12 მაისს პრორუსული ალტ-ინფოს ეთერში გადაცემაში „დღის კომენტარი 12:30 საათზე“ წამყვანმა - მარიკა კუბლაშვილმა, დეზინფორმაციული გზავნილები გააჟღერა. მისი მტკიცებით ლიბერალებისთვის დამახასიათებელია კლიმატის ცვლილებების გამო არაბუნებრივი ქმედებების განხორციელება. ერთ-ერთ მაგალითად, მას ავსტრალიაში 2020 წელს 5000 აქლემის დახოცვის შემთხვევა მოჰყავს და ამტკიცებს, რომ ავსტრალიაში აქლემების მოკვლა მათ მიერ გარემოში ზედმეტი მეთანის გამოყოფას მოჰყვა.

„ლიბერალების ერთ-ერთი მიმართულება ყველამ ვიცით ერთი არის ეს lgbtq სიმახინჯეები, მეორე ვთქვათ არის ეს კლიმატიდან გამოწვეულ საფრთხეებზე გაგიჟება, რომ მწერები უნდა ჭამოს კაცობრიობამ და კალიები და ა.შ. […] მე მახსოვს ავსტრალიაში აქლემები დახოცეს იმიტომ, რომ კლიმატისთვის ზედმეტ მეთანს გამოყოფენო და ნადირობა გაიმართა. ეს იყო დაახლოებით 4 წლის წინ და უამრავი აქლემი დახოცეს ავსტრალიაში. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება. [...] უნდა ვიცოდეთ ჩვენ ეს ყველაფერი. მთელი სიმახინჯე ლიბერალიზმის უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ შესაფერისი ფარი შევქმნათ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მომავალი თაობები....“

სინამდვილეში, ავსტრალიაში აქლემები 2020 წელს 5-დღიანი კამპანიის ფარგლებში მართლაც დახოცეს, თუმცა ეს ფაქტი არა აქლემების მიერ მეთანის გამოყოფას, არამედ მათ მიერ ადამიანების სიცოცხლისთვის შექმნილ საფრთხეს უკავშირდებოდა.

2019 წელი ავსტრალიისთვის აქამდე აღრიცხული ყველაზე ცხელი და მშრალი წელი იყო, რამაც ქვეყანაში ხანგრძლივი ხანძრები და წყლის სიმცირე გამოიწვია. გვალვისა და ექსტრემალური სიცხის გამო, აბორიგენი მოსახლეობის განსახლების ადგილებისკენ ამ ტერიტორიებისთვის არამკვიდრი აქლემების ძალიან დიდი ჯგუფი გადაადგილდებოდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებულ ისედაც მწირ საკვებს და სასმელი წყლის რაოდენობას ამცირებდა, ინფრასტრუქტურას აზიანებდა და მძღოლებისთვის საფრთხეს ქმნიდა.

ავსტრალიაში აბორიგენი მოსახლეობით დასახლებული Anangu Pitjantjatjara Yankunytjatjara (APY) მიწების გენერალური მენეჯერი - რიჩარდ კინგი აცხადებდა, რომ გვალვისგან დასუსტებული აქლემები წყლის რეზერვებთან ახლოს ხშირად იხოცებოდნენ, რითაც ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ენდემური ცხოველებსა და ფრინველებს საჭირო წყლის რესურსებს აბინძურებდნენ.

რიჩარდ კინგის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თემებისთვის წყლის მარაგები დაიცვან და უპირველეს პრიორიტეტად მცირეწლოვანი ბავშვების, მოხუცების, ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის სიცოცხლე დააყენონ.

ავსტრალიაში ამჟამად მილიონზე მეტი აქლემი სახლობს, ისინი კონტინენტზე 1840-იანი წლებში ჩამოასახლეს და ისინი ტერიტორიების აღმოსაჩენად და პროდუქციის ტრანსპორტისთვის გამოიყენებოდა. აქლემთა პოპულაცია ავსტრალიაში დღემდე სწრაფად მზარდია.

ავსტრალიის ხელისუფლების მიერ აქლემების დახოცვის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკული შეფასებები გამოიწვია, თუმცა მტკიცება, რომ აქლემები ზედმეტი მეთანის გამოყოფის გამო დახოცეს, ყალბია.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.