სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ბუნებრივი მატების (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას გადააჭარბა - გასულ წელს 6 799 ერთეულით. 2022 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42,319 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.9%-ით ნაკლებია. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18%-ით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თბილისის, აჭარის და ქვემო ქართლის რეგიონის გარდა, ყველა სხვა რეგიონში, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა.
2008 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებლები დადებითი იყო, ანუ დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხოვნობას აჭარბებდა. თუმცა 2015 წლიდან ბუნებრივი მატების დადებითი კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდებოდა, რაც თავის მხრივ შობადობის შემცირებით იყო გამოწვეული. 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 13 960 ერთეულით გადააჭარბა. 2020-2021 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი განპირობებული იყო, როგორც შობადობის შემცირებით, ასევე სიკვდილიანობის ზრდით (2020-2021 წლებში ქვეყანაში სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რაც COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებით აიხსნება). ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკა 2022 წელსაც გაგრძელდა, რაც ცალსახად შობადობის შემცირებით იყო განპირობებული.
გრაფიკი 1: ბუნებრივი მატების მაჩვენებლები 2014-2022 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური*
გასულ 8-წლიან პერიოდში ქვეყანაში შობადობა ყოველწლიურად მცირდება. 2014 წლიდან ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის მიზანი შობადობის მატერიალური წახალისებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. პროგრამის ფარგლებში, იმ რეგიონებში, სადაც ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი არ ფიქსირდება, ყოველ მესამე ან შემდგომ ახალშობილზე, ორი წლის ასაკამდე, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება - მაღალმთიან რეგიონში 200 ლარის, ხოლო სხვა დასახლებებში მცხოვრებთათვის - 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული პროგრამა მხოლოდ მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ამასთან, არსებული ფორმით, დახმარების მწირი მოცულობისა და ხანგრძლივობის სიმცირის გამო, ის ბავშვის აღზრდის პროცესში ოჯახისთვის სათანადო ფინანსურ ხელშეწყობას ვერ უზრუნველყოფს. ზოგადად, მხოლოდ „მატერიალურ წახალისებას“ შობადობის ზრდაზე რეალური გავლენა არ აქვს და სახელმწიფოს მხრიდან ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა უფრო კომპლექსურ და ფართომასშტაბიან მიდგომებს მოითხოვს. ამ პროგრამის არაეფექტიანობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მისი ამოქმედების შემდეგ, შობადობა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა. შესაბამისად, ფაქტია, რომ ამ პროგრამამ პრობლემა ვერ მოაგვარა და საეჭვოა, საერთოდ რაიმე დადებითი გავლენა შობადობის მაჩვენებელზე ჰქონდა, თუ - არა.
გრაფიკი 2: შობადობის მაჩვენებლები 2014-2022 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური*
*2022 წლის კოეფიციენტები [ბუნებრივი მატების/შობადობის] გამოთვლილია ავტორის მიერ