სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თვითმფრინავიდან გადმოსვლისას კიბეებზე ადამიანის დაგორების კადრები ჩანს. ვიდეოზე დაყრდნობით Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ყალბ მტკიცებას, თითქოს კადრები თვითმფრინავის კიბეზე ვარშავაში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის, დაგორებას ასახავს.
სინამდვილეში ადამიანი, რომლის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებს თვითმფრინავის ხომალდის უკანა კარიდან ეშვება, კიბეებზე კი მასთან ერთად თანმხლები ადამიანები ჩამოდიან.
სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ, მათ შორის ABCNews-ის, გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით კი ჯო ბაიდენი ხომალდიდან თანმხლები პირების გარეშე შეუფერხებლად გადმოვიდა.
The Buffalo News-ის მიერ გავრცელებული განსხვავებული რაკურსით გადაღებული კადრების მიხედვით, კი ასევე მტკიცდება, რომ ჯო ბაიდენმა, იმ ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც კიბეზე დაეცა, დაშვებისას თვითმფრინავის ხომალდის წინა კარი გამოიყენა.
ახალი ამბების ჟურნალ Newsweek-თან საუბარში თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ადამიანი, რომელიც კიბეებიდან ჩამოვარდა, არა პრეზიდენტი ბაიდენი, არამედ თეთრი სახლის პერსონალის წევრია.
ვიდეო და მასზე დაყრდნობით შექმნილი ყალბი ამბავი ფართოდ გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. აღნიშნულ მტკიცებას ამერიკული მედიასაშუალებები და ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და მისი სიყალბე დაადასტურეს. იხილეთ ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4.
-------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.