სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომლის თანახმადაც, უკრაინის პრეზიდენტმა თითქოს განაცხადა, რომ ბახმუტი „წამგებიანი და დოტაციური“ ქალაქი იყო. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად რუსულ ენაზე გავრცელდა, ხოლო მოგვიანებით, ის ქართულ Facebook-სივრცეშიც გამოჩნდა ისეთი მომხმარებლების მხრიდან, რომელთაც წარსულშიც გაუვრცელებიათ დეზინფორმაცია უკრაინის ომის საკითხზე (1,2,3,4,5,6).
ყალბი ამბის შემცველ Facebook-პოსტში ინფორმაციის წყარო მითითებული არაა, და უცნობია ისიც, თუ სად და როდის გააკეთა ზელენსკიმ მსგავსი განცხადება. ამასთან, პოსტში გამოქვეყნებული ფოტო ძველია და ის 2022 წლის აპრილში, უკრაინის პრეზიდენტის ქალაქ ბუჩაში ვიზიტის დროსაა გადაღებული.
მტკიცება, რომ ზელენსკიმ ბახმუტი „წამგებიან და დოტაციურ“ ქალაქად მოიხსენია, დეზინფორმაციაა - ზელენსკის არსად უთქვამს, რომ ქალაქი წამგებიანია და ქვეყნისთვის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენს.
ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ბახმუტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება იაპონიის ქალაქ ხიროსიმაში, დიდი შვიდეული სამიტის დროს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოხატა. ზელენსკის განცხადების სულისკვეთება სრულიად ეწინააღმდეგება პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ მტკიცებას. კერძოდ, კითხვაზე - აიღეს თუ არა რუსებმა ბახმუტი? - უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: „ვფიქრობ არა...იქ არაფერი აღარაა, მათ გაანადგურეს ყველაფერი, გაანადგურეს ყველა შენობა. ეს ტრაგედიაა, მაგრამ დღეს ბახმუტი მხოლოდ ჩვენს გულებში რჩება. იქ არაფერი არაა დარჩენილი. მხოლოდ მიწა, და ბევრი დაღუპული რუსია. თუმცა, ისინი ჩვენთან თვითონ მოვიდნენ“.
ამდენად, მტკიცება, თითქოს ზელენსკი ბახმუტს ზედმეტ ტვირთად მიიჩნევს და მას ქალაქის ბედი საერთოდ არ აღელვებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, და უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციის ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.
----------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.