სოციალურ ქსელში ნინო ჩხეიძის ყალბი ფან-გვერდები ( 1, 2) ფეისბუქის პირდაპირი ეთერის მეშვეობით ამტკიცებენ, რომ ნინო ჩხეიძე 10000$ მისცემს პირველ 300 ადამიანს, ვინც სურათზე დაშიფრულ რიცხვს გამოიცნობს. რეალურად, ნინო ჩხეიძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და მოცემული გათამაშება არარეალურია.
ნინო ჩხეიძის ფეისბუქ ფან გვერდებზე აღნიშნულია, რომ თუ მომხმარებლები სარეგისტრაციო ბმულზე (იხილეთ ფოტოზე) გადავლენ და დარეგისტრირდებიან, შემდგომ დაშიფრულ რიცხვს გამოიცნობენ, ნინო ჩხეიძისგან მიიღებენ ფულად ჯილდოს, 10000$-ის ოდენობით.
აღნიშნულ საიტზე გადასვლის შემდეგ, მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და მიუთითოს საბანკო ანგარიში.
აღნიშნული ყალბი ამბავი თაღლითურ სქემას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც კიბერთაღლითები სწრაფ სარგებელს იღებენ. არსებობს საბანკო თაღლითობის სისტემა, რომელიც სწორედ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას გულისხმობს. ონლაინ საიტების საშუალებით, მომხმარებელს შეჰყავს თავისი საკრედიტო მონაცემები, ხოლო ე.წ. „სქემერებს“ შეუძლიათ პერსონალური ინფორმაცია ფულის მოსაპარად გამოიყენონ.
ამავდროულად, ნინო ჩხეიძის ვიდეო რამდენიმე თვის წინ არის ჩაწერილი და სინამდვილეში, ვიდეოს არც ერთ მონაკვეთში ის აღნიშნულ პრიზთან დაკავშირებით არ საუბრობს.
შესაბამისად, განხილული პირდაპირი ეთერები თაღლითურ სქემას წარმოადგენს და ფეისბუქ მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.