სოციალურ ქსელში პირბადის მოხმარების რისკებთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია. კერძოდ, მომხმარებელი აზიარებს „Daily mail”-ის სტატიას სახელწოდებით: „ექსკლუზივი: სახის ნიღბებმა შეიძლება გაზარდოს მკვდრადშობადობის, სათესლე ჯირკვლის დისფუნქციის და კოგნიტური დაქვეითების რისკი ნახშირორჟანგის დაგროვების გამო, გვაფრთხილებს კვლევა“. აღნიშნული მომხმარებლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია.

სინამდვილეში, არ დასტურდება ფაქტი, რომ პირბადეების გამოყენება ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

„Daily mail“ გერმანულ კვლევით სტატიას მიმოიხილავს, რომელიც 2023 წლის 2 მარტს გამოცემაში სახელწოდებით Cell Press გამოქვეყნდა, ხოლო, 5 აპრილს - გამოცემა „Frontiers in Public Health“-ში. სტატიაში ნახშირორჟანგის ზემოქმედების შესახებ 43 კვლევაა განხილული და ასკვნის: „არსებობს არაპირდაპირი მტკიცებულება, რომ ნიღბის გახანგრძლივებული გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს მკვდრადშობადობის მაჩვენებელსა და პანდემიის დროს დაბადებულ ბავშვებში ვერბალურ მოტორულ და საერთო კოგნიტიურ უნარებთან“.

აღნიშნული საკითხი ამერიკულმა ფაქტების გადამამოწმებელმა ორგანიზაცია FactCheck.org-მა გადაამოწმა. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი, სუზან ჰოპკინსი, FactCheck.org-სთან ინტერვიუში სტატიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ნაშრომიისეთ კვლევებს ეყრდნობა, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია, რადგან მონაცემთა შეგროვების მეთოდები არასწორია“. მისი თქმით, სტატია „Frontiers in Public Health“-ში ჯერ კიდევ პანდემიამდე ნიღბებთან დაკავშირებულ კვლევების მცდარ მონაცემებს განიხილავს. ნაშრომი ამტკიცებს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ატარებენ/ არ ატარებენ ნიღბებს, სისხლში ნახშირორჟანგის კონცენტრაციასთან დაკავშირებით, სხვაობა აღმოჩნდა. თუმცა ეს დასკვნა დაეყრდნო ისეთ კვლევას, რომელიც სისხლში ნახშიროჟანგის კონცენტრაციას საერთოდ არ ზომავს. ამის ნაცვლად, მკვლევრებმა ნახშირორჟანგის სენსორები ადამიანების პირის ღრუს გარეთ განათავსეს და ცდილობდნენ, ამოსუნთქული ნახშირორჟანგის რაოდენობა სწორედ ამ გზით გაეზომათ. ჰოპკინსის თქმით, მრავალი სანდო კვლევა არსებობს, რომლებიც სწორი მეთოდების გამოყენებითაა ჩატარებული - კერძოდ, არტერიებში ნახშიროჟანგის პირდაპირი გაზომვით. სწორედ ეს კვლევები აჩვენებენ, რომ ნიღბებს ნახშიროჟანგის კონცენტრაციაზე ბიოლოგიურად უმნიშვნელო გავლენა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოცემა Frontiers in Public Health კრიტიკის ობიექტი გახდა. ჟურნალმა გამოაქვეყნა და მოგვიანებით წაშალა ნაშრომი, რომელშიც წარმოდგენილი იყო არგუმენტები იმის შესახებ, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი (აივ) შიდსს არ იწვევს. 2016 წელს გამოცემამ ასევე გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც მხარს უჭერდა იდეას, რომ ვაქცინებსა და აუტიზმს შორის კავშირი არსებობდა.

გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია PolitiFact ასევე გამოეხმაურა. ორგანიზაცია დაუკავშირდა კაი კისიელინსკის, რომელიც საკუთარ თავს დამოუკიდებელ მკვლევარს უწოდებს და ზემოთ განხილული ნაშრომის ერთ-ერთი თანაავტორია. ორგანიზაციის თქმით, კაი კისიელინსკი შეტყობინებებს არ პასუხობს. PolitiFact-ის სტატიაში მოცემულია ჯერემი ჰოვარდის, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის მეცნიერის, კომენტარი. მისი თქმით, გერმანული კვლევითი სტატია 60-ჯერ აჭარბებს ნახშირორჟანგის რაოდენობას, რომელსაც ადამიანები ნიღბების ტარებისას სუნთქავენ. ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში ტარებადი ტიპური ნიღბების ზემოქმედება, როგორიცაა N95, ქირურგიული ნიღბები ან ქსოვილის ნიღბები, ძალიან მცირეა.

ამდენად, მტკიცება, რომ ნიღბის გახანგრძლივებული გამოყენება შეიძლება მკვდრადშობადობის, სათესლე ჯირკვლის დისფუნქციისა და კოგნიტიური დაქვეითების რისკის ზრდასთან იყოს დაკავშირებული, არ დასტურდება.

-----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: