სოციალურ ქსელში ვრცელდება „ალტ-ინფოს“ მანიპულაციური მტკიცება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში აღიარეს, რომ ქვეყანა NATO-ს მითითებებს ასრულებს და სისხლს დასავლეთის ინტერესების გამო ღვრის.

აღნიშნულ მტკიცებას საფუძვლად უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის ინტერვიუ უდევს. რეზნიკოვმა 5 იანვარს უკრაინულ არხზე სატელევიზიო ინტერვიუში ნამდვილად განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ს მისიას ასრულებს, ომში უკრაინელი ჯარისკაცების სისხლი იღვრება, ხოლო ერთადერთი რასაც დასავლეთი უნდა აკეთებდეს - უკრაინისთვის საკმარისი რაოდენობის იარაღის მიწოდებაა.

რუსულმა პროპაგანდამ აღნიშნული რეზნიკოვის მხრიდან აღიარებად წარმოადგინა, რომ უკრაინა რეალურად აკეთებს არა იმას, რაც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არამედ რასაც ნატო და დასავლეთი კარნახობს.

თეზისი, თითქოს უკრაინაში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების ხელით რუსეთის წინააღმდეგ ნატო და კოლექტიური დასავლეთი ომობს, რუსული და პრორუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. რუსი და პრორუსი ჟურნალისტები და ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მოსკოვს არ ჰქონდა არანაირი აგრესიული გეგმები უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ დასავლეთი კონფლიქტის პროვოცირებას მუდმივად ცდილობდა, და საბოლოოდ რუსეთი მეზობელ ქვეყანაში სწორედ დასავლეთის იძულებით შეიჭრა.

ამ ვითარებაში უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარება რუსეთის მიერ ფასდება, როგორც „დასავლეთის მხრიდან ბოლო უკრაინელამდე ბრძოლის“ მზადყოფნის დემონსტრირება. რუსი და პრორუსი ქართველი პროპაგანდისტების თეზისები სწორედ ამ სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება უშუალოდ რეზნიკოვის განცხადებას - ის მოსკოვისთვის ხელსაყრელი კუთხით იქნა ინტერპრეტირებული და პრორუსული წყაროების მიერ მანიპულაციურად ვრცელდება.

კერძოდ, უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთზე ევროპის გრძელვადიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, და სწორედ ამიტომაც დასავლეთმა უნდა მიაწოდოს უკრაინას საკმარისი რაოდენობის იარაღი. ეს თეზისი ასევე გამოხატავს უკრაინის ხელისუფლების უკმაყოფილებას დასავლეთის მხრიდან არასაკმარისი და ზოგიერთ შემთხვევაში არაოპერატიული დახმარების გამო. მთლიანობაში აღნიშნული თეზისი შემდეგნაირად ჟღერს: „ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს უსაფრთხოებას, და თქვენ ვალდებულები ხართ მოგვაწოდოთ იარაღი“.

ამის შესახებ ინტერვიუში თავად რეზნიკოვმაც განაცხადა, თუმცა ციტატა კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, და ალექსეი რეზნიკოვის განცხადების მნიშვნელობას არასწორად წარმოაჩენს.

კერძოდ, რეზნიკოვის თქმით, თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, მისი შემდეგი სამიზნეები იქნებიან პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები. ანუ, მინისტრის პოზიციით, დღეისათვის უკრაინის და დასავლეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, და ამერიკამ და ევროპამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა გაზარდონ. მისი განცხადების იმგვარად წარმოჩენა თითქოს უკრაინა „უსიტყვოდ ასრულებს ნატო-ს მითითებებს“, და „მზადაა გაწიროს საკუთარი მოსახლეობა კოლექტიური დასავლეთის ინტერესების გამო“, მისი განცხადების არასწორი კონტექსტით გავრცელებაა.

გარდა ამისა, თეზისი, რომ დასავლეთი ცდილობდა ომში რუსეთის ჩათრევას, რეალობას არ შეესაბამება - პირიქით, ომის დაწყებამდე 3-4 თვით ადრე ამერიკა და ევროპა ყველანაირად ცდილობდნენ ომის თავიდან არიდებას. კერძოდ, დასავლეთი მოსკოვს უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული უთანხმოებების გადასაწყვეტად სპეციალურ შეთანხმებას სთავაზობდა.

გარდა ამისა, ჩატარდა მაღალი დონის რამდენიმე შეხვედრა, რომელზეც უკრაინაში შეჭრის თავიდან აცილების შესაძლებლობები განიხილებოდა, თუმცა, ეს ყველაფერი - უშედეგოდ დასრულდა და 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო.

---------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.