Facebook მომხმარებელი Дженни Бурджанадзе, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც რამდენჯერმე გადაუმოწმებია, (1; 2) მორიგ ყალბ ამბავს ავრცელებს.

როგორც თავად პოსტის ავტორი ამბობს, „900-ზე მეტი პოლონური სატვირთო მანქანა დგას ბელორუსის საზღვართან. ხომ დგანან თქვენი სატვირთოები ბელორუსის საზღვართან? კიდევ დიდხანს იდგებიან. არ გინდოდათ ჩვენთან კეთილი მეზობლობა? ჰოდა, თუ არ გინდოდათ, იდექით მანდ და ჭამეთ ახლა თქვენივე დათესილ-მომკილი მწარე ნაყოფის პირველი ლუკმები." ასე პასუხობენ რუსოფობ პოლონელებს ბელორუსები და რუსები“.

ინფორმაციის გადამოწმებისას, მსგავსი შინაარსის სტატია სპუტნიკ-ბელარუსზე მოიძებნა, რომელიც 2023 წლის მარტშია გამოქვეყნებული. სტატიაში ნათქვამია, რომ ბელარუსის საზღვარზე მეზობელ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სატვირთო მანქანების რიგებია დაფიქსირებული და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას საზღვარზე 900-ზე მეტი სატვირთო მანქანა ელოდება. სპუტნიკ ბელარუსის თანახმად, სატვირთო მანქანების უმეტესობა ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე იყო, ჯამში 450-ზე მეტი მანქანა.

პოლონეთსა და ბელარუსს შორის მიმოსვლა თავისუფლად ნამდვილად აღარ ხდება, თუმცა ქართულენოვან სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბელარუსის საზღვართან ამჟამად 900 პოლონური სატვირთოა და ბელარუსი მათ განზრახ აყოვნებს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ორ ქვეყანას შორის არსებული ცალკეული სასაზღვრო პუნქტი ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში პოლონეთმა ჩაკეტა და მის ამ ნაბიჯს ბელარუსისგან კონტრშეზღუდვებიც მოჰყვა. 2023 წლის მაისის ბოლოს კი, პოლონეთმა ბელარუსში რეგისტრირებულ სატვირთოებს მიმოსვლა სრულად აუკრძალა.

პოლონეთმა 10 თებერვალს, მას შემდეგ რაც ბელორუსმა პოლონური წარმოშობის ოპოზიციონერ ჟურნალისტს ანდჟეი პოცობუტს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, გადაწყვიტა, საკვანძო სასაზღვრო გადასასვლელი ბობროვნიკში - ვარშავიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 200 კილომეტრში, დაეკეტა. საპასუხოდ, მინსკმა პოლონური სატვირთო მანქანების შესვლა მხოლოდ კუკურიკის სასაზღვრო პუნქტიდან დაუშვა და მათ ლიეტუვისა და ლატვიის საზღვრებზე არსებული გადასასვლელების გამოყენება აუკრძალა. კუკურიკის სასაზღვრო გადასასვლელი ერთადერთი გზა დარჩა და ამ გადაწყვეტილებების შედეგად, თებერვალში დაახლოებით 1,500 მძიმე სატვირთო მანქანას პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან რიგში დგომა მოუწიათ.

თებერვლის შემდეგ, მოგვიანებით, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე სატვირთოების რიგები 2023 წლის მაისის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც პროტესტის ნიშნად სატვირთო მანქანების პოლონელი მძღოლები ბელარუსსა და უკრაინასთან პოლონეთის სატვირთო გადასასვლელებს ბლოკავდნენ. სატვირთო მანქანების მძღოლები ჩიოდნენ, რომ უკრაინელი და ბელარუსი მძღოლები პოლონეთში სატრანსპორტო მომსახურებას ისეთ დაბალ ფასად სთავაზობდნენ, რაც მათ არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებდათ.

უახლესი ინფორმაცია პოლონეთსა და ბელარუს შორის მიმოსვლაზე პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას - რუსული და ბელარუსული მანქანების სატვირთო მიმოსვლის აკრძალვაზე, უკავშირდება. როგორც პოლონური საინფორმაციო სააგენტო PAP იტყობინება, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ 2023 წლის 29 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ბელარუსის საზღვარზე რუსული და ბელარუსული მანქანების სატვირთო მიმოსვლას აჩერებს.

შეზღუდვა ეხება ბელარუსში ან რუსეთში რეგისტრირებულ სატვირთო მანქანებს, ტრაქტორ-მისაბმელებს, მისაბმელებსა და ნახევრადმისაბმელებს, წერს PAP. შეზღუდვა 1 ივნისიდან „შემდეგ ბრძანებამდე“ გაგრძელდება.

საგულისხმოა, რომ პოლონეთი 26 მაისიდან განიხილავდა, აღმოსავლეთი საზღვარი ბელარუსსა და რუსეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის ჩაეკეტა.

გარდა ამისა, ფოტოსურათი, რომელიც პოსტს თან ერთვის, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარს არ ასახავს. სურათი პირველად 2020 წელს იძებნება და დოვერის პორტში გაჩერებულ სატვირთოებს აჩვენებს, რომელიც საფრანგეთამდე გაერთიანებული სამეფოს ბოლო გაჩერებაა.

------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.