სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელიც მომხმარებლის მტკიცებით, კანადის, ალასკისა და რუსეთის საზღვრებს შორის არის გადაღებული. მასალის თანახმად, ვიდეო ასახავს მოვლენას, როდესაც წელიწადში ერთხელ მთვარე დედამიწას უახლოვდება და ამის შემდეგ 5 წამის განმავლობაში მზე სრულად ბნელდება.

გავრცელებული ვიდეო დამუშავების შედეგადაა მიღებული. Reuters-ის თანახმად, ვიდეო უკრაინელი კომპიუტერული გრაფიკოსის ალექსეი პატრევის სახელს უკავშირდება, რომელმაც მასალა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე (TikTok, NFTb.io) გამოაქვეყნა. ალექსეი პატრევი თავის Instagram, TikTok და YouTube ანგარიშებზე მსგავსი სახის დამონტაჟებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.

ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების Bolivia Verifica-ს, Maldita-ს, Newtral-ის, africacheck-ის მიერ ექსპერტებთან ჩატარებული ინტერვიუები აჩვენებს, რომ გავრცელებული ვიდეო და თანდართული აღწერა ერთმანეთთან შესაბამისობაში რამდენიმე მიზეზის გამო არ მოდის. მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ასტროფიზიკისა და ასტრონომიის დოქტორის არმანდო ჟილ დე პაზმას თანახმად, დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილი მცირედით შეიძლება შეიცვალოს, ანუ მთვარე შეიძლება დედამიწას 5%-ით მიუახლოვდეს ან პირიქით, დაშორდეს. თუმცა ეს ვიზუალურად ისეთ სხვაობას არ იძლევა, როგორიც ვიდეოშია ასახული.

არის შემთხვევები, როდესაც მთვარე ოპტიკურად ჩვეულებრივზე უფრო დიდი ჩანს. ასეთი მოვლენა „სუპერმთვარის“ სახელით არის ცნობილი. ეს მოვლენა ხდება მაშინ, როდესაც სავსემთვარეობა დედამიწასთან მთვარის უახლოეს მდებარეობას ემთხვევა. ამ დროს მთვარე დედამიწიდან თავის ჩვეულებრივ ზომასთან შედარებით 14%-ით უფრო დიდი ჩანს. თუმცა ვიდეოში „სუპერმთვარის“ მოვლენა არ არის ასახული.

მთვარესა და დედამიწას შორის მანძილის ასეთმა მნიშვნელოვანმა შემცირებამ შესაძლოა, დედამიწაზე კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. სამეცნიერო ახალი ამბების ვებგვერდმა Live Science-მა 2021 წელს დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილის მკვეთრად შემცირების გამოგონილი სცენარი წარმოადგინა. ამ სცენარის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მთვარესა და დედამიწას შორის მანძილი ორჯერ შემცირდება, ეს, პირველ რიგში, დედამიწაზე გრავიტაციის ძალის ზრდას გამოიწვევს, რაც მოქცევის სიმაღლის 8-ჯერ გაზრდის მიზეზი გახდება. ეს ნიშნავს, რომ კუნძულთა უმეტესი ნაწილი წყლით დაიფარება. გრავიტაციის უეცარი ზრდა ასევე მიწისძვრებს და ვულკანების გააქტიურებას გამოიწვევს.

შესაბამისად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ვიდეო მონტაჟის შედეგად არის მიღებული და ვიდეოში ასახული მთვარის დედამიწასთან მოახლოება და მზის დაბნელება რეალური მოვლენა არ არის.

----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.