Facebook-ანგარიში Hestia Hestia, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, კანადაში ე.წ „15-წუთიანი ქალაქი“ მოსახლეობაზე კონტროლის მოსაპოვებლად შეიქმნა. გავრცელებულ პოსტს თან ერთვის ვიდეოც, რომელიც სოციალურ ქსელ Twitter-ზეც გავრცელდა.
სინამდვილეში, ვიდეო, რომელსაც Facebook-ანგარიში აქვეყნებს, „15-წუთიან ქალაქთან“ კავშირში არაა. კადრები 1993 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმიდანაა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და კანადის ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას აღწერს.
აღსანიშნავია ისიც, რომ „15-წუთიანი ქალაქის“ მოდელის შესახებ პირველად 2016 წელს გახდა ცნობილი. 15-წუთიანი ქალაქის პროექტი (the 15-Minute City project) წარმოადგენს გეგმას, რომლის იდეალურად განხორციელების შემთხვევაში, ქალაქის მაცხოვრებლები მნიშვნელოვან სერვის ცენტრებამდე ფეხით ან ველოსიპედით 15 წუთში მივლენ. „15-წუთიანი ქალაქის“ იდეა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორ კარლოს მორენოს ეკუთვნის. ხოლო პროექტი სან ფრანცისკოში მცხოვრები ურბანისტის, დენ ლუშერის მიერ შეიქმნა, რომელსაც სურდა, ქალაქში ცხოვრება ყველასთვის კომფორტული გაეხადა. პროექტი მიზნად ისახავს მგზავრობის საჭიროების შემცირებას, რაც მოქალაქეებს საცობებსა და გადატვირთულ ავტობუსებით მგზავრობას თავიდან აარიდებს. აღნიშნული კი შესაძლებელი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ადამიანებს კვებასთან, ჯანმრთელობასთან, განათლებასთან, სამუშაოსა და დასვენებასთან დაკავშირებული ყოველდღიური საჭიროებები 15 წუთის სავალ მანძილზე ექნებათ. პროექტი ქალაქში ნახშირბადის ემისიების შემცირებასაც ემსახურება. ინიციატივას მხარს უჭერს გაერო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და გლობალური C40 ქალაქების ალიანსი.
ქალაქის მოდელი, რომელიც ადგილობრივ კულტურას, პირობებსა და საჭიროებებს შეიძლება მოერგოს, პარიზში, მელბურნსა და კოპენჰაგენში უკვე დაინერგა. 2021 წელს კი „15-წუთიანი ქალაქის” იდეისთვის კარლოს მორენოს ნობელის პრემია მიენიჭა.
რაც შეეხება „15-წუთიანი ქალაქის” შესახებ ვირუსულად გავრცელებულ კონსპირაციებს, იდეის ავტორმა, კარლოს მორენომ AFP-სთან მიმოწერაში განაცხადა, რომ „15-წუთიანი ქალაქების” შექმნა არავითარ შეზღუდვას არ ითვალისწინებს, არამედ პირიქით, სერვისების მეტ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს: „2023 წლის დასაწყისიდან 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციის შესახებ შეთქმულების თეორიები ვრცელდება, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიერ, რომლებიც Covid-19-ის ვირუსის, ვაქცინების, კლიმატისა და პოლიტიკის შესახებ დეზინფორმაციას მანამდეც ავრცელებდნენ“, – განაცხადა კარლოს მორენომ.
ამდენად, მტკიცება, რომ კანადაში ადამიანებს „15-წუთიანი ქალაქის“ გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ყალბია. პროექტი გადაადგილების შეზღუდვებს არ ითვალისწინებს და ყოველდღიურად საჭირო სერვისების მარტივ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ხოლო კადრები, რომელსაც Facebook-მომხმარებელი აქვეყნებს „15-წუთიანი ქალაქის” პროექტთან კავშირში არაა და 1993 წელს გადაღებული ფილმიდან არის ამოჭრილი.
----------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.