სოციალურ ქსელში facebook-გვერდი „საქართველო უპირველეს ყოვლისა • Georgia First“ მელ გიბსონის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის თანახმად, მელ გიბსონი, ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, ჰოლივუდის ელიტას კიდევ ერთხელ ამხელს და ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ქმნის. რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.
მელ გიბსონი, ფილმის „ქრისტეს ვნებანი“ რეჟისორი, მედიის ყურადღების ცენტრში - მისი რასისტული, ანტისემიტური და სექსისტური კომენტარების გამო, არაერთხელ მოექცა. ამჯერად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ჰოლივუდის ელიტას კორუფციაში ამხელს და მისი ახალი დოკუმენტური ფილმიც გამოავლენს ბავშვთა ტრეფიკინგის ქსელს უკრაინასა და სხვა მრავალ ქვეყანაში.
აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება (1,2,3,4), სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ შეამოწმა, მათ შორის, Fakenews.pl, Politifact, Snopes.
რაც შეეხება ქართულ Facebook-გვერდის „საქართველო უპირველეს ყოვლისა • Georgia First“ მიერ გაზიარებულ ბმულს, ის მთლიანად ეყრდნობა „The People’s Voice”-ის სტატიას შემდეგი სახელწოდებით: „მელ გიბსონი: ჰოლივუდის ელიტა ცდილობს ჩემს მოკვლას პედოფილური ბეჭდის გამოვლენისთვის“. ცნობისთვის, „The People’s Voice“ დეზინფორმაცია (1,2,3) აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია.
აღნიშნულ სტატიებში რამდენიმე დეზინფორმაციული გზავნილია:
დეზინფორმაცია 1: მელ გიბსონმა ჰოლივუდს „პარაზიტების ბუდე“ უწოდა, რომელიც „ბავშვების სისხლით ტკბება“
“The People’s Voice” და „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ სტატიებს შემდეგი სიტყვებით იწყებენ: „მელ გიბსონი მას შემდეგ შიშით ცხოვრობს, რაც პირობა დადო, რომ ჰოლივუდში მოქმედ ელიტურ პედოფილურ ქსელს გამოააშკარავებს. გიბსონის თქმით, ჰოლივუდის ელიტამ უკვე სცადა მისი გაჩუმება და კარიერის განადგურება, თუმცა უშედეგოდ, რადგან ადამიანები აცნობიერებენ, რომ იგი სიმართლეს ამბობს“. გამოცემები აღნიშნავენ, რომ პოპულარულმა მსახიობმა ისტებლიშმენტი პირველად 2017 წელს განარისხა, როდესაც ჰოლივუდს „პარაზიტების ბუნაგი“ უწოდა, რომელიც „ბავშვების სისხლით ტკბება“.
რეალურად, აღნიშნული განცხადება მელ გიბსონს არ გაუკეთებია. სოციალურ ქსელში აღნიშნული ყალბი ციტატის გავრცელებისას წყაროდ yournewswire-ის სტატიას იყენებენ, რომელიც მელ გიბსონს აღნიშნული ფრაზების გარდა, სხვა გამოგონილ ციტატებსაც მიაწერს: „ისინი იღებენ ბავშვების სისხლს. ისინი ჭამენ მათ ხორცს. მათ სჯერათ, რომ ეს მათ სიცოცხლის ძალას აძლევს“. აღნიშნულ სტატიაში ნათქვამია, რომ გიბსონი ასეთ კომენტარს ბრიტანულ გადაცემა „The Graham Norton Show“-ში გამოსვლისას აკეთებს. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ გადაცემაში გიბსონს ასეთი განცხადებები არ გაუკეთებია.
ციტატებთან დაკავშირებით მელ გიბსონის სპიკერმა ამერიკულ გამოცემა Newsweek-ს განუცხადა, რომ მსგავსი განცხადებები, რომლებსაც ვარსკვლავს მიაკუთვნებენ, „სრულიად მცდარია“.
დეზინფორმაცია 2 : მელ გიბსონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „არაფერი აქვს დასაკარგი“ და გადაწყვიტა, ელიტური პედოფილიისა და ბავშვთა ტრეფიკინგის აღმოფხვრაში მონაწილეობა მიიღოს, რისთვისაც ის ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს
The people’s voice-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ გიბსონი ისევ არ ემორჩილება ჰოლივუდს, ის ტიმ ბალარდთან და ჯიმ კავიზელთან თანამშრომლობით იღებს დოკუმენტურ ფილმს სახელწოდებით „თავისუფლების ხმა“( Sound of Freedom).
აღნიშნულ თემაზე, ამერიკულმა გამოცემა Newsweek-მა იმუშავა. გამოცემა წერს, რომ ცნობები გიბსონის პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ არის დადასტურებული.
დოკუმენტური ფილმის შესახებ ინფორმაცია პირველად „Operation Underground Railroad“-ის (O.U.R.) დამფუძნებელმა, ტიმ ბალარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბალარდმა მიმოიხილა ოპერაცია სახელად „დამალული ომი“, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ ასეულობით ბავშვი გადაარჩინა. ბალარდი ამტკიცებს, რომ გიბსონმა მას 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებისას დაურეკა და სთხოვა, ბავშვების გადარჩენაში დახმარებოდა. თუმცა პრესკონფერენციაზე დოკუმენტურ ფილმ „Sound of Freedom”-ის შესახებ ბალარდი აღნიშნავს, რომ ცნობები თითქოს მელ გიბსონი ქმნის ამ ფილმს, არ არის ზუსტი. გიბსონი მას მხოლოდ გადაღებების დაწყების პროცესში დაეხმარა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დოკუმენტური ფილმის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე Leading Report-ის მიერ გავრცელდა, რასაც თან თავად ტვიტერის გაფრთხილება ახლავს (იხილეთ ფოტოზე).
ცნობისთვის, მელ გიბსონზე აქამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ის როტშილდების ოჯახის სამხილებლად ფილმის გადაღებას აპირებდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციაც მცდარი აღმოჩნდა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.