სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჯასტინ ტრუდო, კანადის პრემიერ-მინისტრი, ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. პოსტის ავტორის მტკიცებით, ტრუდო თვითონაც არ არის ვაქცინირებული. მისი განცხადებით, ვაქცინაცია ექსპერიმენტის ნაწილია და არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორედ აცრის შემდეგ დაავადდნენ. რეალურად, ჯასტინ ტრუდო ვიდეოში ვაქცინაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საუბრობს და ამავდროულად, იგი სრულად ვაქცინირებულია.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, 2023 წლის 24 აპრილს ოტავაში სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. პრემიერმა დეზინფორმაციასა და არასწორი ინფორმაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანია, დააჯეროს ადამიანებს ის, რაც არ არის ჭეშმარიტი: „შესაძლოა, ვაქცინებს ჰქონდათ გვერდითი ეფექტი და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ავად გახდნენ ვაქცინაციის შემდეგ, მაგრამ უამრავი ადამიანი დაიღუპა სწორედ იმიტომ, რომ არ გაიკეთეს ვაქცინა“. პრემიერის თქმით, ინდივიდის არჩევანია, გაიკეთებენ, თუ - არა ვაქცინას, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც განზრახ ავრცელებენ მითებს, რათა დააშინონ სხვები და მათი ცხოვრება რისკის ქვეშ დააყენონ. ტრუდოს თქმით, მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის, მთავარი პასუხისმგებლობა იყო, რომ გადაერჩინა იმდენი კანადელი, რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა: „მე არ ვაიძულებდი ადამიანებს ვაქცინაციას, ავირჩიე წახალისება, რათა მათ გაეკეთებინათ ვაქცინა და ასეც მოხდა“.

ჯასტინ ტრუდო ვიდეოში არ ამბობს, რომ თავად არ გაუკეთებია აცრა. ის სრულად ვაქცინირებულია და 2022 წლის იანვარში COVID-19-ის ვაქცინის ბუსტერ დოზაც გაიკეთა.

შესაბამისად, პოსტის ავტორი მანიპულაციურად ცდილობს, საზოგადოებაში ვაქცინაციის არასანდოობასთან დაკავშირებით მითი გაავრცელოს. კანადის პრემიერის განცხადებიდან ჩანს, რომ ის ვაქცინაციის მხარდამჭერია და ვაქცინაციის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშიშროებაზე ისაუბრა, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.