6 მარტს, ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ ეთერში გადაცემაში „დღის კომენტარი 12:30 საათზე“ (53:43) წამყვანმა ჯაბა ჟვანიამ მანიპულაციური შინაარსის გზავნილი გააჟღერა, რაც მიზნად ევროპული სტრუქტურებისა და ზოგადად ევროპის დისკრედიტაციას ისახავს.

„სხვათა შორის სტრასბურგის სასამართლომ [...] გაამართლა წლების წინ საპატრიარქოს კედლები რომ შეღებეს ლიბერასტებმა, ლგბტ აქტივისტებმა, ეგ ხალხი. თუ არ მეშლება, დაუჯარიმებიათ თავის დროზე და სტრასბურგმა გაამართლა და ეგ გამოხატვის თავისუფლება არისო. დააჯარიმა სახელმწიფო ამ ხალხის გამტყუნების გამო. ეგ ევროპა არის თურმე ჩვენი არჩევანი“, - განაცხადა ჯაბა ჟვანიამ.

მანიპულაციური გზავნილი 2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოს კედლების შეღებვის ფაქტს უკავშირდება, რისთვისაც სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი) და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის (მუხლი 173) საბაბით რამდენიმე ადამიანი 50 ლარით დააჯარიმეს და 12 საათის განმავლობაში დააკავეს. დაკავებულთაგან 7-მა პირმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მართლაც მიმართა. სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება) და მე-14 მუხლებს (დისკრიმინაციის აკრძალვა) მოიცავდა.

სასამართლომ საქმეზე „ძერკორაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი № 70572/16) გადაწყვეტილება 2 მარტს მართლაც გამოაცხადა. გადაწყვეტილებით სასამართლომ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა ერთხმად დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანი მხარისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა, ხოლო მე-3, მე-8, მე-11 და მე-14 მუხლის შესაბამისად, საჩივარი დაუშვებლად ცნო.

მე-5 მუხლი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას მოიაზრებს, 1-ლი პუნქტი კი ადგენს, რომ „ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად....“. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომჩივნების მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა ავტომატური ღონისძიება იყო, რომელიც მისი აუცილებლობის შეფასების გარეშე იქნა მიღებული და თვითნებური იყო.

ცნობისთვის, გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლშია განსაზღვრული, სარჩელის ნაწილი საერთოდ არ ყოფილა.

შესაბამისად, ჯაბა ჟვანიას მტკიცება, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ საპატრიარქოს კედლის შეღებვის ფაქტზე დაჯარიმებული პირები გამოხატვის თავისუფლების მოტივით გაამართლა, მცდარია.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.