სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელიც თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ არის გადაღებული. ვიდეოში 2019 წელს გახსნილი „ბედნიერების“ ძეგლი და მასზე არსებული წარწერები ჩანს. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ სკულპტურის სახით თბილისში კიდევ ერთი მასონური „Всевидящее око“ (ყოვლისმხედველი თვალი) შეიქმნა. რეალურად, პოსტში მოცემული ინფორმაცია მცდარია.
ძეგლი 2019 წელს, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ გაიხსნა. მისი იდეის ავტორი ექიმი არსენ გვენეტაძეა, ხოლო არქიტექტორი - ლევან ვარდოსანიძე. ძეგლზე ოლიმპიური ფერებით შექმნილი 5 რკალია, რაც 5 კონტინენტს აღნიშნავს. ძეგლის თავზე გამოსახული ნოტები და სამეცნიერო სიმბოლიკა მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზის საილუსტრაციოდ არის გამოყენებული. სკულპტურას თავზე მზის ფიგურა ადგას.
იდეის ავტორმა არსენ გვენეტაძემ ძეგლთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ერთ-ერთ ინტერვიუში უპასუხა. მისი თქმით, იდეა ჯერ კიდევ შვეიცარიაში გაჩნდა, მალევე რამდენიმე ესკიზი შეიქმნა და ბოლოს 2019 წელს, სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ძეგლი საბოლოოდ გაიხსნა. მისი თქმით, სკულპტურის ყველა დეტალს თავისი დანიშნულება აქვს, ადამიანის ცხოვრების შემდეგ ეტაპებს მოიცავს - „დაბადება, განათლება, აღმასვლა, წარმატება, ბედნიერება“, გამოყენებული მზის სიმბოლო კი ადამიანის მიერ ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების შემდეგ გაბრწყინებას უსვამს ხაზს.
ამდენად, პოსტის ავტორის მტკიცება, რომ ძეგლს მასონური სიმბოლიკა - ე.წ. „ყოვლისმხედველი თვალი“, აქვს, მცდარია. ძეგლის ავტორების თქმით, ის ადამიანის ცხოვრების ეტაპებს ასახავს და მზის სიმბოლო მის ბოლო ეტაპს, გაბრწყინებას გულისხმობს.
---------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.