სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება მტკიცებები იმის შესახებ, რომ ლევან ბერძენიშვილი ხევსურებს კანიბალებსა და კაციჭამიებს უწოდებს.

ფრაზა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ტელეკომპანია „არტარეას“ პროექტის - „ქუჩის აკადემიის“, ფარგლებში ჩატარებული საჯარო ლექციიდან იღებს სათავეს. დასახელებულ პროექტში ლევან ბერძენიშვილის ლექცია სახელწოდებით - „ვაჟა ჩვენი თანამედროვე“, 2014 წელს გამოქვეყნდა. ლექციაში ყურადღება ვაჟა ფშაველას შემოქმედებაზე და კერძოდ, პოემა „ალუდა ქეთელაურზე“ არის გამახვილებული.

ლექციის მსვლელობისას ლევან ბერძენიშვილი ამბობს: „ვაჟა ფშაველამ თქვა, რომ მტერი საერთოდ არ არსებობს. ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ ვისაც მტრობა მოსწყურდეს, გააღოს სახლის კარია და მერე მოჰყვა რაღაც საშინელ ფანტასმაგორიულ სურათს, როგორ უნდა ჭამო, როგორ უნდა სვა, როგორ უნდა შეჭამო ადამიანი. მწვანილის ნაცვლად როგორ უნდა მიაყოლო მისი წვერ-ულვაში და ა.შ. მტრობა ეგ არის. ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ თუ მტერი ხარ, მაშინ უნდა შეჭამო კიდეც. მოდით დავფიქრდეთ. ძველი წარმოდგენები თქვენ იცით, ხევსურები კლავენ და ხელს ჭრიან ამ პოემებში. რატომ? უნდა ჩამოკიდონ. მაგრამ თავიდან? თავიდან რატომ ჭრიდნენ? თავიდან შეგახსენებთ, იმიტომ ჭრიდნენ, რომ უნდა შეეჭამათ. იმიტომ, რომ ომს, მტრობას სხვა გამართლება არ აქვს გარდა იმისა, რომ ადამიანი არის კვებითი ღირებულების მქონე არსება. [...] ერთი სიტყვით, ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ მტერი მტერი არ არის. ეს მას რომ უბრალო, ადამიანურ ენაზე ეთქვა - რომ მოდი, არ გვინდა მტრობა და მეგობრები ვიყოთ, შეიძლება კიდევ ვინმეს გაეგო, მაგრამ ეს მან თქვა მხატვრულად“.

ამდენად, ლევან ბერძენიშვილის ირგვლივ დაწყებული კამპანია მის ლექციასა და ზემოაღნიშნულ ფრაზას უკავშირდება, სადაც ის ვაჟას-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაურის“ შესახებ მსჯელობს.

აღსანიშნავია, რომ საჯარო ლექციის მიმდინარეობისას (56:38) ლევან ბერძენიშვილი დამატებით ამბობს, რომ „...გლობალიზაციის ყველაზე საშინელ სახეს მე-19 საუკუნეში, 1886 წელს წააწყდა საქართველო, როცა ითქვა, რომ მტრობა საერთოდ არ არის. როდესაც 24 საათის შემდეგ ადამიანმა [ალუდა ქეთელაურმა] ნახა სიზმარი, რომ მტრობაა ეს არის მტრის ხორცის ჭამა, რომ მტრობა კაციჭამიობაა. მტრობა პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა კი არაა, მტრობა სამარცხვინო კანიბალიზმია. თუ მტრობ, მაშინ მოხარშე და შეჭამე კიდევაც. აი ეს არის მტრობა და [ვაჟა-ფშაველამ] დაწერა როგორც გითხარით ის ფანტასმაგორიული სურათი, როგორ უნდა დაიწერო სისხლში პირჯვარი და როგორ უნდა მოიყვანო ცოლი სისხლში, როგორ უნდა გააჩინო შვილები სისხლში, როგორ სისხლში უნდა იცხოვროს ყველამ“. ამდენად, კანიბალიზმსა და კაციჭამიობას ლევან ბერძენიშვილი პოემის გმირ ალუდა ქეთელაურის სიზმართან აკავშირებს და პოემაზე მსჯელობის ფარგლებში განიხილავს.

ბრალდებებს ლევან ბერძენიშვილი თავად გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კანიბალისტური სიზმარი არა მან, არამედ პოემაში ალუდა ქეთელაურმა ნახა. შესაბამისად, კითხვაც ვაჟა-ფშაველას მიემართება.

„თუ ლექციას თავიდან ბოლომდე მოუსმენენ, გაერკვევიან... ჯერ ერთი, ეგ ამბავი ჩემთან კი არა, შეკითხვა არის ვაჟა ფშაველასთან. სიზმარი ალუდა ქეთელაურმა ნახა, მე არ მინახავს კაციჭამიობაზე სიზმარი... ამ ყველაფერს წიგნის წაკითხვა უნდა, მე ვერ გავცემ მაგათ სერიოზულ პასუხს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კამპანია მასზე შურისძიების მცდელობას წარმოადგენს: „თუ ვინმეს ალუდა ქეთელაური წაკითხული აქვს, სიზმარი მე კი არ ვნახე, კანიბალისტური სიზმარი ალუდამ ნახა, ეს არის სამეცნიერო საუბარი. სერიოზულად თუ ვიღაც წერა-კითხვის მცოდნეა, გაერკვეოდა. მაგრამ ამ ადამიანებს არ სურთ არაფერში გარკვევა. მათ უნდოდათ შურისძიება ჩემზე, ვითომ ვაჟა-ფშაველას გამო. სინამდვილეში, იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას” თვალში არ მოვდივარ“.

ლევან ბერძენიშვილი რადიო თავისუფლებასთან მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე კომენტირებისას კანიბალიზმის საკითხს ასევე შეეხო და მსოფლიოში კანიბალისტური პრაქტიკის არსებობა და ხევსურების ჩამოყალიბება ერთმანეთისგან გამიჯნა. „სხვათაშორის მინდა ვთქვა, თუ კაცობრიობა კანიბალი იყო ოდესღაც, ეს გაცილებით უფრო ადრე იყო, ვიდრე ხევსურები კი არა, ვიდრე ქართველური ენა წარმოიშობოდა. ცოტა უფრო ადრინდელი ამბავია, ეს ორი მილიონი წლის წინანადელი ამბავია და ხევსურობა ათი ათასი წლის ამბავია....“ - აღნიშნა მან. ამდენად, ლევან ბერძენიშვილი კანიბალისტურ პრაქტიკას ხევსურებთან არ აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ საჯარო ლექცია, რომელშიც ლევან ბერძენიშვილი ვაჟა-ფშაველაზე მსჯელობს და რომელზე დაფუძნებითაც უკანასკნელ დღეებში ლევან ბერძენიშვილის შესახებ მტკიცებები კამპანიურად ვრცელდება, პირველად ჯერ კიდევ 2014 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ YouTube-ზე მუდმივად ხელმისაწვდომია.

ცნობისთვის, ლევან ბერძენიშვილის სახელით ციტატები მანიპულაციური ან ყალბი შინაარსით წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. იხილეთ ბმული 1, ბმული 2;

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი