7 მარტს, ვებგვერდზე pirvelinews.com გავრცელდა პუბლიკაცია სათაურით „ვრცელდება სკანდალური ინფორმაცია სპერაზმელებმა უარი თქვეს დარბევაზე სომხეთიდან შემოიყვანეს სპერაზმელები ყველა რუსულად საუბრობს“. აღნიშნული ინფორმაცია ყალბია და აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს.
„სპერაზმელებმა უარი თქვეს დარბევაზე. სომხეთიდან შემოიყვანეს სპეცრაზმელები, ყველა რუსულად საუბრობს. ამბობს აქციის მონაწილე და სამოქალაქო აქტივისტი მისივე განცხადებით, ჩაწერილი აქვს სპეცრაზმელები, რომლებიც რუსულად საუბრობენ და მალე გაავრცელებს",- აღნიშნულია სტატიაში. Facebook-ზე პუბლიკაციას 55-ზე მეტი გაზიარება, 70-ზე მეტი კომენტარი და 170-ზე მეტი რეაქცია აქვს.
ინფორმაცია, რომლის წყაროც, სტატიის თანახმად, არის „აქციის ერთ-ერთი მონაწილის“ ნათქვამი, არის უსაფუძვლო და სხვა სანდო და ოფიციალურ წყაროებით არ დასტურდება. ბუნებრივია, ვერც რუსულ ენაზე საუბარი იქნება სომხური სპეცრაზმის თბილისში ყოფნის არგუმენტი.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში სომხეთის საელჩომაც უარყო. „ალიქ მედიასთან“ საუბარში საელჩოდან აღნიშნეს: „გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან. მოვუწოდებთ მედიას თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე არ აჰყვნენ პროვოკაციებს“.
შესაბამისად, მტკიცება იმის შესახებ, რომ სპეცრაზმელები შემოიყვანეს სომხეთიდან, არის უსაფუძვლო და დაუდასტურებელი.
---------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.