სოციალურ ქსელში რუსული დეზინფორმაციის გავრცელებით ცნობილმა Facebook-ანგარიშმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც შვედურ ონლაინ გაზეთ AFTONBLADET-დან ციტატაა მოყვანილი: „შვედეთის მთავარეპისკოპოსმა მარტინ მოდეუსმა მოუწოდა 500 000 საფლავის გათხრას შვედებისთვის. მისი თქმით, შვედეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან ომისთვის“. ციტატაზე დაყრდნობით, პოსტს თან ახლავს მტკიცება, თითქოს კათოლიკურ სამყაროში რუსეთთან ომისკენ მოწოდებას თავად სამღვდელო პირი აკეთებს.
აღსანიშნავია, რომ მარტინ მოდეუსი არა კათოლიკური, არამედ შვედეთის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის არქიეპისკოპოსია. ის უფსალას ტაძარში შვედეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსად 2022 წლის 5 დეკემბერს დაინიშნა, შობამდე კი ქვეყნის 550 კრებასა და პასტორატში წერილი გაგზავნა, სადაც შვედეთის ტერიტორიაზე ომისა და კრიზისისთვის მზადების სამუშაოების გააქტიურებისკენ მოწოდება მართლაც გააჟღერა. თუმცა სინამდვილეში, არქიეპისკოპოსის წერილში რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ ან მის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოწოდებას არ აკეთებს. შვედეთის ეკლესიის ეპისკოპოსმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას პოტენციურად ყველაზე ცუდი შემთხვევისთვის - შესაძლო ომის ან კრიზისული სიტუაციის წინაშე მზადყოფნის გაზრდისკენ მოუწოდა, რაც რეალურად რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამოძახილია.
სტატიის მიხედვით, არქიეპისკოპოსის წერილში ყველაზე ცუდი სცენარის დროს, გარდაცვლილთა დაკრძალვის უზრუნველყოფისა და ეკლესიებისა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და დაცვაზეა საუბარია.
მოწოდების მიხედვით, ომის შემთხვევაში, რაც დაღუპულთა რიცხვის სწრაფ ზრდას იწვევს, სამრევლოებმა მოსახლეობის 5%-ისთვის - დაახლოებით ხუთასი ათასი ადამიანისთვის - შესაბამისი ფართობი დასაკრძალი მიწის არსებობა უნდა უზრუნველყონ. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ დაკრძალვის სამსახურმა საწვავის, ელექტრომომარაგების და ინტერნეტის დეფიციტისასაც იმუშაონ.
შვედეთის ეკლესიის სამოქალაქო თავდაცვის კოორდინატორის - ლიზა-გან ბერნერშტედტის განცხადებით, შვედეთში წარსულში ეს ზომები ისედაც არსებობდა, თუმცა 2000-იანი წლებისთვის ისინი შესუსტდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შვედეთში მოსახლეობის ომისთვის მოსამზადებელი აქტივობები ასევე რუსეთის ქმედებებს უკავშირდება. 2018 წელს, 50 წელზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ, შვედეთმა თავისი 4.8 მილიონი ოჯახისთვის ომისთვის მზაობის 20-გვერდიანი ბროშურები დაარიგა. ბროშურებზე დატანილი იყო კრიზისის ან ომის შემთხვევაში, ძირითადი საჭიროებების - საკვების, წყლისა და გათბობის - უზრუნველყოფის ინსტრუქცია, ძირითადი გამაფრთხილებელი ნიშნების მნიშვნელობა, თავშესაფრების მდებარეობა და სხვა. ბროშურა მიზნად ქვეყნის ტოტალური თავდაცვისთვის მოსახლეობას მზაობის ხელშეწყობას ისახავდა. ბროშურების გამოცემის აუცილებლობა იმ პერიოდში ნატოში შვედეთის შესაძლო გაწევრიანების შესაძლებლობების, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და რუსული თვითმფრინავებისა და წყალქვეშა ნავების მიერ შვედეთის საჰაერო სივრცისა და ტერიტორიულ წყლებში უკანონო შესვლის გამო გამართულ დისკუსიებს მოჰყვა.
2022 წლის 18 მაისს შვედეთმა ფინეთთან ერთად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების ოფიციალური განცხადება წარადგინა. ცნობისთვის, შვედეთი სამხედრო ნეიტრალიტეტს 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1812 წლიდან ინარჩუნებდა. კოპენჰაგენის ნეიტრალური პოლიტიკის ცვლილება კი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და შედეგად მომატებული საფრთხის პირისპირ თავდაცვითი ზომების გაზრდის აუცილებლობამ განაპირობა.
გოტენბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, 1996 წლიდან 2019 წლების პერიოდში შვედეთის საზოგადოების მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანებისადმი 20%-დან 30%-მდე მერყეობდა, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ მცირე ხნით მხარდაჭერა 30%-დან 40%-მდე გაიზარდა. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ნატოს წევრობის შესახებ განწყობების ცვლილება 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას უკავშირდება. კერძოდ, 2022 წლის ივლისის მონაცემებით, ნატოს წევრობას შვედეთის მოსახლეობის 64% ემხრობა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას „უკანონო და გაუმართლებელი“ უწოდა და იმის გამო, რომ რუსეთს მსგავსი ქმედებების ჩადენა შვედეთის უშუალო სიახლოვესაც შეუძლია, წუხილი გამოხატა.
ამდენად, მტკიცება, რომ შვედეთის არქიეპისკოპოსი მოსახლეობისთვის რუსეთთან ომისკენ მოწოდებას აჟღერებს, ტყუილია. მარტინ მოდეუსის მოწოდება ყველაზე ცუდი სცენარისთვის - შესაძლო ომის ან კრიზისული სიტუაციისთვის - შვედეთის მზადყოფნას უკავშირდებოდა. თავის მხრივ, შვედეთში თავდაცვითი ნორმების ზრდის აუცილებლობა სამეზობლოში რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა განაპირობა.
-------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.