბუნებრივი კლება დაფიქსირდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას გადააჭარბა.
ნიკა მელიას სწორად მიუთითებს შობადობისა და ბუნებრივი მატების მაჩვენებლის „დრამატულ“ კლებაზე, ამასთან მის მიერ დასახელებული რიცხვები სწორია. თუმცა განცხადებაში გასული სამი წლის მაჩვენებელს აჯამებს და უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ 2020-2021 წლების ბუნებრივი კლების მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდამ იქონია.