სოციალურ ქსელში ვრცელდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რედაქტირებული ფოტოები (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9), რომლებზეც გამოსახულია სატირული ციტატები, რომელიც თითქოს ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა „იმედის კვირა“-ში სტუმრობისას გააკეთა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მსგავსი ტიპის განცხადებები ტელეკომპანია „იმედზე“ გასულ გადაცემაში არ გაუჟღერებია. გავრცელებული ფოტოები მომხმარებლების მიერ შექმნილი ე.წ. სატირული მიმებია, რომლებიც პრემიერის მიერ გაკეთებული იმ განცხადების საპასუხოდ გაკეთდა, სადაც მან აღნიშნა, რომ ფრანკლინის კლუბის ანარქისტების ფოტოები ნახა, სადაც მათ „სატანისტების ფორმები ეცვათ“.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ამ პოსტებს იუმორისტულად შეხვდა, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა დაიჯერეს ფოტომასალაზე დატანილი ყალბი ციტატები.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ რედაქტირებულ სურათებზე მეტი დამაჯერებლობისთვის გამოყენებული იყო ტელეკომპანია ფორმულას ლოგო, თითქოს ეს სურათები ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა. აღნიშნულმა დეტალმა მომხმარებლების ნაწილი შეცდომაში შეიყვანა.
---------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.