სოციალურ ქსელში პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებით ცნობილი Facebook-მომხმარებელი ონლაინ მედია „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ვებგვერდის ვიზუალით მორიგ ყალბ ამბავს ავრცელებს. მასალაში გაზეთ Financial Times-ის სახელით მოყვანილია შემდეგი ციტატა: „სანქციების ახალ პაკეტში მოხვედრილი რუსები ამ მოვლენას ხიზილალითა და შამპანურით აღნიშნავენ“. პოსტი მიზნად ისახავს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მნიშვნელობის გაუბრალოებას და მდგომარეობის ისე წარმოჩენას, თითქოს სანქციები რუსეთზე გავლენას ვერ ახდენს.

ციტატა, რომელიც სოციალურ ქსელში „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ვებგვერდის ვიზუალით ვრცელდება, Financial Times-ის ოფიციალურ ვებგვერდზე არ გვხვდება. ფოტომასალის მიხედვით, სტატია სათაურით - „FT: россияне попавшие в новый пакет санкций издевательски отмечают это событие икрой и шампанским“ („სანქციების ახალ პაკეტში მოხვედრილი რუსები ამ მოვლენას დაცინვით ხიზილალითა და შამპანურით აღნიშნავენ“) - „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდზე 2023 წლის 26 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა სტატია აღნიშნული სათაურით საინფორმაციო სააგენტოს არც რუსულენოვან და არც ინგლისურენოვან ვებგვერდებზე არ იძებნება. ამასთან ერთად, მოცემული შინაარსის წინადადება არც რადიო თავისუფლების ოფიციალურ Facebook-გვერდზე გვხვდება.

„FT: россияне попавшие в новый пакет санкций издевательски отмечают это событие икрой и шампанским“ - აღნიშნული ციტატის ძიებას მივყავართ ისეთ არასანდო რუსულენოვან ვებგვერდამდე, როგორიცაა dzen.ru.

მოცემული დეზინფორმაცია უკავშირდება 2023 წლის 25 თებერვალს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცებას. პაკეტი მოიცავს ექსპორტის უფრო მკაცრ შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების საქონელთან დაკავშირებით, ასევე სანქციებს ომის მხარდამჭერი, პროპაგანდის გამავრცელებელი და იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს დრონებს აწვდიან.

შესაბამისად, „რადიო თავისუფლების“ ვიზუალით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. მსგავსი შინაარსის სტატია არც „რადიო თავისუფლების“ და არც Financial Times-ის ვებგვერდებზე არ არის გამოქვეყნებული. Facebook-მომხმარებელი, რომელმაც აღნიშნული დეზინფორმაცია გაავრცელა, ყალბ ცნობებს წარსულშიც ხშირად აქვეყნებდა.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.