სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც მამაკაცის ქანდაკებას ეხმაურება. ავტორი აღნიშნავს, რომ 3.5-მეტრიანი ნეოკლასიკური ქანდაკება გერმანიაში დგას. რეალურად, ქანდაკება სახელწოდებით „აგაპე“ 2022 წელს დანიაში, გენდერის მუზეუმის წინ დაიდგა.
მარმარილოს ქანდაკება, რომელზეც გამოსახულია, თუ როგორ კვებავს მამაკაცი ბავშვს, 2022 წელს ორჰუსში, გენდერის მუზეუმის წინ დაიდგა. მისი სახელი „აგაპე“, ბერძნული ტერმინია და უპირობო სიყვარულს აღნიშნავს. ქანდაკებამ აზრთა სხვადასხვაობა შექმნის პროცესშივე გამოიწვია, რასთან დაკავშირებითაც მოქანდაკე კრეილგარდმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ისაუბრა. ავტორის თქმით, ქანდაკების მიზანია „კითხვები დასვას მამაკაცის როლზე, იმაზე თუ რას უნდა აკეთებდეს ან არ აკეთებდეს კაცი“. თავად მუზეუმის წარმომადგენლების აზრით, ქანდაკება შეიძლება კარგი გამხსნელი იყოს იმ საუბრებისა, რომლებიც მამაკაცის როლსა და მოლოდინებთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიშვას.
პოსტში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად, თითქოს ქანდაკება გერმანიაში დგას, აღსანიშნავია ავტორის შენიშვნა: „12 პუნქტი ზედმიწევნით შეასრულე ოცნება“. მოცემული ფრაზით, ავტორი მანიპულაციურად ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება ტრადიციული გენდერული როლების ნგრევასთანაა კავშირში. დეზინფორმაცია, თითქოს 12 პუნქტი რწმენასა და ტრადიციულ ოჯახზე უარის თქმას გულისხმობს, „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია.
ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ ქანდაკება გერმანიაში დგას, მცდარია.
-----------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.