სოციალურ ქსელში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია(1,2,3), ყოფილი ამერიკელი გენერლის ჯეკ კინის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს. „ამერიკელი გენერლის აღიარება: „ჩვენ მხოლოდ 66 მილიარდი გადავიხადეთ, რომ უკრაინელები დაიღუპონ აშშ-ს ინტერესებისთვის რუსეთთან ომში“, როგორც ჩანს, ისინი მშვენივრად ხედავენ, რომ რუსეთს ამ ომში ვერ დაამარცხებენ!..მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ თავის გადაყრილ მილიარდებზე იტირონ“,- წერია პოსტში. რეალურად, ჯეკ კინს აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია.
ნონა შარაბიძე გამოქვეყნებულ პოსტ ჯეკ კინის ფოტოს ურთავს. ჯეკ კინი, რომელიც აშშ-ს არმიის ყოფილი გენერალი და შტაბის უფროსის მოადგილე იყო, ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკოსია. მან 2022 წლის ოქტომბერში Fox Business-ის გადაცემაში „Cavuto: Coast to Coast“ აშშ-ს მხრიდან უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, 66 მილიარდი დოლარი დახმარებით, უკრაინა ანადგურებს რუსეთის არმიას და ამცირებს ბირთვული ომის რისკს.
„ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად არის დაახლოებით 66%. ეს საკმაოდ სოლიდურია, მაგრამ არის ხალხი კონგრესში, ზოგიერთი მათგანი რესპუბლიკელი, რომლებიც ყოველთვის გამოხატავდნენ გარკვეულ შეშფოთებას უკრაინაში ფულის დახარჯვასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს $6 ტრილიონი ბიუჯეტი (..) ჩვენ წელს უკრაინაში 66 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ და ეს არის [ბიუჯეტის] 1,1%. რას ვიღებთ ამ ინვესტიციისთვის? ჩვენ გვყავს პუტინი, რომელიც წლების განმავლობაში სერიოზულად არ აღვიქვამდით მიუხედავად საქართველოსა 2008 წელს, მიუხედავად სირიისა, მიუხედავად ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინისა 2014 წელს“. (...) 66 მილიარდ დოლარად, რასაც ჩვენ ვიღებთ არის ის, რომ უკრაინა ებრძვის, ის ფაქტობრივად ბრძოლის ველზე ანადგურებს რუსეთის, რაც მას წლებით უკან დახევს“,- აღნიშნა ყოფილმა გენერალმა.
ამდენად, ნონა შარაბიძის მიერ გავრცელებული ციტატა ყოფილი გენერლის აღიარებასთან დაკავშირებით, ყალბია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.