Facebook-მომხმარებელი Теимураз Бакрадзе სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის დემარშის პარალელურად, რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება. გავრცელებულ პოსტს თან ერთვის ფოტოანაბეჭდი, სადაც ჩანს, რომ ონლაინ პლატფორმა Avia Charter მომხმარებელს მოსკოვი-ბერლინის პირდაპირ ფრენებს სთავაზობს.
Air Charter-ის ვებგვერდზე ბერლინის მიმართულებით პირდაპირი ფრენების სექციაში ფრანგული ავიაკომპანია AirFrance-ის 2023 წლის 17 ნოემბრის რეისი ჩანს.
აღნიშნული ბილეთის არჩევის შემდგომ ვებგვერდი AirFrance-ის 17 ნოემბრის ხუთ რეისს გვთავაზობს, თუმცა იქვე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვი-ბერლინის პირდაპირი ფრენა არც ერთი მათგანი არ არის. Avia Charter-ის თანახმად, AirFrance მოსკოვი-პარიზი-ბერლინის რეისს ასრულებს, თუმცა არც ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს – AirFrance-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მოსკოვი-პარიზი-ბერლინის ფრენა არ იძებნება.
27 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და მომსახურების მიღება აკრძალა. იმავე დღეს, ავიაკომპანია Air France-მა რუსეთში ფრენებისა და რუსეთის ავია სივრცის გამოყენების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
ევროსაბჭოს 2014 წლის 31 ივლისის რეგულაცია No 833/2014 -ის თანახმად:
1. აკრძალულია დოკუმენტის XI დანართში ჩამოთვლილი, ავია ან კოსმოსური ინდუსტრიისათვის განკუთვნილი საქონლისა და ტექნოლოგიების (თვითმფრინავები და მისი ნაწილები, კომპონენტები), ასევე XX დანართში ჩამოთვლილი საავიაციო საწვავის და მისი დანამატების მიყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი, პირდაპირ ან ირიბად, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, ორგანიზაციისა და სტრუქტურისათვის რუსეთში, ან რუსეთში გამოსაყენებლად.
2.აკრძალულია XI დანართში მითითებულ აქტივებთან დაკავშირებით დაზღვევისა და გადაზღვევის სერვისის მიწოდება ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, ორგანიზაციისა და სტრუქტურისათვის რუსეთში, ან რუსეთში გამოსაყენებლად.
3.აკრძალულია ნებისმიერი შემდეგი სახის სერვისის ან მათი ნებისმიერი კომბინაციის, გარდა გაფრენის წინა ინსპექტირებისა, მიწოდება ნებისმიერი თვითმფრინავისა და თვითმფრინავის კომპონენტისათვის (XI დანართის შესაბამისად) პირდაპირ ან ირიბად ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, ორგანიზაციისა და სტრუქტურისათვის რუსეთში, ან რუსეთში გამოსაყენებლად: კაპიტალური რემონტი, შეკეთება, ინსპექტირება, ჩანაცვლება, მოდიფიცირება ან ხარვეზის აღმოფხვრა.
4.აკრძალულია:
4.1. ტექნიკური დახმარების, საბროკერო მომსახურების ან სხვა სერვისის მიწოდება დაკავშირებული პირველ პარაგრაფში ნახსენებ საქონელსა და ტექნოლოგიებთან და ამ საქონლისა და ტექნოლოგიების უზრუნველყოფასთან, წარმოებასთან, მომსახურებასა და გამოყენებასთან, პირდაპირ ან ირიბად, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, ორგანიზაციისა და სტრუქტურისათვის რუსეთში, ან რუსეთში გამოსაყენებლად.
4.2. დაფინანსება ან ფინანსური დახმარების მიწოდება დაკავშირებული პირველ პარაგრაფში ნახსენებ საქონელსა და ტექნოლოგიებთან, ან ამ საქონლისა და ტექნოლოგიების ნებისმიერი გაყიდვის, მიწოდების, გადაცემის ან ექსპორტის, ან ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფისათვის, პირდაპირ ან ირიბად, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, ორგანიზაციისა და სტრუქტურისათვის რუსეთში, ან რუსეთში გამოსაყენებლად.
5.აკრძალულია დაშვება, აფრენა ან გადაფრენა ევროკავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერი იმ თვითმფრინავისათვის, რომელიც გამოიყენება რუსული ავიაკომპანიის მიერ ნებისმიერი ფორმით, ან რეგისტრირებულია რუსეთში ან არ არის რეგისტრირებული რუსეთში მაგრამ მფლობელობაშია ან დაქირავებულია ნებისმიერი რუსი/რუსული ფიზიკური ან იურიდიული პირის, ორგანიზაციის ან სტრუქტურის მიერ, ან ნებისმიერი სხვა ფორმით იმყოფება მათი კონტროლის ქვეშ.
ამდენად, მტკიცება, რომ რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნების, კერძოდ, გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება, ყალბია. რუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში შესვლა და მომსახურების მიღება აკრძალული აქვთ. რუსეთში არც ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიები დაფრინავენ.
---------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.