ანალიზი
5 ნოემბერს Facebook გვერდმა „ ქვეყნის მტრები“ გაავრცელა პოსტი, რომელშიც ყალბი ციტატის ავტორად ლევან ბერძენიშვილია დასახელებული. გავრცელებულ პოსტში ნათქვამია: „ლევან ბერძენიშვილი : ჩვენს განვითარებას ეკლესია უშლის ხელს, ერთადერთი ძალა ვინც საპატრიარქოს პროპაგანდას წინ აღუდგება ნაციონალური მოძრაობაა , სწორედ ამიტომ დღეს მე მათი მხარდამჭერი ვარ“.
სავარაუდოდ, დეზინფორმაციის პირველწყაროა 2019 წლის 7 ივლისის პოსტი, რომელიც გავრცელებული აქვს გვერდს „ენა, მამული, სარწმუნოება“. ამავე პოსტს თანდართული აქვს სურათი, რომელიც ემსახურება ფაქტებით მანიპულირებას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფრაზა ლევან ბერძენიშვილს არ გაუჟღერებია არც ერთ გამოსვლასა თუ მიმართვაში. მოცემული ციტატა არ იძებნება არც სხვა მედიაში.
სავარაუდოა, რომ დეზინფორმატორებმა ყალბი ციტატა შეთხზეს რესპუბლიკური პარტიის 2018 წლის ინიციატივის საფუძველზე, რომლის თანახმადაც რესპუბლიკური პარტია ითხოვდა საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმების (კონკორდატის) გაუქმებას. ინიციატივასთან დაკავშირებით, „რესპუბლიკელები“ აცხადებდნენ: „ პოსტსაბჭოთა საქართველოს გამოცდილებამ დაადასტურა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთობამ უკანონო და საშიში სახე მიიღო“. მათი თქმით, აღნიშნული ინიციატივის მიზანი კონსტიტუციური ჩანაწერის აღსრულება გახლდათ, რომლის მიხედვითაც ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია.
კონკორდატის გაუქმების შემთხვევაში, პარტიის თანახმად:
1. სამართლებრივად აღიკვეთებოდა ხელისუფლების ჩარევა სასულიერო ხელისუფლების საქმიანობაში;
2. ყველა მმართველ პოლიტიკურ ძალას გამოეცლებოდა წინასაარჩევნოდ მართლმადიდებლური ეკლესიის რესურსით მანიპულაციისა თუ ვაჭრობის შესაძლებლობა და პირიქით;
3. შეთანხმების გაუქმებით, ხელისუფლებას გაუუქმდებოდა სამართლებრივი ვალდებულება გაიზიაროს (ან გამოიყენოს სათავისოდ) საპატრიარქოს ესა თუ ის პოზიცია ახალი ინიციატივების განხილვის დროს. (მაგ. კანონპროექტების განხილვისას სასულიერო პირების ჩარევა ან პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიის გამოყენება იგივე მიზნისთვის);
4. სახელმწიფო სტრუქტურებს ექნებოდათ სხვადასხვა სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის სამართლებრივი საფუძველი, რაც უზრუნველყოფდა ამ ინსტიტუციების, მათ შორის, ფინანსურ გამჭვირვალობასაც;
5. აღიკვეთებოდა საპატრიარქოსათვის გაუმჭირვალე პროცესის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემის ქაოტური პროცესი;
6. შეწყდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან საბიუჯეტო რესურსებისა და ქონების გადაცემის პროცესი;
7. შეწყდებოდა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკა - საგადასახადო შეღავათების სახით.
აღნიშნული ციტატის ნამდვილობა გადამოწმდა ლევან ბერძენიშვილთანაც, რომელმაც Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურFacebook გვერდზე.თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.