სოციალურ ქსლეში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ მორიგი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. მტკიცების თანახმად, 2022 წელს მსახიობმა ბენ სტილერმა ზელენსკის შეხვედრისას უთხრა, რომ ის კომიკოსია და ქვეყნის მართვა მისი საქმე არ არის.

სინამდვილეში, გავრცელებული მტკიცება ყალბია. მედიაში აქტიურად გავრცელდა მსახიობის ზელენსკისთან შეხვედრის კადრები (1,2,3), სადაც ის პრეზიდენტს გმირს უწოდებს: „თქვენ ჩემი გმირი ხართ. ამისთვის თქვენ წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე თქვით უარი. რაც თქვენ გააკეთეთ და როგორც გააერთიანეთ ქვეყანა და მსოფლიო, ეს ნამდვილად შთამაგონებელია“, – მიმართა ბენ სტილერმა უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრისას.

ბენ სტილერი ზელენსკის კიევში 2022 წლის 20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს შეხვდა. უკრაინაში ვიზიტის დროს სტილერი ირპინშიც იმყოფებოდა, სადაც რუსეთის შეჭრის პირველ თვეებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.

ამდენად, მტკიცება, თითქოს მსახიობმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ მას ქვეყნის მართვა არ შეუძლია, არც ერთ ღია წყაროში არ იძებნება და ყალბია. სტილერმა შეხვედრისას ზელენსკის გმირი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამსახურისთვის მან წარმატებული სამსახიობო კარიერა დათმო.

..................................

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.