31 მაისს გადაცემის - „დღის კომენტარი 12:30 საათზე“ (1:14:44) თანაწამყვანმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა „ალტ-ინფოს“ ეთერში გააჟღერა მტკიცება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავდაპირველად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აღნიშნავდა.

„ჩვენ გვახსოვს ნაციონალური მოძრაობა ჩვეულებრივად რვა აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს. უცბად, რაღაცა პერიოდში გამოაცხადეს ისევ ნაცებმა, რომ ვინც ამბობს რვაში დაიწყო [ომი] და არა შვიდში, ის არის მოღალატე...“, - განაცხადა მან.

სინამდვილეში, ომის დაწყების თარიღი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ თავიდანვე 7 აგვისტოს აღინიშნებოდა. კერძოდ, 2009 წლის აგვისტოში, ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება სწორედ 7 აგვისტოს გაიმართა. ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად შედგა წუთიერი დუმილი, 7 აგვისტოს დადგომისას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში დაინთო ერთიანობის კოცონი. რუსთაველის გამზირზე რუსეთის ოკუპაციის თემასთან დაკავშირებული აქცია-გამოფენა გაიმართა, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში კი ერთდროულად დარეკეს ზარები.

დამატებით აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 6 აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ აგვისტოს ომის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ რუსული არმიის დაახლოებით 150 ჯავშანტექნიკა და სატვირთო მანქანა როკის გვირაბში 7 აგვისტოს გამთენიის 03:41 საათზე შევიდა, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების საარტილერიო ქვედანაყოფებმა უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების თანახმად, საპასუხო ცეცხლი მხოლოდ 7 აგვისტოს ღამის 23:50 საათზე გახსნეს. ამდენად, ქართული მხარის ოფიციალური ვერსია ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მუდმივად იყო 7 აგვისტო, ანუ რუსული სამხედრო ნაწილების მიერ როკის გვირაბის გადმოკვეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის დრო.

ოფიციალურად, 2008 წლის ომის დაწყების თარიღი მომდევნო წლებშიც 7 აგვისტოს აღინიშნებოდა.

მაგალითად, 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ჩანს, რომ 7 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი აგვისტოს ომის ორი წლისთავს კოლუმბიიდან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ომი 7 აგვისტოზე ბევრად ადრე დაიწყო და აგრესია დღესაც გრძელდება“.

2012 წელს კი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა 2008 წლის ომის მორიგ წლისთავზე განცხადება გორიდან, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ამ დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის ათასობით შავ დღეს შორის „ყველაზე მტკივნეული და მოუშუშებელი“ უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლი „7 აგვისტოს წლების განმავლობაში ამზადებდა“.

ამდენად, მტკიცება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად თავდაპირველად 8 აგვისტოს აღნიშნავდა, ყალბია. სინამდვილეში, 2009 წლიდანვე ოფიციალურ დონეზე ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტო მიიჩნევა, რაც იმ პერიოდის უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებით და გამოქვეყნებული ანგარიშებითაც დასტურდება.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.