სოციალურ ქსელში მომხმარებელი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ იწვის რუსეთში, კალუგის რეგიონში, ბაბილონის კოშკის მსგავსი ხის კონსტრუქცია. ავტორი აღნიშნავს, რომ ბაბილონის კოშკის ასლის დაწვას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამით რუსეთი ცდილობს, ყველას დაანახოს, რომ მსოფლიო წესრიგი დამარცხებულია, ხოლო მსოფლიო მთავრობის შესახებ „ოცნება“ განადგურებულია. რეალურად, კალუგას რეგიონში მასლენიცას ფესტივალზე ხალხი ყოველწლიურად იკრიბება, სადაც სხვადასხვა კონსტრუქციის დაწვა ერთ-ერთ სანახაობას წარმოადგენს. სწორედ ასეთი სანახაობა იყო 2022 წელს, არქიტექტორ ეკატერინე პოლიაკოვას მიერ აგებული ბაბილონის კოშკის ასლის დაწვა.

ეკატერინე პოლიაკოვას მიერ შექმნილი ბაბილონის კოშკის ასლი დაახლოებით 20 მეტრი სიმაღლის ხის კონსტრუქციას წარმოადგენდა. აღნიშნული კოშკის დაწვას სოციალურ ქსელში სხვადასხვა ახსნა მოჰყვა. ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Snopes-ი, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე სტატია მოამზადა, წერს რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა კოშკის დაწვა რუსეთის მიერ „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დასაწყისის სიმბოლოდ, ზოგიერთმა კი ბირთვული ომის მოახლოებად - წარმოადგინა.

თავად არქიტექტორი ეკატერინე პოლიაკოვა კონსტრუქციასთან დაკავშირებით წერს: „ბაბილონის კოშკი არასდროს დასრულებულა ადამიანებსა და ერებს შორის უთანხმოების გამო. ახლანდელი კოშკი, რასაც ჩვენ ვაშენებთ მასლენიცას ნიკოლა-ლენვეცში, იგივე უთანხმოების თანამედროვე სიმბოლოს წარმოადგენს. პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ახალი კონფლიქტები და შეტაკებები გამოიწვია. ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით, ჩვენი კოშკიც არ დასრულდება, მაგრამ მასლენიცას სტუმრები შეძლებენ კოშკის დაწვამდე, მისი აგების თანაავტორები გახდნენ“.

აქვე ხაზგასასმელია, რომ თავად ბაბილონის კოშკის შესახებ არსებობს ბიბლიური გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, მოგზაურობისას ნოეს შთამომავლებმა ქალაქის დაარსება და ასევე კოშკის აგება გადაწყვიტეს. თქმულების მიხედვით, ამ დროს მთელი მსოფლიო ერთ ენაზე ლაპარაკობდა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა დაინახა ადამიანების ამბიციურობა და გადაწყვიტა კოშკის დანგრევა, აირია ენებიც, ისე რომ ადამიანები ერთმანეთის საუბრის გაგებას ვეღარ შეძლებდნენ.

კონსტრუქცია თავიდანვე იმ სოციალური კონფლიქტების სიმბოლოს წარმოადგენდა, რომლებიც პანდემიის დროს გაჩნდა. ამავდროულად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ნიკოლა-ლენვეცის ხელოვნების პარკი სოციალურ მედიაში აქვეყნებს პოსტს, სადაც ნათქვამია: „ბაბილონის კოშკს ცეცხლის წაკიდებით ვიმედოვნებთ, რომ ყველა იპოვის საკუთარ თავში ძალას, რომ დაუბრუნდეს მშვიდობას თავიანთ მეზობლებთან. ჩაეჭიდეთ ერთმანეთს“.

ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ ბაბილონის კოშკის მიხედვით შექმნილი ხის კონსტრუქციის დაწვა სიმბოლურია და ხაზს უსვამს რუსეთის მიერ მსოფლიო მთავრობისა და წესრიგის განადგურებას, მცდარია. აღსანიშნავია, რომ მოცემული ხის კოშკის დაწვა ჯერ კიდევ 2022 წელს გამართული ფესტივალის ნაწილია და როგორც მისი ავტორი აღნიშნავს, კოშკი პანდემიასთან დაკავშირებული უთანხმოების თანამედროვე სიმბოლოს წარმოადგენდა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.